უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია – “რუსული სამყაროს” იდეის ჩამონგრევის დასაწყისი, რა იქნება შემდეგ?

15 დეკემბერი.  უკრაინის პრეზიდენტმა კიევის ცენტში, სოფიას ტაძრის წინ შეკრებილ მრევლს ისტორიული  გადაწყვეტილება ამცნო  – საეკლესიო კრებამ უკრაინა დამოუკიდებელ მართლმადიდებელ ეკლესიად ცნო!

მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის ინიციატივით გამართულ გამაერთიანებელ კრებას პეტრო პოროშენკოსთან ერთად, უკრაინის მთავარეპისკოპოსი ფილარეტი ესწრებოდა.

კრებას, ასევე, სამი ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აქედან ორი – კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია – კრებაზე მღვდელმთავრების სრული შემადგენლობით მივიდა. მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი ეკლესიიდან კი კრებას მხოლოდ რამდენიმე ეპისკოპოსი ესწრებოდა.

კრებაში მონაწილეობა მღვდლებმა და საერო პირებმაც მიიღეს. ჯამში, კრებას, სულ 192 ადამიანი დაესწრო, მათ შორის, 64 ეპისკოპოსი, 64 მღვდელი და 64 საერო პირი.

სოფიას ეკლესიის წინ შეკრებილი რამდენიმე ათასი ადამიანი, პოროშენკოს  მიმართვას აღფრთოვანებით შეხვდა. ამავე დღეს, დაამტკიცეს ახალი საეკლესიო წესდება, რომლის თანახმადაც, უკრაინის ეკლესიის წმინდა სინოდს 12 წევრი ეყოლება.

გამაერთიანებელ კრებაზე ახალ წინამძღოლად  ფარული კენჭისყრით პერიასლოვისა და ბილოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე  აირჩიეს. იგი 39 წლის არის და ერისკაცობაში მისი სახელი სერგეი დუმენკო იყო.

ცნობილია, რომ ახალი მწყემსმთავარი  უფრო ადრე ახალი კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი იყო და ამავე ეკლესიის პატრიარქის, ფილარეტის მხარდაჭერით სარგებლობდა.  ამასთან,  მიტროპოლიტი ეპიფანე კიევის მართლმადიდებლურ-თეოლოგიურ აკადემიაში ღვთისმეტყველებისა და ფილოლოგიის დისციპლინების პროფესორია.

გადაწყვეტილება მიღებულია. 6 იანვარს მიტროპოლიტი  სტამბოლში გაემგზავრება, სადაც კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი მას ავტოკეფალიის ტომოსს გადასცემს და სწორედ ეს გაერთიანებული ეკლესია იქნება აღიარებული მსოფლიო საპატრიარქოს მიერ.

კრების თანახმად,  უკრაინაში არსებული ტაძრები მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციიდან გამოვიდა.

ადგილობრივი მედია, ასევე წერს, რომ  ტაძრები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზეა,  უკრაინის ეკლესიის საკუთრება გახდება.

„ქონება, რომელიც ამ ქვეყნის ტერიტორიაზეა, ეკუთვნის ამ ქვეყნის კანონიკურ ეკლესიას – ახლადგამოცხადებულ უკრაინის ეკლესიას“, – წერენ უკრაინულ მედიაში.

ასე რომ, კონსტანტინოპოლმა უკრაინის ახალი ეკლესია ოფიციალურად უკვე  აღიარა და ის ევქარისტულ კავშირში მოიხსენია.

მსოფლიო საპატრიარქომ კიევის საპატრიარქოს კანონიკურობის შესაძლებლობა ჯერ კიდევ ოქტომბერში, სტამბულში ჩატარებული ლიტურგიის დასრულების შემდეგ  გაახმოვანა, როდესაც პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ “უკრაინის უფლებაა, მიიღოს ავტოკეფალია. ისე, კონსტანტინოპოლს აქვს უფლება, მიანიჭოს ის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიებს“.  ამით მან უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

პატრიარქმა ბართლომემ, ასევე ბრძანა, რომ უკრაინაში მის მიერ განხორციელებული ქმედებები ათწლეულების განმავლობაში ეკლესიებს შორის გაჩენილი ბზარის გამთელებას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ,  უკრაინული საზოგადოების გამთლიანებას ხელს შეუწყობს და საეკლესიო მრევლის რიგებში იმ მილიონობით უკრაინელის  დაბრუნებას უზრუნველყოფს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ შესაძლებლობას მოკლებული იყვნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნულ ფაქტს  მოსკოვის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა.  რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში უკვე განაცხადეს, რომ „ასეთმა ქმედებებმა, შესაძლებელია, ეკლესიის გაყოფა გამოიწვიოს“. მათ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტეს. მოსკოვის ეკლესიამ პატრიარქ ბართლომეს ლოცვებში მოხსენიებაც კი შეწყვიტა.

„კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ,  უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია  მიანიჭოს, შესაძლოა, სისხლისღვრა და ძალადობა გამოიწვიოს“, –  ასე გამოეხმაურა   ისტორიულ მოვლენას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, აღმოსავლეთ ამერიკისა და ნიუ-იორკის მიტროპოლიტი ილარიონი.

„ეს არის კონსტანტინეპოლის, ე.წ. მსოფლიოს პატრიარქის სავსებით არაკანონიკური ქმედება, რომელიც ყველანაირ საეკლესიო წესს არღვევს. მისი ქმედება უკრაინაში მორწმუნეებს შორის არსებულ დაპირისპირებას მხოლოდ გააღრმავებს. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს არის უკრაინისა და რუსეთის ერების კიდევ უფრო დაშორების პოლიტიკური გზა“, – განაცხადა მღვდელთმსახურმა.

მან კონსტანტინეპოლის პატრიარქს  უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა.

სხვათა შორის, რუსეთის საპატრიარქომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიის 2  ეპისკოპოსი, რომლებიც 15 დეკემბერს საერთო კრებას დაესწრნენ, სქიზმატებად გამოაცხადა. საგანგებო სინოდის სხდომაზე მათ მღვდელმთავრობა ჩამოართვეს და მსახურება აუკრძალეს.

მოსკოვის სინოდმა მსგავსი გადაწყვეტილება სხვა სასულიერო პირებთან მიმართებაშიც მიიღო –  გამაერთიანებელ კრებაში მონაწილე ყველა პირმა მიტროპოლიტების ბედი გაიზიარა.

ფაქტია, მოსკოვის საპატრიარქოს ზეწოლის შედეგად, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარება დღემდე, ვერცერთმა საპატრიარქომ ვერ გაბედა.

რა იქნება შემდეგ?

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის რუსული ორბიტიდან გასვლით, რუსეთი დიდი ალბათობით, უკრაინის მართლმადიდებელი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილზე გავლენას დაკარგავს, რაც, თავის მხრივ, მოსკოვს შეასუსტებს. ასევე, შესუსტდება მისი პოტენციალი ეკლესიის საკუთარი საზიანო მიზნებით გამოყენების თვალსაზრისითაც.

კრემლის მიერ ცოტა ხნის წინ გაჟღერებული განცხადებებიდან გამომდინარე, რუსეთი შეეცდება ზეწოლა მოახდინოს სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებზე, რათა უარყოს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა. ამის საფუძვლად კი  განაცხადოს, რომ მსოფლიო პატრიარქს გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღების  ძალაუფლება არ გააჩნია, რომ მას არ შეუძლია სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების შიდა საქმეებში ჩარევა მათი  და ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრების თანხმობის გარეშე.

ამრიგად,  რუსეთი, სავარაუდოდ, თვლის, რომ  სხვა ეკლესიების მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს, ის ცდილობს, სათავისოდ გამოიყენოს მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ „მსოფლიო პატრიარქის ძალაუფლება იზრდება და ის იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც, შესაძლოა, მიუღებელი აღმოჩნდეს სხვა ეკლესიების ლიდერებისთვის“.

ამის დასტური ბოლო დროინდელი მოვლენებია. 2018 წლის აპრილის შემდეგ, უკრაინის საკითხზე მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა აღმოსავლეთის პატრიარქებთან რამდენიმე ტურნე მოაწყო.  ის 15 ნოემბერს ალექსანდრიის ეკლესიას სტუმრობდა,  17 ნოემბერს – ანტიოქიას, 19 ნოემბერს – კვიპროსს.

