„საიდუმლო ფორმულა ასეთია – ცოდნას პლუს ბავშვისა და საგნის გადამდები სიყვარული!“ – როგორ შესრულდა ლეო კვაჭაძისთვის მიცემული პირობა

თბილისის სტუმართმოყვარე ეზოში დაიბადა, ბავშვობიდან ყველაზე მეტად მამა და მისი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი ახსოვს – 36 წლის იყო მამა, ბავშვიანი ქალი გადაარჩინა და თავად ვეღარ მოასწრო, დიდი სიჩქარით მომავალი მანქანისთვის თავის არიდება. მამამ ასწავლა სიყვარულის, სიხარულის, ღიმილის ფასი, რომ ღირსეულად ცხოვრებაა ყველაზე დიდი ბედნიერება…
შემდეგ იყო სკოლის პერიოდი, სტუდენტობის საინტერესო წლები, ფილოლოგობა… 34 წელია, სკოლაში მუშაობს მასწავლებლად და მომავალი თაობის აღზრდას სიყვარულით ემსახურება. სკოლის მასწავლებლობა დიდ პასუხისმგებლობად, საერო და საქვეყნო საქმედ მიაჩნია. ამბობს, რომ ქვეყანას, რომელიც ამ საკითხს ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს და უპირველეს საზრუნავად არ მიიჩნევს, მომავალი არ ექნება!
რევაზ ინანიშვილის სახელობის 159-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, ლიტერატურულ კლუბ „ნეკერჩხალის“ დამაარსებელი, მრავალი საინტერესო პროექტის ავტორი… ნეკერჩხალი სწორედ საყვარელი მწერლის, რევაზ ინანიშვილის ნოველის მიხედვით დაარქვეს კლუბს, როგორც თავად ამბობს, ერთგულების, სიყვარულისა და უსასრულო მოლოდინის სიმბოლო… – ფილოლოგ მარინა ბედოშვილის პერსონა.

 – შორეულ აღმოსავლეთში დაიბადეთ, მაგრამ თბილისში აიდგით ფეხი…
– მამა სამხედრო მფრინავი იყო, შორეულ აღმოსავლეთში მსახურობდა, დედა თბილისელი გოგო გახლდათ. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, მამას რომ შეუყვარდა, დაელოდა, ჩამოვიდა ერთი წლის მერე შვებულებით და წაიყვანა… სახლიც არ ჰქონდა, ყაზარმაში ხომ არ მიიყვანდა, მამას მეგობარმა დაუთმო ბინა… დედა ამა ამბავს სულ სიცილით იხსენებდა ხოლმე, არაფერი ჰქონდა მამაშენს ერთი პატარა ჩემოდისა, ლამაზი ლურჯი თვალებისა და უთბილესი გულისაო. დიდი სიყვარულის ოჯახი გვქონდა, დედას უთბილისოდ ცხოვრება არ შეეძლო, ამიტომ 2 წელიწადში მამა სამოქალაქო ავიაციაში გადავიდა და დაუბრუნდნენ თბილისს, მე ერთი წლის ვიყავი, ისე რომ, ფეხი თბილისში ავიდგი.
არ დაიჯეროთ, რომ ბავშვები ადვილად ივიწყებენ ტკივილს, ეგუებიან მათ გარეშე ცხოვრებას, ვინც ყველაზე, ყველაზე მეტად უყვართ… არასოდეს თქვათ, პატარაა, დაივიწყებს და აღარ იდარდებსო… არ თქვათ, გემუდარებით, რადგან ეს ასე არ არის… პატარა გულში ჩაბუდებული ტკივილი მასთან ერთად იზრდება, ის მხოლოდ სწავლობს ამ გრძნობით ცხოვრებას…
ამ პატარა გოგონას, აქ რომ ხედავთ, 50 წელია ენატრება მამა, რომელიც მთელ სამყაროს უდრიდა მისთვის და ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როცა ვინმე იტყოდა, ეს ბავშვი მამის ასლია, ან კოპიო მამააო…
ყველა ბავშვს თავისი მამა ჰგონია არაჩვეულებრივი, ის, თვითონ უკვე ბებია, ახლაც ასე ფიქრობს, რადგან დიდი ხანია გააცნობიერა, თუ რამ კარგია მასში, თუ რამე უადვილებს და უმშვენიერებს არცთუ ადვილ ცხოვრებას, მამასთან გატარებული ცხრა წელია… მამასთან, რომელმაც სულ პაწაწინას ასწავლა, რომ ცა საოცრებაა და იქიდან სულ სხვანაირად მშვენიერია დედამიწა (იქნებ ამიტომ უყვარდა ამ გოგონას ყველა მფრინავი დედამიწაზე), რომ სიყვარულია, იცხოვრო იმისთვის, ვინც გიყვარს, გაახარო და აბედნიერო, რომ ღიმილი ყველაფრის წამალია, რომ თბილისზე ლამაზი ქალაქი არსად არის, რომ ცეკვა თავისუფლებაა და ყოველთვის უნდა იცეკვო, მაშინაც კი, როცა თავს ცუდად გრძნობ, და იმ წამს მიხვდები, რა კარგია სიცოცხლე, რომ ცხოველები და ფრინველები ყველაფერს გრძნობენ, ჩვენზე მეტადაც, ოღონდ ვერ ლაპარაკობენ და თავისებურად გამოხატავენ განცდებს, რომ ტყუილი ყველაზე საშინელი დანაშაულია, რადგან მას ბევრი ცუდი რამ მოსდევს, რომ ქართული ანბანი საოცრებაა, რომ ტირილი სირცხვილი არ არის, რომ კინოსა და თეატრში ყველაფერი ნამდვილია, რომ წიგნები საუკეთესო მეგობრები არიან ადამიანების შემდეგ, რომ მუსიკა ყველაზე მაგარი ენაა, რომელიც დედამიწის ყველა კუთხეში ესმით, და რომ ისე უნდა იცხოვრო, შენს დანახვაზე სიხარულით გაიღიმონ ადამიანებმა…
ის 36 წლის იყო, მე ცხრის… მან ეს ყველაფერი მოასწრო….
არ ვიცი, როგორი მოსწავლე გამოვდექი, მამა, მაგრამ, დამიჯერე, სულ მახსოვს, რასაც მიამბობდი, მასწავლიდი, და ძალიან, ძალიან ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, როგორც შენ გინდოდა…. ჰო, მაპატიე, მელვილის „მობი დიკი“ ჯერ ვერ წავიკითხე, მამა, მაგრამ გპირდები, აუცილებლად წავიკითხავ…
მამაზე მრავალი  ჩანაწერი გაქვთ…
– აუყვებოდა თბილისის პატარა, ვიწრო ქუჩას ჩქარი, ცოცხალი ნაბიჯით, სულ სადღაც ეჩქარებოდა, გაიყოლებდა გამვლელთა გაოცებულ, მაგრამ სიყვარულიან მზერას, შეაღებდა ჭიშკარს, დადგებოდა შუა ეზოში და ხმამაღლა დაიძახებდა; გამოდით, გოგოებო, გაზაფხული მოვიდა! იღებოდა ფანჯრები, კარები, ჩამორბოდნენ გოგოები,ზოგი 5, ზოგი 75 წლისა… ყველას ღიმილით უწვდიდა მზისფერ ყვავილებს, უბრწყინავდა ლურჯი თვალები… ასე ხდებოდა ყოველ 1 მარტს…. მიმოზის ტოტებით შემოანათებდა ხოლმე გაზაფხული ნაზამთრალ თბილისურ ეზოში… საოცარი სანახავი იყო – გაღიმებული, რაღაცნაირად თბილი და მიმოზებით ხელდამშვენებული ქალებით გარშემორტყმული მამა… გამოდით, გოგოებო, გაზაფხული მოვიდა!
გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მამამ ეზოში გოგოებს სახტუნაო კლასი ზეთის საღებავებით და ტრაფარეტებით დაგვიხაზა, რატომ უნდა იწვალონ ბავშვებმა ამის დახაზვაზეო, მთელი ქუჩიდან ჩვენს ეზოში მორბოდნენ გოგოები სახტუნაოდ. მერე, როცა მამა აღარ იყო, მეზობელი ბიჭები თითქმის 20 წლის განმავლობაში ყოველ გაზაფხულზე განაახლებდნენ ხოლმე, ჟორას სახსოვარიაო. ჩვენ იქ უკვე აღარ ვცხოვრობდით. მამა 1968 გარდაიცვალა, 1971-ში კი ახალი ბინა მოგვცეს თემქაზე და საბჭოს მოედნიდან იქით გადავედით. სულ ვფიქრობ, რომ ეს დედის დიდი შეცდომა იყო, ამას თვითონაც ნანობდა, კომუნალური პირობები გავიუმჯობესე და ძვირფას ადამიანებს დავშორდიო, წუხდა ხოლმე!
– თბილისის ეზოში გაიზარდეთ, სტუმართმოყვარე ოჯახი გყავდათ, სადაც ხშირად მფრინავები იკრიბებოდნენ… სიმღერები, ლექსები, სახალისო ისტორიები მაშინვე მრავლად იყო…
– პიროვნებას ის გარემო და ადამიანები აყალიბებენ, რომლებთანაც შეზრდილია ბავშვი, თბილისურ ეზოში გაზრდილი თაობა მართლა განსხვავებული იყო, დღეს რომ ბევრს საუბრობენ ტოლერანტობაზე, განსხვავებული კულტურების მიმართ დამოკიდებულებაზე, ქსენოფობიასა და, რა ვიცი, კიდევ ათას ფობიაზე, იმ გარემოში ცხოვრება და უფროსების კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველაზე კარგი მასწავლებელი იყო ჩვენი, ერთად ვთამაშობდით სხვადასხვა ეთნოსისა და რჯულის ბავშვები, ჩვენი მშობლებიც ერთი ოჯახივით ცხოვრობდნენ, საერთო ლხინი და საერთო ჭირი იყო, მე ეს თავად განვიცადე, განსაკუთრებით მამის გარდაცვალების შემდეგ.
წიგნი, მუსიკა, ცეკვა და მეგობრების თავყრილობები მამამ შემაყვარა, ერთი დიდი ოთახი და შუშაბანდი გვქონდა, იმის მიუხედავად, რომ მფრინავი იყო და იმ დროისათვის საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა, მარტივი და უბრალო ცხოვრება მოსწონდა, დედამ სთხოვა, ჩეხური ბროლის ჭაღი ჩამომიტანეო და მახსოვს რაღაც უცნაურპლაფონებიანი სანათური ჩამოიტანა, ბროლის რად გინდა, ეს რა ვერ გაანათებს, ნახე, რა ლამაზიაო… სამაგიეროდ წიგნები და ფირფიტები, გაგიხარია, ბევრი გვქონდა, ძირითადად, რუსულ ენაზე, მამას რუსული განათლება ჰქონდა.
პირველი დიდი წიგნი „ბიძია თომას ქოხი“ იყო, მამასთან ერთად წავიკითხე… რუსულად… მერე ნელ-ნელა მივეჩვიე და გავიწაფე ზეპირში, წერა ცოტა მიჭირდა, დახრილად ვწერდი, რუსულს ნაჩვევი,აქაც მამა დამეხმარა. გუშინდელ დღესავით მახსოვს, გვერდით მეჯდა, კარგად წათლილი წითელი ფანქრითა და სახაზავით ხელში და თითოეულ ასოს გვერდით სწორ პერპენდიკულარს ჩამოუხაზავდა ხოლმე, რომ დამენახა, რამდენად დავხარე ნაწერი, თან ყურში მიჩურჩულებდა, ქართული ასოები ლარივით სწორი და მარგალიტის მძივებივით ასხმული უნდა იყოსო.
მაშინ მოსკოვის  რვეულები დიდი ფუფუნება იყო, მარტო ჩემს შვილს რომ ჰქონდეს, სხვებს გული დასწყდებათო, და მთელი კლასისთვის ჩამოჰქონდა…
უკვე 34 წელია მასწავლებელი ვარ და, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ მშობლების, განსაკუთრებით მამების ჩართულობა ბავშების საქმეებსა და ინტერესებში ძალიან დაბალია, ისინი უფრო გამკონტროლებლების როლში არიან, მხოლოდ ითხოვენ და თუ რამე არ მოეწონათ, ეჩხუბებიან შვილებს. ასეთი მიდგომა არასწორია, მე ბავშვობიდან მასწავლეს, რომ საქმეს ერთად რომ ვაკეთებთ და ერთმანეთს ვეხმარებით, კარგია, პასუხისმგებლობასაც ვინაწილებთ, წარმატების სიხარულსაც და მარცხის ტკივილსაც, თუ რამე არ გამოგვივიდა.
