ესპანეთის პოლიციამ რეკორდული რაოდენობა – 13 ტონა კოკაინი ამოიღო
ესპანეთის პოლიციამ 13 ტონა კოკაინი ამოიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული რაოდენობაა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ესპანეთის პოლიციის ცნობით, ეს არის კოკაინის ყველაზე დიდი მარაგი ესპანეთის ისტორიაში, სიდიდით მეორე ევროკავშირის ისტორიაში და ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში.
პოლიციამ ნარკოტიკების მასიური გადაზიდვა ბანანის კონტეინერში აღმოაჩინა, რომელიც ეკვადორიდან ალგესირას პორტში ჩავიდა.
“ბანანი იგზავნებოდა ესპანელ იმპორტიორთან, რომელიც წლების განმავლობაში დიდი რაოდენობით ხილს იღებდა ეკვადორიდან”,- ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ამ დროისთვის დაკავებულია ერთი პირი, პოლიციამ კი იმპორტიორი კომპანიის ორი ხელმძღვანელის დაკავების ორდერი გასცა.
InSight Crime-ის ანალიზის მიხედვით, 2023 წელს, ამოღებების მოცულობის მიხედვით, ესპანეთი ევროპაში კოკაინის შესვლის მთავარი პუნქტი გახდა.