დავით ზალკალიანი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

„რუმინეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან მოკავშირედ და აფასებს იმ რეფორმებსა და პროგრესს რასაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია”,- ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელეშკანუმ ქართველ კოლეგასთან შევხედრის დროს განაცხადა.
დავით ზალკალიანისა და რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და რუმინეთის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. რუმინეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებების მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველო მიღწეული პროგრესით და ტრანსატლანიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციით იმსახურებს გაწევრიანების მიზნის მიღწევას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე საქართველოსა და რუმინეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ მხრივ არსებულ პოტენციალს.
დავით ზალკალიანი მიესალმა ევროკავშირის საბჭოში რუმინეთის მომავალ თავმჯდომარეობას და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის 10 წლის საიუბილეო თარიღს და მისი სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას.
თავის მხრივ თეოდორ მელეშკანუმ აღნიშნა, რომ რუმინეთის თავმჯდომარეობის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა.
ორმხრივ ურთიერთობაზე საუბრისას მინისტრები მიესალმნენ რუმინეთისა და საქართველოს ჩართულობას საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ დერეფნებში. განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის ჩართულობა შავი ზღვა -კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში.
მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალში აქტიურად გააგრძელონ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარება, ხელი შეუწყონ ხალხთაშორის კავშირების გაღრმავებას, რაზეც თავის მხრივ დადებით გავლენას ახდენს თბილისსა და ბუქარესტს შორის პირდაპირი ფრენების ამოქმედება. ამ მხრივ აღინიშნა საქართველოში რუმინელი ტურისტების ზრდის ტენდენცია.
თეოდორ მელეშკანომ დავით ზალკალიანს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები