ქერჩის სრუტე – მსოფლიოს ახალი თავისტკივილი და კრემლის მორიგი აგრესიის ანატომია
2018 წლის 25 ნოემბერი, ინციდენტი ქერჩის სრუტეში – რუსეთის შეიარაღებული ძალები ცეცხლს უხსნიან 3 უკრაინულ ხომალდს, რის შედეგადაც, 6 მეზღვაური დაიჭრა, კრემლის დავალებით, აპატიმრებენ 24 უკრაინელ მეზღვაურს. მათ ბრალად რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას უყენებენ, რაც 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
უკრაინის ფლოტს მარიუპოლის პორტზე წვდომა ეზღუდება.
კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდა, რის შესახებაც რუსული მხარე ინფორმირებული იყო. მოსკოვი კი ირწმუნება, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. ვლადიმერ პუტინი მომხდარს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციად აფასებს.
კრემლის აგრესიის საპასუხოდ, მწვავდება სიტუაცია რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში, სადაც რადა 30-დღიან საომარ მდგომარეობას აცხადებს. ეს რეგიონებია: ვინიცის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ხერსონის და აზოვი-ქერჩის აკვატორიის ოლქები.
ინციდენტმა მსოფლიო პოლიტიკური წრეები კიდევ ერთხელ აღაშფოთა. თითქმის ყველა აღიარებს, რომ რუსეთმა გლობალური წესრიგი კვლავ დაარღვია და ფაქტს კრემლის აგრესიის მორიგ საზარელ ქმედებად აფასებს. თითქმის ყველა თანხმდება, რომ მოსკოვის ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის ორ მთავარ კანონს უხეშად არღვევს: პირველი, გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის თანახმად, შავი ზღვა ტრანზიტისთვის თავისუფალია, ყირიმი ეკუთვნის უკრაინას და მეორე, 2003 წლის რუსეთ-უკრაინის შეთანხმების თანახმად, ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვაში როგორც რუსეთის, ისე უკრაინის სახელმწიფოს აქვს შეუფერხებლად გადაადგილების უფლება.
თუმცა, ოფიციალური მოსკოვი არცერთ კანონს არაფრად აგდებს და კვლავ უტიფარი მეთოდებით ცდილობს, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს, მაშინაც კი, როდესაც მტკიცებულებები საპირისპიროზე მეტყველებს.
რა თქმა უნდა, დღეს სადავო არც ის არის, რომ აზოვის ზღვის ინციდენტი ვერ განხორციელდებოდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი ეშელონების პირდაპირი თანხმობის გარეშე…
ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს კრემლის აგრესიის უწყვეტი ესკალაციის კიდევ ერთი გათვლილი ნაბიჯია. ეს იმ ფონზე, როდესაც კარგად ვიცით, რომ ამ პროცესს წინაპირობაც ჰქონდა – ძნელი მისახვედრი არ არის, რომ აზოვის ზღვის ინციდენტი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. მისი ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ქერჩის ხიდის უკანონო მშენებლობაა, რის გამოც, უკრაინას საზღვაო მიმოსვლა შეეზღუდა და მარიუპოლისა და ბერდიანსკის სავაჭრო პორტებმა დიდი ფინანსური ზარალი ნახეს. გვახსოვს, ამ ფაქტის გამო, ოფიციალურმა კიევმა, ჯერ კიდევ, 2017 წელს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა, თუმცა, არც უკრაინის ხელისუფლების მწვავე პროტესტს და არც საერთაშორისო პოლიტიკურ ზეწოლას ქერჩის და ყირიმის ნახევარკუნძულების დამაკავშირებელი 19-კილომეტრიანი ხიდის მშენებლობა არ შეუჩერებია.
ცხადია, პუტინის მიზანი ყირიმზე კრემლის გავლენების საბოლოოდ გამყარება და უკრაინის რუსეთზე დამოკიდებულების კიდევ უფრო გაზრდაა.
ამჯერად აღნიშნულის მიღწევას რუსეთი იმით ცდილობს, რომ უკრაინას აზოვის ზღვაზე კანონიერ წვდომაზე უარი უთხრას. ეს, თავის მხრივ, უკრაინის მიერ მარიუპოლის აღმოსავლეთ პორტზე წვდომის არარსებობასაც გამოიწვევს.
სიტუაცია რთულია და ის კიდევ უფრო გართულდა 25 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ. ამ ფონზე, ზუსტი პროგნოზების გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მაგრამ, მოდით, ქრონოლოგიას მივყვეთ, დავინახოთ და შევაფასოთ აზოვის ზღვის ინციდენტის თანმდევი მოვლენები.
რა ხდება ახლა, ამ უაღრესად გამწვავებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე?
მაინც, რას შეიძლება ველოდოთ?
მოვლენების ქრონოლოგია
უკრაინის უშიშროების საბჭოს მიერ 30-დღიანი საომარი მოქმედებების გამოცხადებამდე, უკრაინა რუსეთს საერთაშორისო-სამართლის და დიპლომატიური ზეწოლის განხორციელებით დაემუქრა. ოფიციალურმა კიევმა კონფლიქტის ესკალაციის განმუხტვისთვის ევროკომისიასაც მიმართა, თუმცა უკრაინის ხელისუფლებას სხვა გზა არ დარჩა თუ არა, რადიკალური ზომები.
ჯარი, ეროვნული გვარდია, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების სამსახური და პროკურატურა – პეტრო პოროშენკოს ბრძანებით უკრაინის ყველა ძალოვანი სტრუქტურის მობილიზება მოხდა.
27 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს რუსეთის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი უნდა განეხილა და ის უკრაინული ხომალდების მიერ “რუსეთის ფედერაციის საზღვრის დარღვევას” ეხებოდა. თუმცა, საბჭოს 7-მა წევრმა ოფიციალური მოსკოვის საკითხის განხილვას მხარი არ დაუჭირა. გამონაკლისი აღმოჩნდა ჩინეთი, ყაზახეთი და ბოლივია. ოთხმა ქვეყანამ კი თავი შეიკავა.
მიუხედავად ამისა, უშიშროების საბჭომ აზოვის ზღვაში მიმდინარე მოვლენებზე მაინც იმსჯელა, თუმცა ამჯერად აშშ-ის ინიციატივით და წევრთა უმეტესობამ მხარი უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას დაუჭირა.
საბჭოში განხილვამ მწვავე დებატების ფონზე ჩაიარა. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განხილვა “უკრაინულ პროვოკაციად” შეაფასა და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით უშიშროების საბჭო თავისი საქმიანობის დისკრედიტაციას ახდენს.
აშშ-მ და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო შეშფოთება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ უკრაინის სუვერენიტეტს მხარს სრულად უჭერენ.
აშშ-ის პოზიცია საფრანგეთის, პოლონეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, შვვედეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა გაიზიარეს.
ამავე დღეს, აზოვის ზღვაში განვითარებულ მოვლენას დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ უკრაინის ხომალდების დატყვევების შესახებ კომენტარი მედიასთან გააკეთა:
“ჩვენ არცერთი კუთხით არ მოგვწონს ის, რაც ხდება. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია გამოსწორდება. ევროპელ ლიდერებთან ერთად ვმუშაობთ ამაზე”, – აღნიშნა ტრამპმა.
თავის მხრივ, ოფიციალურ მოსკოვს ევროპულმა ქვეყნებმაც მოუწოდეს გაათავისუფლოს უკრაინული გემები და მათი ეკიპაჟი.
განცხადება გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მასმაც, რომლითაც მან კრემლს ურჩია, საერთაშორისო კანონების მიხედვით იმოქმედოს და პატივი სცეს მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს.
“მიზანი უნდა იყოს ის, რომ რუსეთი საერთაშორისო კანონებს მიჰყვეს და მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტი არ დაარღვიოს“, – განაცხადა მასიმ.
ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებებზე კომენტარი კანცლერ ანგელა მერკელის მოკავშირემ, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ როიტგენმაც გააკეთა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა.
თუმცა, პასუხად ანექსირებული ყირიმის სასამართლომ 24 დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში არალეგალურად შესვლის გამო ბრალი წაუყენა და მათ 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
უკვე 28 ნოემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განვითარებული მოვლენების გამო, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინთან პირველ დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
„გამომდინარე იქიდან, რომ გემები და მეზღვაურები რუსეთიდან უკრაინაში არ დაბრუნებულან, გადავწყვიტე, რომ ყველა მხარისთვის უკეთესია, არგენტინაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გავაუქმო. მოუთმენლად ველი, მნიშვნელოვან სამიტს, როგორც კი სიტუაცია გადაწყდება“, – დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „Twitter“-ზე.
აშშ-ს პრეზიდენტს მალევე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ. მან აღნიშნა, რომ ტრამპმა პუტინთან შეხვედრა არა უკრაინის, არამედ აშშ-ის შიდა პრობლემების გამო გააუქმა:
“კიევის მიერ აზოვის ზღვაში წამოწყებული პროვოკაცია შეხვედრის გაუქმების ნამდვილი მიზეზია? ჩვენ ოფიციალურ მიზეზად ეს მოვისმინეთ და მივიღეთ. არის კი ეს ნამდვილი მიზეზი? მე მჯერა, რომ ჩვენ პასუხები აშშ-ის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაში უნდა ვეძებოთ“, – განაცხადა ზახაროვამ.
მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე S-400 ტიპის ახალი სარაკეტო სისტემების განთავსებას აპირებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ მოსკოვმა ამ ტიპის სარაკეტო სისტემები ოკუპირებულ ყირიმში 2017 წელს და მიმდინარე წლის იანვარშიც განათავსა. როგორც ადრე, ისე ახლაც ,აღნიშნულ ფაქტს პეტრო პოროშენკოს მწვავე რეაქცია მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების ინტენსიური მობილიზება ხდება და რომ კრემლმა აქ ტანკების რაოდენობაც გაასამმაგა.
“არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს თამაშია. უკრაინა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის საფრთხის წინაშეა”, – აღნიშნა პოროშენკომ.
აზოვის ზღვის ინციდენტს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც გამოეხმაურა. მან რუსეთს დატყვევებული უკრაინული ხომალდებისა და მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდა და კრემლს მიმართა, გააანალიზოს მისი ქმედებების შედეგები. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო “პოლიტიკურად და პრაქტიკაში” უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
29 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ NATO-ს აზოვის ზღვაში საკუთარი გემების გაგზავნისკენ მოუწოდა და მას უკრაინის უსაფრთხოების დაცვაში დახმარება სთხოვა.
“იმედი გვაქვს, რომ ნატოს ქვეყნები მზად არიან, თავიანთი საზღვაო ხომალდები აზოვის ზღვაში განათავსონ, რათა უკრაინას უსაფრთხოების მხრივ დაეხმარონ. ჩვენ რუსეთის ამ აგრესიულ პოლიტიკას ვერ მივიღებთ. ჯერ იყო ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინა, ახლა მას აზოვის ზღვა სურს“, – განაცხადა პოროშენკომ.
კიევმა NATO-ს წევრ ქვეყნებს უკანასკნელი ინფორმაციაც მიაწოდა, რომლის თანახმადაც, აზოვის ზღვის ორი უკრაინული პორტი – ბერდიანსკი და მარიუპოლი რუსეთმა სრულ ბლოკადაში მოაქცია და იქ ხომალდებს აღარ უშვებს, მაშინ, როდესაც რუსულ პორტებში ხომალდები უპრობლემოდ შედიან.
პოროშენკოს ინიციატივას აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯონ ბარასო გამოეხმაურა. მან საკმაოდ მკაფიო პოზიცია გამოხატა – ამერიკის მთავრობასა და ნატოს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაგზავნოს შავ ზღვაში ხომალდები. ამავდროულად, ბარასომ უკრაინისთვის დამატებით იარაღის მიწოდების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.
“პუტინი არის ადამიანი, რომელიც ძალას და ტერიტორიას აფასებს. მისთვის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ქმედებებს აქვს, ამიტომ ვფიქრობ, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ. ის არ გაჩერდება, სანამ არ გააჩერებენ. ის შიშს ყნოსვით გრძნობს და ამგვარად მოქმედებს”, – თქვა მან.
30 ნოემბერს აზოვის ზღვის ინციდენტზე მწვავე განცხადებას გერმანიის კანცლერიც აკეთებს:
“რუსეთის პრეზიდენტს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. ახლა რაც მსურს, არის, რომ მომხდარის შესახებ ფაქტები გასაჯაროვდეს, ეკიპაჟი გაათავისუფლონ და აღარ იყოს იძულებითი აღიარებები, ისეთი, როგორიც ტელევიზიაში ვიხილეთ. უკრაინის მხარეს ვთხოვ, გონივრულად იმოქმედონ“, – აღნიშნავს ანგელა მერკელი.
იძულებით აღიარებებში მერკელმა რუსეთის „ფეესბეს“ მიერ გავრცელებული ვიდეომასალა იგულისხმა, სადაც ერთ-ერთი დატყვევებული უკრაინელი მესაზღვრე აშკარა ზეწოლის ფონზე, რუს სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევდა. იგი აცხადებდა, რომ იცოდა უკრაინის ქმედებების “პროვოკაციული ბუნების” შესახებ, რომ მათ, მართლაც, მიიღეს რუსული ძალების მხრიდან გაფრთხილება, თუმცა ყურადღება არ მიაქციეს მას.
პარალელურად, რუსულმა „ფეესბემ“ დაპატიმრებულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ უკრაინელ მეზღვაურებს ტყვეებად არ აღიარებს. მათ იგნორირება გაუკეთეს უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურის შეთავაზებასაც – იგორ ვორონჩენკომ მოსკოვს მიმართა და განაცხადა, რომ მზად არის, რუსეთს დაკავებული მეზღვაურების სანაცვლოდ ჩაბარდეს.
უკანასკნელი ინფორმაციით კი უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული, ამის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ცოტა ხსნის წინ გაავრცელა. თავის მხრივ, ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, თუმცა, უწყებამ განმარტა, რომ ანექსირებულ ყირიმში განთავსებული მათი სამხედრო ნაწილები, შავ ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, სტეპან პოლტორაკიმ აღნიშნა, რომ კიევი ქერჩის სრუტეში სამხედროг ხომალდების გადაადგილებაზე უარის თქმას არ აპირებს.
„როცა მზად ვიქნებით შემდეგი როტაციისთვის, უკრაინული სამხედრო ხომალდები ქერჩის სრუტეში საერთაშორისო წესების ყოველგვარი დაცვით გადადგილდებიან. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს აუხსნის, რომ ისინი გლობალურ წესრიგს არღვევენ“, – განაცხადა მინისტრმა.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ქერჩის სრუტეში 3 ხომალდის დაკავებასთან დაკავშირებით, უკრაინა გაეროს საერთაშორისო სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს.
საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერის მიუხედავად, ამ დრომდე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებიდან მხოლოდ ლიეტუვა გახდა ერთადერთი და პირველი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ქერჩის სრუტის ინციდენტის გამო, სანქციები დააწესა. სწორედ ამ მხარდაჭერის გამოსახატად, ლიეტუვას პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ჩაფრინდა.
ოფიციალური ლიეტუვას განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრისას მთავარი განსახილველი საკითხი რუსული აგრესია იყო და ქვეყნების პირველმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ კოორდინირებული მუშაობა გადაწყვიტეს.
გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსულ ღია აგრესიას კიდევ ერთხელ შეეჯახა. სწორედ ამიტომ, ლიეტუველებისთვის მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭირონ უკრაინელებს.
“ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ მიუღიათ, მაგრამ ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების პროტესტის ნიშნად, ჩვენ მივიღეთ ჩვენი, ეროვნული სანქციები.
ზოგჯერ არ არის მარტივი, იყო პირველი, როცა საქმე სანქციებს ეხება. მაგალითად, ჩვენ პირად მუქარებს ვიღებთ რუსეთისგან. ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო მსგავსი მუქარები“, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.
ოფიციალურ ლიეტუვასგან განსხვავებით, მიუხედავად მერკელის მხრიდან რუსეთის მისამართით გაკეთებული მკაცრი განცხადებებისა, მოსკოვისთვის სანქციების დაწესებისგან გერმანიამ თავი შეიკავა.
რამდენიმე დღის წინ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ღიად განაცხადა, რომ ბერლინი, ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერს.
“მიმაჩნია, რომ არასწორია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ მსჯელობა, ვინაიდან დაძაბულობის შემცირებას ვცდილობთ”, – განაცხადა მაასიმ.
ამ ყველაფრის ფონზე კი პუტინი პოროშენკოს ზარებს არ პასუხობს, თუმცა ეს უკანასკნელი კვლავ მზად არის, რუსეთის პრეზიდენტს ნებისმიერ ფორმატში ესაუბროს. რუსეთის პირველი პირის კომენტარიც ტრადიციულად ცინიკური და უტიფარია:
“საქმე იმაში არ არის, რომ მე თავიდან ვირიდებ და არ მსურს პეტრე ალექსის ძესთან ლაპარაკი, საქმე იმაშია, რომ მე არ მსურს მის საარჩევნო კამპანიაში ჩართვა… პოროშენკო ხელოვნურად ქმნის პრობლემებს და შემდეგ, მთელს პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, მერე კი ქმნის სურათს, თითქოს ამ პრობლემების წარმატებულად გადაჭრა შეუძლია“, – აცხადებს პუტინი.
ასე რომ, კრემლის ქმედებებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი აგრესიის შეჩერებას არ გეგმავს. მოსკოვი სახელმწიფოების ეროვნულ სუვერენიტეტს არაფრად აგდებს. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში პუტინის ქმედებები სულ უფრო უტიფარი ხდება. თვალსაჩინოა, რომ რუსეთი ამ მიმართულებით სვლას მომავალშიც გააგრძელებს თუ აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის და ბალტიის ქვეყნები არ დაიკავებენ ერთიან პოზიციას და არ გააჟღერებენ საკუთარ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მათთვის ეს ქმედებები მიუღებელია.
არსებულ ფონზე, კითხვა, როგორი პროგნოზები მოჰყვება უკრაინა-რუსეთის უკიდურესად გამწვავებულ სიტუაციას, კვლავ რიტორიკული და არაპროგნოზირებადია.
არავინ იცის, რა იქნება ხვალ.
ავტორი: მარიამ ზედგინიძე