ვახტანგ მაისაია: რუსეთმა, შეიძლება, 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის ანალოგიური სცენარი აამოქმედოს
რუსეთმა, შეიძლება, 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის ანალოგიური სცენარი აამოქმედოს, – ამის შესახებ ექსპერტმა სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაისაია თბილისში მდებარე ე.წ. ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის საინფორმაციო შეტევას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს გეოპოლიტიკური პროვოკაცია. მაისაიას შეფასებით, რუსეთის ქმედება ჰიბრიდული ომის დაწყების პირველი ფაზაა.
„ლუგარის ლაბორატორიის თემა არის თითიდან გამოწოვილი და შეგნებულად გაკეთებული. ფაქტობრივად, ეს არის ულტიმატუმის წაყენება საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ეს კიდევაც გაჟღერდა იმ ე.წ. პრესკონფერენციაზე, რომელიც ჩაატარეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა. სხვათა შორის, ეს პრესკონფერენცია ჩაატარა იმავე პიროვნებამ, რომელიც ატარებს ხოლმე სირიის სამხედრო კამპანიის შესახებ პრესკონფერენციებს.
საქმე სერიოზულადაა. ვიცით, როგორ მზადდებოდა, თუნდაც 2002 წელს, რუსული საჰაერო დარტყმის საფუძველი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის წინაპირობები როგორი იყო. რუსეთი ემზადებოდა, რომ პროვოკაციული ქმედებები განეხორციელებინა. ეს მომენტი ძალიან ჰგავს იმას, რომ რუსულ მხარეს სურს, მონახოს საბაბი საქართველოში მოახდინოს სამხედრო კამპანიის მეორე ეტაპის დაწყება“, – განაცხადა მაისაიამ.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, რუსეთის გენერალურ შტაბში უკვე არსებობს საქართველოს ოკუპაციის გეგმა.
„ამის ბევრი ინდიკატორი არსებობს. ბოლო დროს იყო საკმაოდ პროვოკაციული, რუსული სამხედრო- ტაქტიკური ავიაციის ვერტმფრენების ძალიან თავხედური შემოჭრა საქართველოს საკმაოდ სოლიდურ ტერიტორიაზე, სიღრმეში და საშიში მანევრების ჩატარება. როგორც ჩანს, რუსული მხარე ცდილობს , მოამზადოს გარკვეული საფუძველი ამ პროცესებისთვის. გავიხსენოთ, კადიროვის მიერ შექმნილი ე.წ. სახელმწიფო საზღვრების ე.წ. დემარკაციის კომისია, რომელიც შეიქმნა, ვითომდა, ინგუშეთთან საზღვრების მოგვარების მიზნით, მაგრამ კადიროვმა, ამავე დროს, წაუყენა პრეტენზია საქართველოს, რომ მომხდარიყო საზღვრების ერთგვარი დემარკაცია ხელახალი კუთხით. ესეც საშიში გამოვლენაა. ეს ყველაფერი ერთობლივ კონტექსტში რომ ავიღოთ, მით უმეტეს, ლუგარის ლაბორატორიაზე აგორებული აბსოლუტურად უსაფუძვლო, პროვოკაციული მითები, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთმა, შეიძლება, აამოქმედოს 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის ანალოგიური სცენარი. გეგმა, ჩემი აზრით, უკვე შემუშავებულია. მათი მთავარი მიზანი იქნება დასავლეთ საქართველოს და საზღვაო სანაპიროს დაკავება. სავარაუდოდ, ისინი გადაკეტავენ თბილისი- გორის ტრასის მონაკვეთს და შესაძლებელია, აქ მონაწილეობა მიიღოს გიუმრიში დისლოცირებულმა რუსეთ-სომხეთის კოალიციურმა ძალებმა. სპეცდანიშნულების რაზმები, ალბათ, მოახდენენ მთის, უღელტეხილების, პლუს თრუსოს, პანკისისა და რამდენიმე ხეობის დაკავებას. როგორც ჩანს, სელექციური ოკუპაციის კუთხით რუსეთი ცდილობს , რომ აიძულოს საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს მისი საგარეო კურსი და ორიენტაცია.
ეს არ წარმოადგენს სკრიპალების საქმის გადაფარვას, რადგან რუსეთს ამის გადაფარვა არც აინტერესებს“, – განაცხადა მაისაიამ.
ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებებსაც გამოეხმაურა.
„ეს არის ფარული მუქარა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. რას მოითხოვს რუსეთი, ეს მალე გამოჩნდება, ამას მალე გააჟღერებს რუსეთის ოფიციოზი“, – დაამატა მაისაიამ.
რუსეთი ქართველ პარტნიორებს აფრთხილებს, რომ “თბილისის არამეგობრული ქმედებები საერთაშორისო არენაზე საფრთხის ქვეშ აყენებს 2012 წელს დაწყებული ურთიერთობების ნორმალიზებას“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„თბილისი, ჯერ კიდევ, არ მიდის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, საერთაშორისო არენაზე განაგრძობს ჩვენს საწინააღმდეგო საქმიანობას, მონაწილეობს ნატო-ს სტრატეგიაში რუსეთის შეკავებაზე. პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ამგვარი ქცევა საფრთხის ქვეშ აყენებს 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, რომლის შედეგებითაც, ორივე ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
რაც შეეხება ე.წ. ლუგარის ლაბორატორიას, შეგახსენებთ, წლების განმავლობაში რუსეთი ე.წ. ლუგარის ლაბორატორიას საფრთხესთან აიგივებს. ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება – კრემლის მიერ გავრცელებული ხშირი მესიჯებია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ.
დაახლოებით 2 კვირის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან საქართველოში არსებულ „ლუგარის ლაბორატორიაში“ განთავსებული „ამერიკული სამხედრო კონტინგენტის არაკეთილსინდისიერი როლის“ შესახებ ოფიციალური განმარტება მოითხოვა. ამის შესახებ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მან ვაშინგტონისადმი მიმართვის საფუძვლად საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის განცხადებები დაასახელა.
პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით, საქართველოს მიერ ძებნილმა იგორ გიორგაძემ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისში მდებარე “ლუგარის ლაბორატორიაში” ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ცდიან. გიორგაძის მტკიცებით, საქართველოდან მოპოვებული დოკუმენტებით, 2015 წელს, ლაბორატორიაში ერთ დღეს გარდაიცვალა C ჰეპატიტით დაავადებული 24 ადამიანი, რომლებიც ექსპერიმენტული მკურნალობის კურსს გადიოდნენ და ანტივირუსულ პრეპარატს იღებდნენ. მისივე თქმით, „ლუგარის ლაბორატორიაში“ შემუშავებულმა ვირუსებმა, შესაძლოა, უპრობლემოდ შეაღწიეს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის რუსეთში.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი,“ რომელიც სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობისაა, თბილისში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დაფინანსებით აშენდა. ცენტრი 2011 წელს გაიხსნა, ის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ექვემდებარება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.
“ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში და აქვს მრავალმხრივი დანიშნულება. პირველ რიგში, ის მიმართულია, ადამიანთა სხვადასხვა ინფექციური დაავადების დროული დიაგნოსტიკისა და გამომწვევი აგენტების იდენტიფიცირებისკენ. ლაბორატორიას აქვს რეგიონული დატვირთვა, რამეთუ აქ ტარდება ზოგი ისეთი ექსკლუზიური კვლევა, რომელიც მხოლოდ ამ ლაბორატორიისთვის არის ხელმისაწვდომი”, – განაცხადა გამყრელიძემ.
“ლუგარის ცენტრი აშშ-ის ობიექტებს არ განეკუთვნება, არამედ საქართველოს შესაბამის უწყებას ეკუთვნის”, – ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში პენტაგონის წარმომადგენელმა ერიკ პაჰონმა განაცხადა.
პაჰონის თქმით, ცენტრის მისიაა, წვლილი შეიტანოს ადამიანებისთვის ბიოლოგიური საფრთხისგან დაცვაში, ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობის დაცვაში ინფექციური დაავადებების აღმოჩენის გზით, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესწავლით, ასევე, კვლევების ჩატარებით საქართველოს, კავკასიის რეგიონისა და მსოფლიო საზოგადოების საკეთილდღეოდ.
შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ თუ რუსეთს სურს ჭეშმარიტების დადგენა, შეუძლია, გამოგზავნოს სპეციალისტები, დაათვალიერონ ლუგარის ლაბორატორია და დაესწრონ საერთაშორისო სემინარს.
„გრიგორი კარასინი ლუგარის ლაბორატორიის საკითხს შეეხო. მე გავიმეორე, რომ რუსეთის საქართველოსთან დამოკიდებულება არის არასწორი. ერთია, როდესაც ისინი არკვევენ ურთიერთობებს დასავლეთთან და მეორეს მხრივ, როდესაც ისინი საუბრობენ მეზობელ სახელმწიფოზე და ლაბორატორიაზე, რომელიც ამ სახელმწიფოს საკუთრება და ტრანსპარენტულ რეჟიმში მუშაობს. რამდენჯერმე ვუთხარით, რომ ამ ლაბორატორიის კარი ღიაა ყველასთვის, ყველა ქვეყნის მეცნიერისთვის. რუსი სპეციალისტები ჩამოდიოდნენ ამ წლების მანძილზე და ძალიან კარგ შეფასებას აძლევდნენ ლაბორატორიას. 14-15 ნოემბერს იქ ტარდება საერთაშორისო სემინარი და ორგანიზატორებმა რუსი ექსპერტებიც მოიწვიეს. თუ აინტერესებთ, დღეს როგორ გამოიყურება ეს ლაბორატორია, თუ სურთ სიმართლისა და ჭეშმარიტების გარკვევა, შეუძლიათ ჩამოვიდნენ და დაესწრონ სემინარს. მაგრამ როგორც ჩანს, მათ სხვა მიზნები და ინტერესები აქვთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თამუნა შეყილაძე