ქუთაისი-მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება (ვიდეო)
ქუთაისი-მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა უახლოეს პერიოდში, 2019 წელს დაიწყება. ამის შესახებ ლეჩხუმის მოსახლეობასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ისაუბრა. აღნიშნული პროექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, გზის დაფარვა 2 საათ-ნახევარში იქნება შესაძლებელი.
მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.
ადგილობრივებთან შეხვედრაზე ხვამლის ბეტონირებული გზის პროექტიც განიხილეს, რომლის განხორციელების შემდეგაც ლეჩხუმის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა განვითარდება. მთავრობის წარმომადგენლებმა ლეჩხუმის მოსახლეობას უახლოეს პერიოდში დაგეგმილი არაერთი დიდი პროექტი გააცნეს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას ადგილზე და ხელს შეუწყობს ამ მხარეში ტურისტული პოტენციალის გაზრდას.
ინფრასტრუქტურული პროექტებიდან მოსახლეობისთვის განსაკუთრებით საინტერესო ჩქუმ-ქულბაქის წყალსაცავის პროექტი იყო, რომლის მიხედვითაც, უახლოეს პერიოდში, ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.