დავით სონღულაშვილი ბაღდათში ღვინის მარნის „ლაბარა“ საქმიანობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მდებარე ღვინის მარან „ლაბარაში“ იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე საქმიანობას ადგილზე გაეცნო.

„მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და მაღალი ხარისხის ქართული ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან რეფორმას ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია, ქართული ღვინო ასოცირდებოდეს მაღალ ხარისხთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მცირე და საშუალო მარნები მნიშვნელოვანი სეგმენტია. გვაქვს მიზნობრივი მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ ხარისხიანი ღვინის წარმოება, ღვინის ტურიზმის განვითარება და საექსპორტო ბაზრების არეალის გაფართოება, რაც თავის მხრივ, მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შპს „ლაბარა“ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის წლიური წარმადობა 15 000 ბოთლ ღვინოს შეადგენს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე გადის ევროპაში, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საქმიანობის დაწყებისა და განვითარების ეტაპზე არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.

აღსანიშნავია, რომ ღვინის წარმოების მიზნობრიობით, იმერეთის რეგიონში პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბანკების მიერ გაცემულია 7,4 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროსესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 2,2 მლნ ლარია.

ღვინის მარანში მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები