ლევან მაჭავარიანი – Pro V&V-ის დასკვნაზე: მესამე ფაზით დადასტურდა, რომ დუბლირება გამორიცხულია, ერთი და იგივე ადამიანი ორჯერ ვერ მისცემდა ხმას
“მესამე ფაზით უკვე დადასტურდა, რომ დუბლირება გამორიცხულია და ერთი და იგივე ადამიანი ორჯერ ვერ მისცემდა ხმას”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია Pro V&V-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
„დავიწყოთ აუდიტის თემით, მესამე ფაზა დასრულდა დღეს. ეს არის დამოუკიდებელი ამერიკული კომპანია, ძალიან ავტორიტეტული. პირველი ორი ფაზით დადასტურებული ჰქონდა მას, რომ ის საარჩევნო ბაზები, რომლებიც ცესკოს ჰქონდა ატვირთული, თანხვედრაში იყო იმ ბაზებთან, რომლებიც ჩატვირთული იყო ამ ელექტრონულ აპარატებში. მესამე ფაზით უკვე დადასტურდა, რომ დუბლირება გამორიცხულია და ერთი და იგივე ადამიანი ორჯერ ვერ მისცემდა ხმას.
რაც შეეხება ოპოზიციის სპეკულაციას ამ თემასთან დაკავშირებით, რომ თითქოს 300 ათასამდე ხმა გააყალბა „ქართულმა ოცნებამ“ და თითქოს ასი ათასი ადამიანი დავტოვეთ პირადობის გარეშე. ამაზე, სხვათა შორის, კარგი გამოხმაურება ჰქონდა სახალხო დამცველს, რომ თუ ასი ათასი ადამიანი იყო პირადობის გარეშე, ერთი მომჩივანი მაინც რატომ არ მოვიდა და დღემდე რატომ არ ჩანსო. ეს აბსურდია. ამ აბსურდში ისინი ამყოფებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, ატყუებდნენ სამი ოთხი თვის განმავლობაში, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ რეიტინგი იყო 20-25-30 პროცენტი და შესაბამისად, როდესაც დადგა ის რეალობა, რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ მოველოდით, ყველანაირ კვლევაზე დაფუძნებით და ხალხის განწყობაზე დაფუძნებით, მათ მოუწიათ უფრო მძიმე ტყუილში შეყვანა თავიანთი ამომრჩევლის. ხომ არ ეტყოდნენ სამი ოთხი თვე გატყუებდითო. გადაიყვანეს უფრო მძიმე მოცემულობაში, რომ თითქოს ასეთი მასიური გაყალბება მოხდა“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.