„ჯეო ჰოსპიტალსი“: პაციენტ ანზორ (გიორგი) დავითურის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება
„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მყოფი პაციენტის ანზორ (გიორგი) დავითურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღეა მკვეთრი დადებითი დინამიკით გამოირჩევა. ამის შესახებ ცენტრის ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში.
„პაციენტი იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, მდგომარეობა მძიმე რჩება. თუმცა, მეორე დღეა გამოიკვეთა მკაფიო დადებითი დინამიკა. პაციენტი აღარ სიცხიანობს, ლაბორატორიული და რენტგენოლოგიური მაჩვენებლები ცალსახად უმჯობესდება, ასევე ვენტილაციურმა პარამეტრებმა განიცადა მკაფიო დადებითი დინამიკა“, – აღნიშნა ნიკოლოზ ქარცივაძემ.
როგორც ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, შემთხვევა არის სპეციფიური, რადგან შშმ პაციენტს აქვს ფონური დაავადებები ეპილეფსია, ქცევის აშლილობა, მას არ შეეძლო საკუთარი ჩივილების იდენტიფიკაცია, რამაც თავიდანვე გაართულა დიაგნოზის დროული დასმა და მართვა. ამასთან, მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციიდან 12-14 საათში გართულდა. კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევით დადგინდა დიაგნოზი – მძიმე ორმხრივი პნევმონია. თუმცა, ჩატარდა შესაბამისი სტანდარტული ღონისძიებები, რასაც მოყვა დადებითი დინამიკა.
ნიკოლოზ ქარცივაძის განმარტებით, პოზიტიური და სწორი გადაწყვეტილება იყო სხვადასხვა სპეციალობის მაღალკვალიფიციური ექიმების კონსილიუმის შეკრება, რომელიც ჩვენი ინიციატივით და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით განხორციელდა.
„როდესაც რთულ სამედიცინო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მომიჯნავე სპეციალობის ექიმებთან, მაგალითად, როგორც ამ შემთხვევაში იყო, ინფექციონისტთან, ნევროლოგთან, კარდიოლოგთან, ერთად მსჯელობთ და ვუცვლით ერთმანეთს აზრს, რაც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება. ამ შემთხვევაშიც შეიკრიბა კონსილიუმი, შევაფასეთ მდგომარეობა. კონსილიუმის ყველა წევრი დაეთანხმა კლინიკის მიერ ჩატარებულ მკურნალობას და მკურნალობის მოქმედების სტრატეგიას, რომლის შედეგადაც მივიღეთ დადებითი დინამიკა“, – განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.