ცნობილი ხდება, რომ 29 ნოემბერს მოსკოვის საპატრიარქომ  ანტიოქიის საპატრიარქოს სირიის ომისას დანგრეული ტაძრების აღსადგენად  ფულადი დახმარებაც კი გაუგზავნა, მოსკოვის საპატრიარქოს თანამშრომლები 7 ნოემბერს ბულგარეთის ეკლესიას,  15 ნოემბერს ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიებს,  ხოლო 23 ნოემბერს ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას სტუმრობდნენ.

ვიცით, რომ მიმდინარე  წლის 10 დეკემბერს მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი თბილისშიც ჩამობრძანდა.

ვიზიტის ოფიციალურ მიზეზად მოსკოვის საპატრიარქომ  საქართველოს საპატროარქოსთვის  წმ. აღმსარებლის, იღუმენ თამარ მარჯანიშვილის წმინდა ნაწილების ჩამოსვენება  დაასახელა, თუმცა, თავიდანვე ცხადი იყო, რომ რუსული ეკლესიის მიზანი მხოლოდ წმინდა ნაწილების ჩამოსვენება არ უნდა ყოფილიყო.
მართლაც, საქართველოს საპატრიარქომ, ოფიციალური საიტის მეშვეობით, მრევლს მალევე შეატყობინა,  მიტროპოლიტის სტუმრობის  ნამდვილი მიზეზი.

საპატრიარქოს  განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ  „გამართულ შეხვედრაზე მეუფე ილარიონმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის პრობლემების გამო და საქართველოს ეკლესიას გადმოსცა საბუთები, სადაც დაფიქსირებულია რუსეთის ეკლესიის პოზიცია”.

„სანამ არ მოხდება საკითხის შესწავლა და საკითხში ჩართული ეკლესიების მხრიდან პოზიციათა საბოლოო დაფიქსირება და მათი სინოდალური განხილვა, მანამდე, საქართველოს ეკლესია თავს შეიკავებს შეფასებისგან“, – ასე უპასუხა რუს იერარქს საქართველოს საპატრიარქომ.

სხვათა შორის, “აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ” მოსკოვს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. გავრცელებულ განცხადებაში მღვდელი აპლია თავის თანამოაზრეებთან ერთად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უცხო საპატრიარქოს ტერიტორიაზე შეჭრაშიც ადანაშაულებს,  ასევე, ბრალს სდებს საეკლესიო კანონების უგულებელყოფასა და მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობის პრინციპების დარღვევაში. იგი  დაუშვებლად მიიჩნევს უკრაინის ავტოკეფალიას. ადანაშაულებს მსოფლიო პატრიარქს იმ ყველაფერში, რასაც მოსკოვის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, სწორედ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, თავად ახორციელებს.

არავინ იცის, შეძლებს თუ არა მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების  მხარდაჭერის მოპოვებას, ერთი კი ცხადია, მოვლენების ასეთი განვითარებიდან, რუსეთი ვეღარ შეძლებს ისტორიის შემობრუნებას.

უკანასკნელ 200 წელს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ იმპერიების ნგრევას ეროვნული სახელმწიფოების და ეროვნული ეკლესიების აღმოცენება მოჰყვა. უკრაინა  ერთ-ერთი ყველაზე დიდი მართლმადიდებელი მრევლის მქონე ქვეყანაა, რომლის ეკლესიაც დღემდე ბევრი უკრაინელისთვის არ იყო დამოუკიდებელი.

დამოუკიდებელი ეკლესია, ეროვნული ღირსების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. ის ასახავს ქვეყნის ეროვნულ ისტორიას, კულტურას და ენას.  ამასთან, საზოგადოებას  ევროპის ქვეყნების ოჯახის წევრობის განცდას უჩენს.

სწორედ ამიტომ,  დღეს უკრაინის მართლმადიდებელი მოქალაქეების უმრავლესობის სურვილით  მოხდა ის, რაც მოხდა!

ახლა კი, სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს გააჩნიათ უნიკალური შესაძლებლობა, მხარი დაუჭირონ  კიევს იმ ძალისხმევაში, რომელიც უკრაინის ევროპის წევრობას ხელს შეუწყობს.

საკუთარი დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიით ევროპაში ინტეგრაცია მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევროპის მართლმადიდებელ მრევლს და გამოაჩენს მის უნიკალურ და მნიშვნელოვან წვლილს ევროპის განვითარების კუთხით.

