პრემიერმა წყალბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლების მოპოვება მიულოცა
„გახდი წყალბურთის მხარდამჭერი“ – ამ ლოზუნგით დღეს წყალბურთის განვითარების ფონდის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაურმა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლების მოპოვება მიულოცა. მან გამარჯვება უსურვა სპორტსმენებს და გამოთქვა იმედი, რომ წარმატებული ასპარეზობით ისინი საქართველოს გაახარებენ.
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული წყალბურთის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია სპორტული წარმატების მიღწევა.
„სახელმწიფოს რამდენადაც შეუძლია გვერდში უდგას სპორტს, მაგრამ სამწუხაროდ დღეს მარტო სახელმწიფოს მხარდაჭერა საკმარისი არ არის. სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთობლივად უნდა იზრუნონ იმისათვის, რომ სპორტის ეს სახეობა განვითარდეს და ჩვენს წყალბურთელებს შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურა ჰქონდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი სტიმული იქნება ამ ტრადიციული და ლამაზი სპორტის აქტიური ხელშეწყობისა და მისი გრძელვადიანი მხარდაჭერისათვის,“–განაცხადა პრემიერმა.
მანვე მოუწოდა წყალბურთის გულშემატკივრებს, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლებს ქართული წყალბურთის მხარდაჭერისკენ.