მერცმა გადადგომაზე უარი თქვა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ფაქტობრივად უარყო ოპოზიციის მოწოდებები, რომ ის მიჰყოლოდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მაგალითს და გადამდგარიყო გერმანელ ამომრჩეველთა შორის რეკორდულად დაბალი პოპულარობის ფონზე.

ოთხშაბათს, ბუნდესტაგში მერცის გამოსვლისას, ოპოზიციური მემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ლეიფ-ერიკ ჰოლმმა გაიხსენა, რომ მოქალაქეებში კანცლერის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე, 16%-მდე დაეცა. შემდეგ მან მაგალითად მოიყვანა სტარმერი, რომელმაც ცოტა ხნის წინ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა მისი მოწონების რეიტინგის 19%-მდე შემცირების გამო.

„მოქალაქეები აღარ გენდობიან. განა დრო არ არის, საბოლოოდ დასრულდეს ეს სირცხვილი?“ – თქვა ჰოლმმა.

მერცმა საპასუხოდ განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას კვლავ აპირებს.

„ძვირფასო კოლეგა, თქვენს წინაშეა კოალიცია და ფედერალური მთავრობა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ჩვენი ქვეყნის პრობლემების მოგვარება. ჩვენ ამას ეტაპობრივად ვაკეთებთ – მაშინაც კი, თუ ეს თქვენ არ მოგწონთ“, – თქვა მერცმა.

ამავდროულად, მან კიდევ ერთხელ უარყო AfD-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.

გაზეთმა Bild-მა ადრე, სოციოლოგიური ინსტიტუტის INSA-ს კვლევაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის მოსახლეობაში კანცლერ მერცის უკმაყოფილების რეიტინგმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. კვლევის თანახმად, გერმანელების მხოლოდ 15% არის კმაყოფილი მისი მუშაობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები