NDI-ს გამოკითხვები ქართულ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით
NDI-ს მიერ გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ „რუსთავი 2“ ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, 37% ფიქრობს, რომ ზოგჯერ ავრცელებს დეზინფორმაციას; 12%-ის აზრით კი, „რუსთავი 2“ არასდროს ავრცელებს დეზინფორმაციას; 26%-მა არ იცის, 1%-მა კი უარი თქვა პასუხზე, ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაშია ნათქვამი.
რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, გამოკითხულთა 10% ამბობს, რომ „იმედი“ ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, 46% – ზოგჯერ, 17% – არასდროს, 26%-მა არ იცის, 1%-მა კი უარი თქვა პასუხზე.
კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, გამოკითხულთა 66% „იმედის“ მაყურებელია.
კვლევის მიხედვით, 61% უყურებს „რუსთავი 2“-ს, „TV პირველს“ – 39%, საზოგადოებრივ მაუწყებელს – 34%, „მაესტროს“ – 22%, „ობიექტივს“ – 22%, „კავკასიას“ – 17%, „აჭარის ტელევიზიას“ – 17%, „პალიტრა
TV-ის“ – 17%.
კითხვაზე: „რამდენად ენდობით ან არ ენდობით მიმდინარე მოვლენებისა და ახალი ამბების გაშუქებას შემდეგ სატელევიზიო არხებზე“, გამოკითხულთა 5% ამბობს, რომ „სრულად ენდობა“ ტელეიმედის ინფორმაციას, 21% – ენდობა, 44% – ნეიტრალურია, 14% – არ ენდობა, 6% – საერთოდ არ ენდობა, 10%-მა – არ იცის.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) კვლევის საველე სამუშაო, საქართველოს მასშტაბით, 6-20 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა და პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 205 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.
NDI-ს საქართველოს ოფისი 2010 წლიდან ახორციელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პროგრამას. ამ კომპონენტის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებისა და გაზიარების გზით, მოქალაქეების პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდა.
