დეკანოზის ადვოკატები: ჩვენი მოთხოვნაა, მამა გიორგის ზიარებაზე გადაწყვეტილება, უშუალოდ საპატრიარქომ მიიღოს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის, ადვოკატების მოთხოვნაა, რომ დეკანოზის ზიარების შესახებ გადაწყვეტილება, უშუალოდ საპატრიარქომ მიიღოს, გაიცეს ლოცვა-კურთხევა იმასთან დაკავშირებით, რომ მამა გიორგი აზიარონ, – ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატებმა, მიხეილ რამიშვილმა და გიორგი ფანცულაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ადვოკატები ამბობენ, რომ თუ კონკრეტული სასულიერო პირი მამა გიორგის აზიარებს, მას საპატრიარქოში დასჯიან. როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, არც გიორგი მამალაძეს და არც მის ოჯახს, არ სურს, რომ დეკანოზის ზიარების გამო, რომელიმე მღვდელი დაისაჯოს.
„ახალი არ არის, რომ 2 წლის განმავლობაში დეკანოზს არ აზიარებენ და ეს მოთხოვნა აქამდეც გვქონდა. დღეს თუ საპატრიარქოსთან არის ასეთი პროტესტის ფორმით მოთხოვნა, ამ ფორმით ჩვენ ეს თხოვნა არ დაგვიწყია. ამ მდგომარეობამდე რომ მივიდა სიტუაცია, პირველ რიგში, საპატრიარქოს ადმინისტრაციის დამსახურებაა. საპატრიარქოს განცხადებაა, რომ ცალკეულ სასულიერო პირს შეუძლია, დეკანოზი აზიაროს, რეალური ვითარება საერთოდ სხვა არის – კარგად იკითხება, რომ ასეთ სასულიერო პირებზე ხდება მათ მიერ პასუხისმგებლობის დაკისრება, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ საუბარია განცხადებაში, თუ რომელიმე სასულიერო პირი მას აზიარებს, ეს იქნება მისი პირადი პასუხისმგებლობა. ასეთ ურჩ მღვდლებს როგორ სჯიან საპატრიარქოში, ეს, ალბათ, ახალი არ არის. ოჯახის, ადვოკატების მოთხოვნაა, რომ უშუალოდ საპატრიარქომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება , გადაწყვეტილება მიღებული იქნას მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირების მიერ, გაიცეს ლოცვა-კურთხევა იმასთან დაკავშირებით, რომ დეკანოზი აზიარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს განცხადება არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ჩვენი, ოჯახის პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ საპატრიარქო არ აიღებს ამ პასუხისმგებლობას, არ იქნება გაცემული შესაბამისი ნებართვა, ლოცვა-კურთხევა, რომ აზიარონ დეკანოზი გიორგი მამალაძე.
2 წლის განმავლობაში საპატრიარქოს წარმომადგენლები თითქოს არ აღიარებდნენ იმას, რომ რომელიმე სასულიერო პირს აკრძალული ჰქონდა მამა გიორგისთან შესვლა, მაგრამ რეალურად იყო არაერთი მღვდელი, რომელსაც შესვლა უნდოდა, მაგრამ საშვს არ აძლევდნენ. ვინც ამ საშვის აღებას, ასე ვთქვათ, ცოტა მძლავრი და უხეში ფორმებით ცდილობდა, ასეთ მღვდლებს და ეპისკოპოსებს შემდეგ სჯიდნენ. ამის მაგალითია მეუფე პეტრე. მის ეპარქიას ქონება ჩამოართვეს, საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან გადააყენეს.
ოჯახის და დეკანოზის პოზიციაა, რომ არ უნდათ, რომელიმე მღვდელი დაისაჯოს იმიტომ, რომ ის აზიარა“,- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
ცნობისთვის, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მოღვაწე დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძის ზიარების სურვილი გამოთქვა. ის დეკანოზი მამალაძის სულიერი მოძღვარია.
ამის შესახებ დეკანოზმა გიგატაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა. ის ამბობს, რომ უკვე აქვს ამის შესახებ კურთხევა.
“როგორც მის მოძღვარს, აქამდეც მქონდა ამის სურვილი”, – განაცხადა დეკანოზმა.
2 დღის წინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ მსჯავრდებული დეკანოზის ზიარების საკითხზე განცხადება გაავრცელა.
“ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა”, – წერია განცხადებაში.
რამდენიმე დღეა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები საპატრიარქოსთან აქციას მართავენ. მათ საპატრიარქოსთან კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ დაკავებულ დეკანოზს ზიარების უფლება მიეცეს.
პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას აპირებდა და ამას ანგარებით აკეთებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება – ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.
2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები