დავით ნარმანია: ეროვნული უმცირესობები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთვებიან

   კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მხარდამჭერთა დარბაზში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა.
ნარმანიამ წინასაარჩევნო პროგრამაში ეროვნული უმცირესობების საკითხთან დაკავშირებულ თემებზე გაამახვილა ყურადღება და მათგან რეკომენდაციებიც მოისმინა.
ეროვნული უმცირესობები წლების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ უყურადღებობაზე საუბრობენ და ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ.
„ჩვენ ვაძლიერებთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის კომპონენტს, აქედან გამომდინარე, ისინი რა თქმა უნდა, ჩაერთვებიან ამ პროცესში. ერთობლივად აუცილებლად შევძლებთ, რომ საარჩევნო პროგრამაც უფრო დახვეწილი გვქონდეს და სამომავლოდაც უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება და გაძლიერება, ცალკეული პრობლემების მოგვარება იქნება.
„საქართველო და მითუმეტეს თბილისი ყველაზე ტოლერანტული ქალაქია, ეროვნულ უმცირესობებს პირველ რიგში ენობრივი ბარიერისა და ინტეგრაციის პრობლემა აქვთ, ყველამ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს სახელმწიფოს მშენებლობაში ჩაერთონ“- განაცხადა პარლამენტის წევრმა თამაზ აბდალიანმა.
იეზიდთა კავშირის წარმომადგენელი აგიტ მირზოევი ფიქრობს, რომ მისასალმებელია, როცა მერობის კანდიდატები ხვდებიან სხვადასხვა თემებს, მათ შორის ეთნიკურ და ეროვნულ უმცირესობებს და მათგან რეკომენდაციებს ისმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები