თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა
იუსტიციის მინისტრი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა ლი ჯუნჰუას მადლობა გადაუხადა მაღალი დონის ფორუმის ორგანიზების საკითხებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
„პაატა სალიამ აღნიშნა, რომ თბილისი იქცა გლობალური დისკუსიის პლატფორმად ინოვაციებსა და საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებებზე სასაუბროდ. წლევანდელი ფორუმის თემა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციების, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“ სრულად ეხმიანება საქართველოში საჯარო სერვისების მიწოდების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, რაც მოიცავს საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციას უფრო ეფექტიანი, ინკლუზიური და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველსაყოფად.
მინისტრმა, ასევე, ორმხრივი შეხვედრები გამართა ფორუმის მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან.
შეხვედრების ბოლოს პაატა სალიამ იმედი გამოთქვა, რომ ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული თანამშრომლობა საერთო ცოდნის და გამოცდილების გაზიარების კუთხით კიდევ მეტ შესაძლებლობებს გააჩენს. მინისტრის თქმით, საქართველო მზადაა, პარტნიორ ქვეყნებს გაუზიაროს უნიკალური გამოცდილება სწრაფი და ეფექტიანი, მათ შორის, ციფრული და დისტანციური სერვისების მიწოდების სისტემის განვითარების მიმართულებით. პაატა სალიამ აღნიშნა იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში და ხაზი გაუსვა ციფრული მმართველობის როლს სახელმწიფოსა და მოქალაქის სწრაფი და მეტად ეფექტური თანამშრომლობისათვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.