 უკრაინის რელიგიური კულტურა და მისი წარმატებები რელიგიური პლურალიზმის მხარდაჭერისა და  რელიგიათშორისი დიალოგის დამყარების  თვალსაზრისით, უკრაინის ძლიერ მხარეებს წარმოადგენს.

უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის მიერ რელიგიური თავისუფლებისადმი პატივისცემის ხაზგასმით, ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ, კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ ნებისმიერი მრევლი  საკუთარ საეკლესიო კუთვნილებას თავად გადაწყვეტს.

რაც შეეხება მოსკოვს, მიუხედავად მისი მცდელობებისა, მოეპოვებინა პირველობა მართლმადიდებელ სამყაროში, მისი ქმედებები ნამდვილად არ ჰგავდა ლიდერის ქმედებებს. რუსეთი გამუდმებით ცდილობდა ბზარების გაზრდას და კონფლიქტიდან სარგებელის მიღებას. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო პატრიარქი კონფლიქტის იდენთიფიცირებისა და მისი ანალიზის შემდეგ, ყველანაირად შეეცადა დაპირისპირება შეემცირებინა.

ჩანს, რომ მიტროპოლიტ ბართლომეს მიზანია, ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას უკრაინელი ხალხის ეროვნული ღირსების აღიარებისა და პატივისცემის გზით, ქვეყნის  მდიდარი ისტორიის წარმოჩენით.

მსოფლიო პატრიარქი მართლმადიდებელ ქრისტიანთა რიგებში კვლავინდებურად სარგებლობს ისტორიული სტატუსით – „პირველი თანასწორთა შორის“ და ეს მისმა პრინციპულმა ნაბიჯებმა, უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გაამყარა!

ჩვენ კი, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, კრემლისთვის მთავარი გეოპოლიტიკური იარაღის წართმევა და  „რუსული სამყაროს“ იდეის ჩამონგრევის დასაწყისია, უფრო სწორად კი – პუტინის ძალაუფლების რყევა.

მოსკოვი კი, რომელმაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა ძალიან მტკივნეულად მიიღო,  კვლავ ნაცად და ნაცნობ ხერხებს იყენებს – როგორც ამბობენ, 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ სამ უკრაინულ გემზე შეიარაღებული თავდასხმა სწორედ  უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე მოვლენების გამოძახილი იყო.  დღეს ცოტას თუ სჯერა, რომ  შავ ზღვაში გამწვავებული მოვლენები  უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის განხილვას უბრალოდ დაემთხვა.

ის ხისტი,  აგრესიული და უტიფარი მეთოდებია, რითაც პუტინი მსოფლიოს ბოლო ათწლეულია აშანტაჟებს და ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიოს პოლიტიკური ისტებლიშმენტისგან განსხვავებით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე მეტად გაბედული აღმოჩნდა –  სწორედ კონსტანტინოპოლის პრინციპულმა პოზიციამ განაპირობა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა,  რასაც გადაწყვეტილების მიღებამდე, საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი წარმოუდგენლადაც კი  მიიჩნევდა.

მაინც, როგორი იქნება პუტინის შემდეგი ნაბიჯი?

ადვილად სავარაუდოა, რომ უკრაინის ავტოკეფალიას კრემლი ასე იოლად არ დათმობს და თუკი საერთაშორისო პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა  კონსტანტინოპოლის მსგავსი პრინციპულობა არ გამოიჩინა, რუსეთის მიერ დაწყებული „სრუტეების ომი“ მხოლოდ დასაწყისი იქნება. რომლის „გაგრძელების“  რბილად, რომ ვთქვათ, არასახარბიელო პერსპექტივა არსებობს.

აქ აღარაფერს ვამბობ,  „ფინალზე“,  რომელიც პუტინის აგრესიული პოლიტიკის საპასუხო „უმოქმედობის“ შედეგად აუცილებლად  დადგება და ადვილი წარმოსადგენია,  რას მოუტანს ის  მსოფლიო გლობალურ პოლიტიკას.  რუსეთის პრეზიდენტის „განსაკუთრებულ პოლიტიკურ უნარებს“ კი ყველა  კარგად ვიცნობთ.

ავტორი: მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები