ქვეყნის წარმატების ფორმულა ადამიანურ რესურსშია
სახელმწიფოს ლეგიტიმურობა პოლიტიკური წესრიგისა და სტაბილურობის საფუძველია. ლეგიტიმურობა ცენტრალურ როლს თამაშობს სუსტი, წარუმატებელი თუ პოსტკონფლიქტური სახელმწიფოს გაძლიერებაში. როდესაც მთავრობას ლეგიტიმურად თვლის ხალხი, ადგილი არ აქვს არც საპროტესტო აქციებს და არც საზოგადოების მღელვარებას.
ლეგიტიმურობა სპეფიციკური ფასეულობაა, რომელსაც მოქალაქეები აკუთვნებენ იმ პირს თუ ჯგუფს, რომელთა მიმართ გააჩნია მყარი რწმენა, განმტკიცებული ნდობა და მხარდაჭერის ნება. ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ განვითარებაზე. ასევე წარმოადგენს ეკონომიკური ზრდისა და ეფექტიანი მართვის მძლავრ მაჩვენებელს.
ლეგიტიმურობის შეფასებისათვის გამოიყოფა შემდეგი კრიტერიუმები: ქვეყანაში წარუმატებლობა რამდენ სფეროშია; ხელისუფლებას შეუძლია თუ არა დაიცვას თავისი საზღვრები; როგორია მოქალაქეთა უფლებების დაცვა; სახელმწიფო რამდენად აკმაყოფილებს საზოგადოების საჭიროებებს; როგორია ფასები და ვალუტის კურსი; რა სიდიდისაა მშპ-ის მოცულობა და ეკონომიკური მაჩვენებლები; როგორია მთავრობასა და მოქალაქეებს შორის დისტანცია; რამდენად „შორს მოძრაობს“ ხელისუფლება.
მოქალაქეებისაგან ლეგიმურობის მიღება შესაძლებელია შემდეგი გზით (weber):
- ტრადიციული ლეგიტიმურობა. როდესაც სოციო-კულტურული ისტორიული ევოლუციის შედეგმა მოიტანა სამართლიანი წესრიგი;
- რაციონალურ-სამართლებრივი ლეგიტიმურობა. ქვეყანაში ფართოდ აღიარებულია კონკრეტული წესების სისტემა, რომელიც მხარდაჭერილია კონსტიტუციით (მაგ.: როგორც აშშ-ია).
- ქარიზმატული ლეგიტიმურობა. როდესაც ქვეყანას ჰყავს აღიარებული ლიდერი.
მთავრობისადმი ნდობას დიდი მნიშვნელობა გააჩნია ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. თუ მოქალაქეების ნდობა მთავრობისადმი დაბალია, იზრდება ხელისუფლების კრიტიკა და მათდამი პროტესტი.
ხელისუფლების ლეგიტიმაცია მაშინ ქრება, როდესაც კორუფციის გარშემო კითხვები ჩნდება, როდესაც მმართველი ელიტა მარცხდება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან.
სუსტი ან უუნარო მდგომარეობა ვერასდროს გახდება მხარდაჭერის მიზეზი. ლეგიტიმაციის გარეშე სახელმწიფო განიცდის წარუმატებლობას. ასევე, წარუმატებლობას განიცდის ნაციონალური მშენებლობის პროექტები, სტაბილურობის პროგრამები და პოსტკონფლიქტური მდგომარეობის რეკონსტრუქცია. ამასთან, ლეგიტიმაციის ზრდასთან ერთად, ასეთი რისკები იკლებს.
კვლევები ადასტურებს, რომ კანონიერად არჩეული ხელისუფლებაც შეიძლება სუსტი ლეგიტიმაციის იყოს, რადგან ლეგიტიმურობას „ტექნიკური საკითხები“ არ განსაზღვრავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ სუსტი ლეგიტიმაციის ზრდაც რისკიანია. როდესაც „ხელოვნურად“ ზრდიან სუსტ ლეგიტიმაციას, ავტომატურად იზრდება რევოლუციური განწყობაც. ასეთი განწყობის პრევენციას მოსდევს ან სრული პოლიტიკური ცვლილება ან ადგილი აქვს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ერთპიროვნული მართვის ფორმირებას.
საქართველოში, ხელისუფლების ლეგიტიმაციას განსაკუთრებით ასუსტებენ მმართველობით რგოლში მყოფი პირები, რომელთაც ათწლეულებია მოცული აქვთ მხოლოდ „საკუთარი კაბინეტი“ და მიღწევების მაქსიმუმი არის მხოლოდ “ქაოსში მართვა”. მათი მართვის რესურსი მწირია, ორგანიზატორობა სუსტი, ხოლო ინსტრუმენტები დაბლაგვებული. მართალია, თანამდებობაზე ყოფნა მათ „პოპულარობას უნარჩუნებს“, თუმცა საზოგადოება კარგად ათვითცნობიერებს, რომ სუსტი ორგანიზატორობის პირობებში ქვეყანა ვერ განახლდება, ხოლო მათზე დახარჯული საბიუჯეტო სახსრები კი ფუჭი და არაფრისმომცემი იქნება.
ჯამში აღვნიშნავ, რომ ლეგიტიმურობის ზრდისათვის:
- დაცული უნდა იყოს ხალხის ძირითადი უფლებები. განმტკიცებული იქნას აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების დაცულობა. ხოლო ცილისწამების წინააღმდეგ პრევენციის ღონისძიებები არ უნდა მოექცეს სისტემურ ცენზურასა და „პოლიტიკურ სარჩულში“;
- უზრუნველყოფილი უნდა იქნას დემოკრატიული პოლიტიკური სისტემისათვის დამახასიათებელი პრინციპები;
- გარანტირებული უნდა იყოს კანონის უზენაესობა და პოლიტიკურ პროცესებში ფართო ჩართულობა. შეცვლილი იქნას დამთრგუნველი პოლიტიკა და მმართველობა;
- ათვისებული უნდა იქნას ორგანიზატორული უნარ-ჩვევებით გამორჩეული პირები. ქვეყანას ორგანიზატორები, ხოლო დარგებს ახალი ლიდერები სჭირდება.
და ბოლოს, ქვეყნის წარმატების ფორმულა ადამიანურ რესურსშია. ქვეყნის განვითარების ერთადერთი რეცეპტი არის ეფექტიანი ორგანიზატორები, პროდუქტიული მმართველობა და ქარიზმატული პოლიტიკური მოცემულობა. მხოლოდ მათი განახლების მოცემულობის პირობებში გაიზრდება მოქალაქეების, ადგილობრივი თუ უცხოური ბიზნესსუბიექტების შემოსავლები. არსებულ ფონზე, აქცენტები უნდა გაკეთდეს ქარიზმატულ და ენერგიულ პირებზე.
ეკონომიკის დოქტორი,
პროფესორი რატი აბულაძე