პრემიერი: სამცხე-ჯავახეთში რეგიონიდან მსოფლიოში გასასვლელი უმოკლესი გზები იჭრება

   საქართველოს პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის მდებარეობა დღეს ჩვენს ქვეყანას სრულიად ახალ პერსპექტივებს უჩენს.
ახალციხეში პრემიერმა რეგიონის მერობის და გამგებლობის კანდიდატები წარადგინა და სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკურ პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.
“ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვდგავარ აქ, ამ ისტორიულ მიწაზე. ერთად ვდგავართ ქართველები და სომხები და ჩვენ ერთად ვაშენებთ ისეთ ქვეყანას, სადაც ცხოვრება ყველასთვის საამაყო უნდა იყოს. აქ, სამცხე-ჯავახეთში საუკუნეებია, ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. მაგრამ ეს განსხვავება ჩვენ ერთმანეთს კი არ გვაშორებს, პირიქით, ერთმანეთთან გვაახლოებს. ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მეგობრობას. სამცხე-ჯავახეთის მდებარეობა დღეს ჩვენს ქვეყანას სრულიად ახალ პერსპექტივებს უჩენს. ახლა აქ დიდი პროექტები ხორციელდება, საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები. ახლა აქ რეგიონიდან მსოფლიოში გასასვლელი უმოკლესი გზები იჭრება. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სარკინიგზო დერეფანი აქ გაივლის. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი არის უდიდესი პროექტი. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის რკინიგზის 180 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა. ამ პროექტით სამცხე-ჯავახეთს განვითარების დიდი საშუალება ეძლევა. აქ უკვე დასაქმდა ასობით ადამიანი და როცა რკინიგზა გაიხსნება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება. მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის რკინიგზის პროექტი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და ჩვენ მას დავამთავრებთ დაგეგმილ დროს. ჩვენ გვეძლევა ისტორიული შანსი, რომ რეგიონში გაცილებით გაიზარდოს საქართველოს როლი. ეს ძალიან დიდი ბიძგი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აქ, თქვენ მშობლიურ კუთხეში გაივლის და თურქეთის გავლით ბევრ ქვეყანასთან დააკავშირებს უკვე მთელ რეგიონს. ასეთი პროექტების განხორციელება მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს, ქვეყანას კი დიდ პერსპექტივებს გაუჩენს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განცხადებით, შემოდგომაზე კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნება.
“ეს იქნება თურქეთთან დამაკავშირებელი ახალი, ეფექტიანი დერეფანი. კარწახის საბაჟო ბევრად ახლოსაა თურქეთის დიდ ქალაქებთან. ეს იქნება კიდევ ერთი ძვირადღირებული პროექტი, რომლის განხორციელებით გაიზრდება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი და განვითარდება ეკონომიკა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები