ენერგეტიკის სამინისტრო კახა კალაძის მიერ 48 000 ლარიანი პრემიის აღებას უარყოფს

    საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო კახა კალაძის მიერ პრემიის სახით 48 000 ლარის აღების შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას კატეგორიულად უარყოფს.
სამინისტროს ინფორმაციით, კახა კალაძეს, ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, საბიუჯეტო სახსრებიდან პრემიის სახით არც ერთი ლარი არ მიუღია.
“ბოლო დღეებში სხვადასხვა მედიასაშუალებებში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ არაერთგზის გაიჟღერა, რომ ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს პრემიის სახით მიღებული აქვს 48 000 ლარი. გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ამ ინფორმაციას რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. კახა კალაძეს, ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე, საბიუჯეტო სახსრებიდან პრემიის სახით არც ერთი ლარი არ მიუღია. რაც შეეხება მინისტრის ხელფასს, ის მთლიანად ირიცხება სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებსა თუ ანგარიშებზე და მძიმე სნეულებებით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობას ხმარდება. რასაკვირველია, ეს ინფორმაცია არასდროს ოფიციალურად არ გაჟღერებულა ვინაიდან ქველმოქმედებას აფიშირება არ სჭირდება”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. უწყება დაინტერესებულ პირებს იმასაც შეახსენებს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში ამ ინფორმაციაზე წვდომა თავისუფალია. “ნებისმიერი ცრუ ინფორმაციის მედიით გაჟღერება მხოლოდ განმცხადებლის რეპუტაციას აყენებს ჩრდილს”, – აღნიშნულია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები