ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების სიკეთე თითოეულ ადამიანს შეეხება
ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების სიკეთე თითოეულ ადამიანს შეეხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში განაცხადა.
პრემიერმა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
“სულ მალე ჩვენ ხელს მოვაწერთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის გზა ხალხის კეთილდღეობისკენ, ქვეყნის განვითარებისკენ. ეს სიკეთე შეეხება თითოეულ ადამიანს, თქვენ შეძლებთ ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას, რაც ძალიან დიდი შეღავათი იქნება თქვენთვის. ჩვენი ბიზნესმენები თავისუფლად შეძლებენ ევროპის ბაზარზე გასვლასაც. სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ბაზარზე კვლავ აღდგება ქართული პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, ხილის და კარტოფილის მიწოდება. ეს ჩვენი მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი გზა იმისა, რომ მოახდინონ თავიანთი პროდუქტის რეალიზება და მიიღონ მეტი შემოსავალი”, – მიმართა ახალციხელებს ირაკლი ღარიბაშვილმა.