ტექდათვალიერების შედეგები: ზოგიერთი მძღოლი საბურავებს დროებით ცვლის, ასევე მანქანის სხვა ნაწილებსაც ანაცვლებენ

ავტომობილების პერიოდული ინსპექტირების ცენტრებში ტექდათვალიერების გასავლელად რიგებია, – ამის შესახებ ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა, ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტექდათვალიერებაგაუვლელი ავტომობილების დაჯარიმების პროცესში ე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვის შემდეგ, ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა 5-ჯერ არის გაზრდილი.
იზორიამ ტექდათვალიერების რეფორმის მიმდინარეობა შეაფასა.
„ძალიან კარგია, რომ ეს რეფორმა ხორციელდება.  აუცილებელია, ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, განსაკუთრებით, ორი მნიშვნელობით, ერთია უსაფრთხოება გადაადგილების დროს და მეორე – ჰაერის დაბინძურების პრობლემა. პირველი იანვრიდან მსუბუქ ავტომობილებზე დაიწყო ტექდათვალიერება. მომართვიანობა შედარებით ნაკლები იყო თავიდან, ვიდრე ჭკვიანი კამერები ამოქმედდებოდა, საქართველოს მასშტაბით, პირველი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, დაახლოებით, 2500-მდე ჯარიმა დაიწერა, ეს რაც საპატრულო პოლიციამ გააჩერა ავტომობილი და შემდგომ მოახდინა იდენტიფიცირება – ჰქონდა, თუ არა მას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი. 14 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც ჭკვიანი კამერები ამოქმედდა, დაახლოებით, 4 დღის განმავლობაში დაიწერა 6500-მდე ჯარიმა. ანუ გაზრდილია აღსრულების მექანიზმი საპატრულო პოლიციის მხრიდან .

რაც შეეხება პროცესს – თავიდან მიმართვიანობა არ იყო, თუმცა იმის გამო, რომ ჭკვიანი კამერები ამოქმედდა, მიმართვიანობა 5-ჯერ არის გაზრდილი ცენტრებთან. ამან დაბნეულობაც გამოიწვია. მძღოლები აღარ უკვირდებიან, როდის აქვთ გასავლელი ტექდათვალიერება, ზოგი უფრო ადრე მივიდა ვიდრე უწევდა, შესაბამისად, შეიქმნა რიგები. ბევრ მძღოლს არ აქვს ინფორმაცია თუ როგორ უნდა გაიაროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, მათ შეუძლიათ, დარეკონ ცხელ ხაზზე: 14 84-ზე. ასევე, არის ვებგევრდი pti.ge, სადაც შეუძლიათ, მოიძიონ ინფორმაცია იმაზე, თუ რომელი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრია მათთან ახლოს, დარეკონ, დაჯავშნონ ადგილები და გაიარონ ტექდათვალიერება. რადგან ასე არ ხდება, იქმნება რიგები ცენტრებთან და ხელი ეშლებათ იმ ადამიანებს, ვისაც უკვე დაჯავშნილი აქვთ ადგილები.
ვიცით, რომ ტექნიკურ მახასიათებლებზე ხდება კონტროლი, თუმცა არის გარკვეული მოსაზრებები, რომ გარკვეული კატეგორიის მძღოლები საბურავებს დროებით ცვლიან და სხვა საბურავებით მიდიან ტექდათვალიერების გასავლელად, ან ავტომობილის გარკვეულ ნაწილებს ანაცვლებენ, რაც ძალიან ცუდია.
ვიცით, რომ ტექდათვალიერება წელიწადში ერთხელაა სავალდებულო, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტომობილი თუ ერთხელ გაივლის ტექნიკურ ინსპექტირებას, ის აბსოლუტურად გამართულია, ეს ასე არ არის. შეიძლება, ავტომობილი მწყობრიდან რამდენიმე დღეში გამოვიდეს, ამიტომ თავად მძღოლი უნდა იყოს დაინტერესდებული თავისი ავტომობილი იყოს გამართული და უსაფრთხოდ გადაადგილდეს“-, განაცხადა იზორიამ.
ცნობისთვის, პირველი იანვრიდან ტექდათვალიერება ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 200 ლარით ჯარიმდებიან. ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში მძღოლები ყოველ 30 დღეში დაჯარიმდებიან.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 იანვრიდან ე.წ ჭკვიანი კამერების მიერ ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები