პრემიერმინისტრი: “ბორჯომი” არის ჩვენი ერთ-ერთი სამარკო ნიშანი მთელ მსოფლიოში

     „ჩვენმა ხელისუფლებამ ვალდებულება აიღო, რომ იზრუნებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში გამგებლების წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას უკვე დაგეგმილი გვაქვს სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან კარგად იცის რა პრობლემები აწუხებს სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლებს.
“მე კარგად ვიცი, რა პრობლემები გაწუხებთ სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლებს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება – მივხედავთ გზებს, ხიდებს, მოვაგვარებთ წყლის პრობლემას, გავხსნით ამბულატორიებს. ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ იზრუნებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე. დღეს ყველა ადამიანი დაზღვეულია და მათი მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო აფინანსებს. ჯანდაცვასთან ერთად სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს განათლებაზე. განათლება სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველასთვის. ჩვენ ცოდნის მიღების საშუალებას ვაძლევთ მომავალ თაობას. დღეს თქვენს შორის არიან ისეთები, ვისთვისაც პრობლემად რჩება ქართული ენის – სახელმწიფო ენის არცოდნა. ჩვენ ვალდებული ვართ ხელი შეგიწყოთ, რომ თქვენ შეძლოთ ქართულად ლაპარაკი, შეძლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში სრულფასოვნად მონაწილეობა და სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამასთან ერთად, ჩვენთვის ისიც ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი მშობლიური ენის განვითარებას, და გპირდებით, ყოველმხრივ დავიცავთ მას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სოფლის მიხედვაა, რადგან ქვეყნის გაძლიერება სოფლის გაძლიერებით იწყება.
“თქვენ ძალიან კარგად იცით შრომის ფასი, და მე დარწმუნებული ვარ, დიდ წვლილს შეიტანთ იმ საქმეში, რასაც საქართველოს აღმშენებლობა ჰქვია.
თქვენს შრომისმოყვარეობაზე უკვე არაერთხელ თქმულა. ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობა ახალციხელების, ახალქალაქელების, ადიგენელების, ასპინძელების, ბორჯომელების გარეშე წარმოუდგენელია. ყველამ კარგად იცის ამ მიწისა და თქვენი მარჯვენის ფასი. ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, მივხედოთ სოფელს, რადგან ქვეყნის გაძლიერება სოფლის გაძლიერებით იწყება. ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს იაფი აგროკრედიტებით და უკვე ჩანს სასიკეთო ცვლილებები ამ მიმართულებით. მაგალითად, სოფელ წნისში, იაფი აგროსესხის დახმარებით შესაძლებელი გახდა, რომ მეურნეობა, რომელიც აქ რამდენიმე წელია არსებობს, კიდევ უფრო მყარად დამდგარიყო ფეხზე. იაფი სესხის ფარგლებში ჩვენ გვექნება პირველი მსხვილფეხა საქონლის საჯიშე მეურნეობა საქართველოში, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. მე ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ იაფი აგროკრედიტებით თქვენ მართლაც კარგი შესაძლებლობები გიჩნდებათ. სოფელში ხალხი ამოისუნთქავს, თავისი შრომით თვითონაც ნახავს სარგებელს და სხვასაც დაასაქმებს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, როგორც ირაკლი ღარბაშვილმა აღნიშნა, მისი ინიციატივით, 1-ლი ივნისიდან იწყება სახელმწიფო პროგრამა – ,,აწარმოე საქართველოში”.
“ეს გულისხმობს ყველა რეგიონში, შემდეგ კი ყველა რაიონსა და სოფელში ტრადიციული ადგილობრივი წარმოების აღდგენას და აღორძინებას. ეს, რა თქმა უნდა, გააჩენს სამუშაო ადგილებს და ხალხი დასაქმდება. ჩვენ გვექნება უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი პროდუქცია, რომელიც კონკურენციას გაუწევს უცხოურს და ყველასთვის საამაყო იქნება. ეს იყო ჩემი ოცნება და ბედნიერი ვარ, ეს რეალობა ხდება!”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ქვეყნაში ქმნის ისეთ პირობებს, რომ კერძო სექტორს განვითარების საშუალება მიეცეს.
“ბორჯომის” უნიკალური წყალი არა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის, არამედ მთელი საქართველოს სიმდიდრეა. “ბორჯომი” არის ჩვენი ერთ-ერთი სამარკო ნიშანი მთელ მსოფლიოში. სულ მალე საქართველოში გვექნება “ბორჯომის” განახლებული ქარხანა. ეს იმის შედეგია, რომ ჩვენ ვზრუნავთ ბიზნესისთვის სტაბილური გარემოს შექმნაზე. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის სამუშაო ადგილებს.
სამუშაო ადგილებს მთავრობა პიდაპირ არ ქმნის. ჩვენ ქვეყნაში ვქმნით ისეთ პირობებს, რომ კერძო სექტორს მიეცეს განვითარების საშუალება. განვითარებული კერძო სექტორი, ბიზნესი არის მთავარი დამსაქმებელი ყველა ნორმალურ ქვეყანაში.
ჩვენ გავათავისუფლეთ ბიზნესი სრულად სახელისუფლებო წნეხისგან. მოვაწესრიგეთ კანონმდებლობა. ასევე დავიწყეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც რეალურად კერძო სექტორისთვისაა მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები