თიანეთის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმო შენდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე თიანეთის მუნიციპალიტეტში, კოოპერატივ „ყვარის მთის“ რძის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. კოოპერაციული საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შენდება და წლის ბოლოდან ამოქმედდება.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო, რომლის წარმადობაც დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით, მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საწარმო აღიჭურვება რძის მიმღებ-გადამმუშავებელი დანადგარებით და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით. კოოპერატივს ასევე გადაეცემა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით, ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხრიდან თანადაფინანსებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული დანადგარები.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ყვარის მთა“ თიანეთის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან საქმიანობს და 19 ადგილობრივს აერთიანებს. სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით, კოოპერატივის თითოეულ მეპაიეს შესაძლებლობა ეძლევა, უკვე საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიიღოს გაზრდილი შემოსავალი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ყვარის მთა“ ჩართულია „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაშიც.
კოოპერატივს, 25-წლიანი იჯარის უფლებით, 302 ჰა სათიბ-საძოვარი და საქონლის საკვებწარმოებისათვის საჭირო ტექნიკა 90%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა.
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 10 ახალი კოოპერაციული საწარმო ამოქმედდება .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები