აკაკი ზოიძემ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟენევაში იმყოფება, სადაც თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის მერვე სესიაში იღებს მონაწილეობას.

კონფერენციის ფარგლებში, აკაკი ზოიძემ სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და თამბაქოს კონტროლის სფეროში, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ამ მიმართულებით, საქართველოში მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოსა და სამუშაო ჯგუფებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. აკაკი ზოიძემ ყურადღება თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ოქმის ძალაში შესვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სრულად ადასტურებს მზადყოფნას, შეუერთდეს საერთაშორისო ქსელს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღსაკვეთად.

სიტყვით გამოსვლისას, აკაკი ზოიძემ სესიის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა გააცნო.
„საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის წევრი 2006 წლიდანაა. თუმცა, ამ დრომდე, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, ნაწილობრივ კი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სრული იმპლემენტაციის მიმართულებით, პროგრესი უმნიშვნელო იყო. მხარეთა ბოლო კონფერენციის შემდეგ, საქართველომ შეძლო თავისი ძლიერი პოლიტიკური ნების დემონსტრირება, სერიოზული ძალისხმევა გაეწია ეროვნული თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. 2017 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ახალი თაობის“ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რომელმაც წარმოადგინა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ზომები, მათ შორის, თამბაქოს რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის სრული აკრძალვა, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში განლაგების, ფილმებში, შოუებსა და საჯარო წარმოდგენებში მოწევის დემონსტრირების შეზღუდვა, რითაც ყველა საჯარო სივრცე თამბაქოსგან თავისუფალი გახდა“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, კანონი, ასევე, გრძელვადიანი სახელმწიფო სტრატეგიის იმპლემენტაციას და თამბაქოს კონტროლის ყოველწლიურ სახელმწიფო პროგრამას ითვალისწინებს.

აკაკი ზოიძის განცხადებით, უკვე არსებულ მულტისექტორულ თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომიტეტთან და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად შეიქმნა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის საბჭო, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებას და გაუმჯობესებული კოორდინაციისა და ზედამხედველობის ქვეშ, კანონის იმპლემენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„აღსანიშნავია, რომ კანონის მთავარი დებულებების ძალაში შესვლიდან 3 თვის თავზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას, სხვადასხვა გამოკითხვებით, მხარს უჭერს საზოგადოების 85 %. გარდა ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, არსებობს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის წარმატების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორები ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, სადაც მოსახლეობის ერთი მესამედი აქტიური მწეველია. აქ არსებობს ჯანდაცვის სექტორის ძლიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელსაც მხარს უჭერს მძლავრი და სტაბილური საერთაშორისო დახმარება“, – განაცხადა ზოიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, აკაკი ზოიძემ საქართველოს ხელისუფლების შემდგომ მიზნებსა და თამბაქოს კონტროლის მიმართულებით, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.
„საქართველოს ხელისუფლებას მიზნად აქვს დასახული გადადგას ნაბიჯები კანონმდებლობის შემდგომი დახვეწისა და აღსრულების გაუმჯობესების გზით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სრულფასოვანი განხორციელებისკენ. თუმცა, ამ გზაზე, არსებობს გამოწვევები, რომლებიც გამოიხატება თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან მუდმივ მცდელობებში, ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკასა და მათ ძალისხმევაზე, შეიტანონ თამბაქოს ნაწარმი ჯერ კიდევ დაუცველ ბაზრებზე. გამოწვევაა ინტერსექტორული კონსესუსის ნაკლებობა თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის ზოგიერთ სფეროში“, – განაცხადა დეპუტატმა.

სიტყვით გამოსვლისას აკაკი ზოიძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, გაეროს განვითარების პროგრამას, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის მთავრობებს მხარდაჭერისა და ფინანსური კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ მხარეთა კონფერენციის მერვე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომში კიდევ უფრო გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მიზნებს“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები