ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ახალი შენობა გადაეცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ახალი შენობა გადაეცა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ახლახან ჩამოყალიბდა და მას ზედამხედველობას საქართველოს მთავრობა უწევს. მთავრობის დახმარებით ფუნქციონირების ამ მოკლე პერიოდში უკვე მოხერხდა რამდენიმე პროექტის განხორციელება.
“მთავრობის მხრიდან გვერდით დგომის დასტურია დღევანდელი დღეც, სამსახურის განსათავსებლად გადმოგვეცა შენობა, სადაც შევძლებთ სრული დატვირთვით საქმიანობას ვეტერანთა პირობების გაუმჯობესებისთვის. ასევე ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ჩამოვაყალიბოთ და აქვე განვათავსოთ “ოფიცერთა კლუბი”, სადაც სისტემატურად მოვახდენთ ვეტერანთა ჯგუფებთან შეხვედრებს, აზრთა გაცვლას, პრობლემების განხილვასა და გადაჭრის გზების ძიებას. ასევე, ვგეგმავთ მოვიწვიოთ ანალოგიური საქმიანობით დაკავებული უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა შევისწავლოთ და გავიზიაროთ მათი გამოცდილება”, – განაცხადა ვეტერანთა სამსახურის უფროსმა გიორგი ფერაძემ.
უახლოეს პერიოდში სამსახური გეგმავს, ვეტერანის დღის დაწესებასთან დაკავშირებით მთავრობის წინაშე წინადადება წარადგინოს. თარიღის შერჩევაზე უკვე გამოკითხვა მიმდინარეობს.