ვინ შექმნა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის  კანკელი და ამბიონი იაკობ გოგებაშვილის სოფელში

იაკობ გოგებაშვილის  სოფელ ვარიანში ცხოვრობს. მშრომელ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ხეზე კვეთა ბავშვობიდან დაიწყ, პატარა ზარდახშებს ძვირფას ადამიანებს ჩუქნიდა. შემდეგ ხისგან სხვა ნაკეთობებიც დაამზადა – ხატები, ჯვრები, კანკელი, ავეჯი…  ვარიანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის  კანკელ და ამბიონი მისი შექმნილია.
ამბობს, რომ ნადირობა და ხეზე კვეთა მისი ჰობია. ამავდროულად, მთელი ოჯახი ყვავილების  გაშენებაშია ჩართული.  მათ დიდ ბაღში  ორასი ათასამდე ულამაზესი გლადიონუსისჯიშის ყვავილი ხარობს.
სამომავლოდ  სახელოსნოს გახსნას და ბავშვებისთვის  ხეზე კვეთის შესწავლას აპირებს. მისი თქმით, სოფელს მეტი ყურადღება რომ უნდა ექცეოდეს, ახალგაზრდები არ დატოვებდნენ. – თვითნასწავლი ხელოვანის, გიორგი მაჩაბლის პერსონა.

– ოჯახში სამი ძმა ვართ, მე უფროსი ძმა ვარ… ბებია მარიამ წკრიალაშვილი ქართული ენის პედაგოგი იყო, პაპა,  ქიტე მაჩაბელი – სამამულო ომის დროს არტილერიის კაპიტანი და ვეტერანი, ომის შემდეგ კი სოფლის მეურნეობის ბრიგადირად მუშაობდა.
სოფელში უამრავი საქმეა, ჩემი მშობლებიც ერთმანეთს მხარში უდგანან და ეშველებიან სასოფლო საქმიანობაში, ჩვენც მათთან ერთად ვშრომობთ.
მშობლები ხელგამრჯე ადამიანები არიან, დედა – ნანა გაბიდაური და მამა – ოთარ მაჩაბელი ოჯახის ტრადიციას ერთგულად აგრძელებენ, ერთმანეთს მხარში უდგანან და თავდაუზოგავად შრომობენ, დოვლათითა და ბარაქით ავსებენ ოჯახს.
– გორის უნივერსიტეტი დაამთავრეთ, ეკონომიკის განხრით. რატომ გადაწყვიტეთ ხელოვნებისგან რადიკალურად განსხვავებული სპეციალობის არჩევა?
2008 წელს დავამთავრე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომისტის სპეციალობით, მაგრამ ამ სპეციალობით არასოდეს მიმუშავია.
როდის დაიწყეთ ხეზე კვეთა?
ხეზე კვეთა ბავშვობიდან დავიწყე, პირველად სხვასთან ვნახე ხეზე ნამუშევრები, ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, ბედი მეცადა, გამომივიდა და მას მერე ეს საქმიანობა არ შემიწყვეტია. ვაკეთებდი პატარა ზარდახშებს და ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ვჩუქნიდი, პირველი ზარდახშა მეექვსე კლასში გავაკეთე, როცა ხეზე ვმუშაობდი. არაფერი აღარ მახსოვს, მთელი არსებით ვერთვები საქმიანობაში, ისე შემომაღამდება, ვერ ვიგებ, დროის შეგრძნება მეკარგება, ხესთან მუშაობა მამშვიდებს….
ეს ნიჭი ალბათ გენეტიკურია, რადგან ჩემი დიდი პაპა ხეზე მუშაობდა, მაგრამ მე უფრო დავხვეწე და გავაუმჯობესე.
– ვიცი, რომ ეკლესიებს ამშვენებს თქვენი ნამუშევრები, კანკელი…
– ჩემი ნამუშევრები სოფელ ვარიანში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშია, ტაძრის კანკელი და ამბიონის ჩემი შექმნილია.
სოფელ შინდისის გმირების მემორიალის ეზოში რომ ტაძარია, იქაც მომიწია მუშაობა, ოღონდ იქ თაბაშირზე ვიმუშავეთ ბიჭებმა.
– ვარიანში ცხოვრობთ, გაქვთ ლამაზი ოჯახი, ორი შვილი…
– ჩვენ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სოფელში ვცხოვრობთ. მყავს მეუღლე ოლიკო მეტრეველი, რომელსაც ძალიან მოსწონს საქმე, რომელზეც ვარ შეყვარებული და სულ ცდილობს, მუშაობის დროს სიმყუდროვე არ დამერღვეს.
გვყავს ორი შვილი: ოთარ და მარიამ მაჩაბლები…
– ჰობი…
–  ნადირობა და ხეზე კვეთა. სანადირო სეზონს ველოდებით ხოლმე მე და ჩემი მეგობრები და ჩვენ-ჩვენი ძაღლებით სანადიროდ მივდივართ. სიტყვამ მოიტანა და, თოფის კონდახებსაც ვაჩუქურთმებ…
– ყვავილების გაშენება დაიწყეთ… ასე ვთქვათ, პატარა ბიზნესია…
– ჩემი შრომითი საქმიანობა მხოლოდ ხეზე კვეთით არ შემოიფარგლება, საოჯახო ბიზნესი გვაქვს. ჩვენს სათბურში თითქმის ორასი ათასამდე ულამაზესი „გლადიონუსის” ჯიშის ყვავილი ხარობს. საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან მეყვავილეები და მიაქვთ სარეალიზაციოდ.
ძნელი და შრომატევადი საქმეა, ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, ყვავილების მოვლა – პატრონობაში უამრავი ადამიანი გვეხმარება, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ფინანსური დახმარებით.
ვფიქრობ, ჩემმა ოჯახურმა ბიზნესმა რამდენიმე ოჯახს მაინც შეუჩერა მიგრაცია. ათეულობით ოჯახს აღარ უწევს სოფლის გარეთ სამუშაოს ძებნა.
სოფელს რომ მეტი ყურადღება ექცეოდეს, ახალგაზრდები არ დატოვებდნენ აქაურობას, მათთვის მეტი პერსპექტივა და დაინტერესება უნდა იყოს.
– სამომავლო გეგმები…
– მსურს, კიდევ უფრო გავაფართოვო ოჯახური ბიზნესი, დიდი ყურადღება დავუთმო ხეზე კვეთას, გავხსნა სახელოსნო და ბავშვებს  ხეზე კვეთის საიდუმლო შევასწავლო. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ბავშვებში შრომის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და  ქართულ ჩუქურთმაზე მუშაობის ინტერესის გაღვივებასა და გაღრმავებას…

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები