26 მაისის კულტურული ღონისძიებების გრაფიკი
26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებები საქართველოს 12 ქალაქში აღინიშნება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან ცნობით, 26 მაისი წელს განსაკუთრებულად აღინიშნება. თბილისთან ერთად სადღესასწაულო ღონისძიებები 11 ქალაქში გაიმართება. კერძოდ, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, ამბროლაურში, მცხეთაში, თელავში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში და ბათუმში.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით, 2014 წლის 26 მაისი დიდი სახალხო ზეიმი იქნება, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა.
„12 ქალაქი ერთიანი სცენარით აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. გადაკეტილ პროსპექტებზე არსებული კაფე-ბარები სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვას მოაწყობენ; თბილისში პირველი გიმნაზიის წინ “ყვავილების ზეიმის” ღონისძიება მოეწყობა, ხოლო ოპერის წინ მხატვრები განლაგდებიან; პროსპექტზე პანტომიმისა და სხვადასხვა თეატრის მსახიობები ივლიან. მოძრაობის თეატრი მცირე პერფორმანსებს დადგამს. მთავარ გამზირზე ბავშვებისთვის გასართობი ცენტრებიც მოეწყობა. რუსთაველის გამზირზე განთავსდება სამინისტროების კარვები, რომლიბიც საინფორმაციო და გასართობი კუთხით იქნებიან წარმოდგენილი”, _ აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქში წარმოდგენილი იქნება 2 მთავარი სცენა: პარლამენტის წინ და ევროპის მოედანაზე, სადაც 12:00–21:00 საათამდე წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართება. ამავე სცენებზე გაიმართება 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების ფინალური კონცერტები, სადაც გამოვლენ ფოლკლორული ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები.
ამასთან მცხეთაში, სვეტიცხოვლის გალავანთან სცენა მოეწყობა, სადაც კონცერტი გაიმართება.
ქალაქებში სადღესასწაულო ღონისძიებების ბოლოს შესრულდება ჰიმნი და იქნება ფეიერვერკები.