ამირან სალუქვაძე: ნიკოლ ფაშინიანი საკონსტიტუციო უმრავლესობას კი არა, სრულად აკონტროლებს პარლამენტს

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე სომხეთში გამართულ რიგგარეშე არჩევნებს აფასებს.
როგორც სალუქვაძე წერს, “რესპუბლიკური პარტია” თავისივე მახეს წამოეგო და მის მიერვე დაწესებული 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
ანალიტიკოსი სომხეთის საგარეო ვექტორის შეცვლას არ ელის.
“დასრულდა ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის მარათონი. ძალიან მოკლედ, თუ რა სურათი მივიღეთ სომხეთში.
საპარლამენტო არჩევნებით, რომლებშიც მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი, ნიკოლ ფაშინიანმა დაასრულა მისი ბრძოლის მთავარი ეტაპი და პარლამენტზე სრული, 100%-იანი კონტროლი მოიპოვა.
პარლამენტში 70,5% მოიპოვა ფაშინიანის პარტიამ “ჩემი ნაბიჯი” და მისმა მოკავშირეებმა “აყვავებულმა სომხეთმა” და “ნათელმა სომხეთმა” 8 და 6%-ით, შესაბამისად.
სომხეთის კონსტიტუციით, ერთ პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს ხმათა 2/3-ზე მეტი. შესაბამისად, ამავე შედეგებით, 2/3-ს მიიღებს ფაშინიანის პარტია, ხოლო 1/3 მიღებული ხმების შესაბამისად, პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ორ პარტიაზე.
პარლამენტში ვერ მოხვდა ყოფილი მმართველი ძალა, “რესპუბლიკური პარტია”, ასევე, ჩვენთვის კარგად ცნობილი, დაშნაკციუთუნი.
ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკოლ ფაშინიანი საკონსტიტუციო უმრავლესობას კი არა, სრულად აკონტროლებს პარლამენტს და, თუ აქვს ასეთი გეგმები, უახლოეს პერიოდში შეეცდება მისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელოს.
“რესპუბლიკური პარტია” თავისივე მახეს წამოეგო და მის მიერვე დაწესებული 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
საგარეო ვექტორის შეცვლა, როგორც ადრე დავწერე, როცა სომხეთში მთავრობა შეიცვალა, მოსალოდნელი არაა. აღარ განვმეორდები. რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობებს, რამდენიმე დღის წინანდელ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც ასევე დევს ჩემს გვერდზე, ფაშინიანმა ცალკე გამოჰყო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.
მივადევნოთ თვალი, როგორ განვითარდება პროცესები.
გუშინ, ერთ-ერთ ცენტრალურ არხზე მოვისმინე შეფასებები, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის თვალსაზრისით კარგავს ფლაგმანის პოზიციებს.
ასეც რომ იყოს, მაინც ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. ამავე დროს, ჩვენი მეზობლები იმავეს არასდროს აღიარებენ, სულ რომ ჩამოიქცეს მათთან დემოკრატია. ასეთ შეფასებებს, ცენტრალურ არხებზე, თვალს ადევნებს მსოფლიო მედია, ანალიტიკოსები და თემა იქმნება, ჩვენს საწინააღმდეგოდ, რომლის გაქარწყლებას დიდხანს მოვუნდებით.
ან რა მოხდა სომხეთში ისეთი განსაკუთრებული, რაც ჩვენ არ გვინახავს, აქ არ მომხდარა ან არ მოხდება? თუ ყოველ 2-3 წელში რევოლუცია უნდა მოვაწყოთ?
ჩვენთან მიმდინარე პროცესებს არ ჩავუღრმავდები. სომხეთის ცვლილებებს კი დავაკვირდებით. ამ ეტაპზე გვაქვს რევოლუციური ფონი. არჩევნებს წინ უძღოდა ხმაურიანი დაკავებები, მ.შ. ექსპრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის, მიუხედავად პუტინის მხარდაჭერისა და დაბადების დღის მილოცვისა. ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას ახდენს. არჩევნები ჩაატარა რევოლუციურ ფონზე მოსულმა მთავრობამ, რომელმაც ხალხის ზეწოლით აიძულა პარლამენტს თვითდაშლის გზით წასულიყო.
პარალელს საქართველოსთან გავავლებდი. 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, რევოლუციურ ფონზე ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები ჩავატარეთ, 97%-იანი შედეგით, შემდეგ კი, იმავე ტალღაზე, საპარლამენტო, ასევე პარლამენტზე სრული კონტროლის მოპოვებით.
საქართველოს მიერ 2003-დან განვლილი 15-წლიანი გზა ვიცით, რა გზას გაივლის სომხეთი, ვნახოთ. რა თქმა უნდა, ვისურვებდი მშვიდობიანად გაგრძელდეს სომხეთის განვითარება და გააგრძელონ გზა თავისუფლებისაკენ და დემოკრატიისკენ”, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები