დავით სერგეენკომ იმერეთის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა (ფოტო,ვიდეო)
პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება, ვაქცინაციის მნიშვნელობა და ინფექციურ დაავადებების პრევენცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა და სიახლეები – ამ თემებზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზესტაფონში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს ესაუბრა.
ზესტაფონში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას პირველად წარუდგინა ე.წ.„მოქალაქის პორტალი“ – citizen.moh.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ჯანდაცვის პროგრამებისა და სერვისებით სარგებლობის შესახებ. პერსონალური მონაცემების დადასტურების შემდეგ, მოქალაქე იგებს, თუ რა სახის პაკეტით სარგებლობს ის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, კონკრეტული საჭიროების დროს როგორია დაფინანსება და ხარჯები, რომელ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებს სასურველ მომსახურებას და სხვა. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძეც ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგენკო საქართველოს მასშტაბით მართავს.