ჰოდა, როცა მეორე კლასიც ხუთებზე დავხურე და მხატვრულ კითხვაშიც გავიწაფე, სულ სცენაზე ვიდექი და რაღაცას ვკითხულობდი, ეს ჩემი გამარჯვება იყო, ჩემი და მამასი. აი, სწორედ ამ დროს მიმატოვა მამამ…
მამის გარდაცვალებამ დიდი ტკივილი დაგიტოვათ… ვიცი, რომ მამამ სხვა გადაარჩინა და თვითონ დაიღუპა…
– დიახ, ბავშვიანი ქალი გადაარჩინა, ხელი ჰკრა, როცა დაინახა, რომ სწრაფად მოქროდა მანქანა, თვითონ გადახტომა ვერ მოასწრო, საფეთქელი დაარტყა და იქვე გათავდა, 2 ივნისი იყო, 1968 წლის…
განაცრისფერდა ჩემი ფერადი, უდარდელი ცხოვრება… დედა ძალიან ცდილობდა, შეუძლებელს აკეთებდა, რომ ისეთები გავეზარდეთ მე და ჩემი და, როგორც მამა ოცნებობდა! 34 წელი იცოცხლა მამას მერე, უერთგულა საყვარელი ადამიანის ხსოვნას. დედა ულამაზესი გოგო იყო, უკვე გაზრდილებმა შევბედეთ, რატომ არ გათხოვდი, ცოდო არ იყავი 32 წლის ქალიო, მთელი თვე ხმას არ გვცემდა, ურცხვები ხართ, ჩემს ბალიშზე ჟორას გარდა თავი ვის უნდა დაედოო!
ესეც შეუდარებელი მაგალითი იყო სიყვარულისა, ერთგულებისა და ჭირთა თმენისა.
– ვიცი ისიც, რომ რუსულ ბაღში დადიოდით და მამის დაჟინებული სურვილით ქართულ სკოლაში განაგრძეთ სწავლა…
– წარმოიდგინეთ 7  წლის გოგონა, რომელიც რუსულ ბაღში დადიოდა (ფანტასტიკური აღმზრდელები მყავდნენ, ამაზე სხვა დროს გიამბობთ), დამტვრეული ქართულით ლაპარაკობდა, არც ერთი ქართული ლექსი არ იცოდა, რუსული სკოლისთვის მოამზადა დედამ (მაშინ, 1966 წელს რუსულის გარეშე შვილის მომავალი დაღუპული ეგონათ).
მამის დაჟინებული და მკაცრი მოთხოვნით ქართულ სკოლაში შეიყვანეს, ეს კი მან ასე აუხსნა დედას. თუ ჩვენ საქართველოდან წასვლას არ ვაპირებთ, ბავშვმა მშობლიურ ენაზე უნდა ისწავლოს, რომ უფრო მეტად შეუყვარდეს თავისი სამშობლოო. კომუნისტები დღეს არიან, ხვალ აღარ იქნებიან, საქართველო კი სულ იქნება, რამ მოგაფიქრა მარინას რუსულ სკოლაში შეყვანაო.
მამა თავისუფალი აზროვნების კაცი იყო, ახლა ვფიქრობ, რომ მაშინ, იმ ვითარებაში მამის ეს ნაბიჯი დიდი ვაჟკაცობა იყო.
1984 წელს, როცა 159-ე სკოლაში დავინიშნე მასწავლებლად, პირველი სამუშაო დღის ბოლოს, დედა ტირილით გადამეხვია, მომილოცა მასწავლებლობა და მითხრა, ბრძენი ბიჭი იყო მამაშენიო და კიდევ ერთხელ მიამბო ჩემი სკოლაში შეყვანის ისტორია.
– სკოლის პერიოდი…  ჯერ 31-, შემდეგ 48- და 142- სკოლებში დადიოდით…
– სამი სკოლა: 31-ე, 48-ე და 142-ე, სამივეგან არაჩვეულებრივი მასწავლებლები, ვინც ცოცხალია, დღესაც ვმეგობრობ!
 სკოლის მასწავლებლობა დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც სულიერება მატერიალურმა მხარემ დაჩრდილა…
–  ხშირად მითქვამს მოსწავლეებისთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რა პროფესიას აირჩევთ, სად იმუშავებთ და როგორ განათლებას მიიღებთ, არამედ ის, როგორ ოჯახებს შექმნით, როგორი დედები და მამები იქნებით-მეთქი.
ჩემი მოსწავლეები ჩემთან ხშირად მოდიან სახლში, ღონისძიებებს რომ ვამზადებთ, რეპეტიციებს ჩემთან ვატარებთ ხოლმე, კარგად იცნობენ ჩემს მეუღლეს, შვილსა და შვილიშვილსაც. ხშირად ვუამბობ ჩემი ბავშვობის ამბებს, განსაკუთრებით მამაზე, ამ დროს ვხედავ მათ ანთებულ თვალებს და ვგრძნობ, რომ ამგვარი გაკვეთილები სწყურიათ, ადამიანური ურთიერთობის ცოცხალი გაკვეთილები, სადაც ერთგულებას, პასუხისმგებლობასა და თანადგომას სწავლობენ.
ვფიქრობ, თანამედროვე ადამიანი ცოტა გაეგოისტებულია, ყველაზე მეტი საზრუნავია – „ჩემი კომფორტი“, „მე მინდა“, „მე მომწონს“, „მე მჭირდება“… ასეთ ვითარებაში ინგრევა ადამიანების შემაკავშირებელი ხიდები, წყდება ისედაც დასუსტებული ძაფები და ღრმავდება გაუცხოების უფსკრული.
სკოლის პერიოდი, 6-დან 17 წლამდე, უმნიშვნელოვანესი ადამიანის ცხოვრებაში. სკოლამდელ აღზრდაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება სკოლაში შეიძლება, აი სკოლაში დაშვებულისა კი – ძალზე რთულია. ამიტომ, ვფიქრობ, სკოლის მასწავლებლობა ძალზე დიდი პასუხისმგებლობაა, საერო, საქვეყნო საქმეა. ზუსტად ვიცი, ქვეყანას, რომელიც ამ საკითხს ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს და უპირველეს საზრუნავად არ მიიჩნევს, მომავალი არ ექნება!
– როდის გადაწყვიტეთ ფილოლოგობა?
–  მასწავლებლობაზე არასოდეს მიოცნებია, არც ფილოლოგობა მინდოდა, მე თეატრი მიყვარდა სიგიჟემდე და თეატრის რეჟისორობა მინდოდა. მაშინ იქ ჩაბარება საკმაოდ რთული იყო, მატერიალურადაც გვიჭირდა, საკმაოდ ჯიუტი და რთული ბავშვიც ვიყავი, გამოვუცხადე დედას, უნივერსიტეტის დიპლომი და ჭეშმარიტი განათლება ერთი და იგივე არ არის-მეთქი, და დავიწყე თვითგანათლება მარტინ იდენივით (იმხანად ჩემი საყვარელი წიგნი იყო), უსისტემოდ და ბევრს ვკითხულობდი, თან ვმუშაობდი, ყოველ ხუთ თვეში ვიცვლიდი სამსახურს, ზოგჯერ ისე, რომ დედამ არც იცოდა, უამრავი ნაცნობი მყავდა. ძალიან დიდი ცხოვრებისული სკოლა იყო.
დღეს მოდაშია, დაამთავრებს თუ არა ბავშვი სკოლას, აუცილებლად სტუდენტი უნდა გახდეს, სულ ერთია, სად ჩაირიცხება, „ოღონდ გარეთ არ დარჩეს”… ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ სწორედ ეს წლები დამეხმარა პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ადამიანებთან ურთიერთობა, პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა მასწავლა. დედა სულ ტიროდა, სკოლა წარჩინებით დავამთავრე, ფიზიკამ დამაკარგვინა ოქროს მედალი, დედა დარდობდა, მე სულაც არა, ჰოდა, ეს თითქმის მედალოსანი გოგო „გაუნათლებელი” ვრჩებოდი.
დედამ ჩემს მასწავლებლებს შესჩივლა, მიშველეთო, არ დამიჯერებთ და სწორედ მათ მომათვინიერეს.  ქართულის მასწავლებელმა მერი აფხაზავამ და მათემატიკის მასწავლებელმა ციცინო კაპანაძემ. სულ ყურით მიმათრია ციცინო მასწავლებელმა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში და ხათრით ჩამაბარებინა საბუთები.

„მასწავლებელს შეუძლია, შეცვალოს ცხოვრება“

– სტუდენტობა… ვინ დატოვა კვალი თქვენს ცხოვრებაში, რით იყო სტუდენტობა ღირებული?
– მუშაობას თავს ვერ დავანებებდი, დედას დახმარება სჭირდებოდა, დაუსწრებლად ვისწავლე, სულ „კუდები“ მრჩებოდა, ერთხელ გარიცხვის კანდიდატიც კი ვიყავი, ვადებში ვერ ჩავაბარე „ისტმატი“, „მეცკომი“ და რაღაც ესეთები… ახლა მეცინება, სამაგიეროდ ჩემთვის საინტერესო საგნებს სერიოზულად ჩავუჯექი, მაგრამ მაინც ძირითადად საკუთარ თავზე მე თვითონ ვმუშაობდი.
საბოლოოდ ამ ცელქმა გოგომ წითელი დიპლომიც დავიმსახურე, ყველაზე ტკბილად ბატონი ლეო კვაჭაძის შექება მახსენდება, სახელმწიფო გამოცდის ბოლოს ხელი ჩამომართვა და მითხრა, პირობა მომეცი, რომ აუცილებლად ქართულის ენის მასწავლებლად იმუშავებო, უკვე ვმუშაობ-მეთქი, ვუპასუხე, მაშინ შემპირდი, რომ არასოდეს მიატოვებო!
აგერ უკვე 34 წელია ვასრულებ პირობას!
მე რომ მასწავლებელი ვარ, ეს ჩემი მასწავლებლების – ნელი რუხაძის, მერი აფხაზავას და თამაზ ტატიშვილის დამსახურებაა.
– ლეგენდასავით დადის თქვენი ერთი ამბავი,  მაშინ, როდესაც ის-ის იყო გამოდიოდით ცხოვრების ასპარეზზე, როგორ დაგიდგნენ მხარში თქვენი მასწავლებელი და  მაშინდელი განათლების მინისტრი…

თამაზ ტატიშვილთან შეხვედრა

– როცა ვყვები, ჩემი მოსწავლეები არ იჯერებენ ხოლმე…
1983 წელია.71-ე სკოლაში ვმუშაობ კომკავშირის კომიტეტის მდივნად (იყო ასეთი). ვგრძნობ, რომ ეს არ არის ჩემი ადგილი, ცუდად ვარ, შემხვდა ჩემი ქართულის მასწავლებელი, ნელი რუხაძე, მომკითხა სიყვარულით და ავტირდი, აღარ შემიძლია აქ მუშაობა, სოფელში მინდა მასწავლებლად-მეთქი, უკვე მეოთხე კურსს ვხურავდი, შენი საყვარელი თამაზი მასწავლებელი ახლა მინისტრის მოადგილეა, მიდი და გულახდილად უთხარი, იქნებ დაგეხმაროსო.
გავბედე და მივედი განათლების სამინისტროში, მინისტრი მაშინ ბატონი ოთრ ქინქლაძე იყო, საოცარი კაცი, თამაზ მასწავლებელს ვუამბე ჩემი განცდების შესახებ, აღარ მინდა კომკავშირში მუშაობა, ფრიადოსანი სტუდენტი ვარ, სკოლაში მუშაობის გამოცდილებაც მაქვს და ნებისმიერ რაიონში გამიშვით მასწავლებლად-მეთქი. მომისმინა და მითხრა, მე ვერაფერს გიშველი, რაც ახლა მითხარი, გულახდილად დაწერე განცხადებაში და მინისტრის კანცელარიას ჩააბარეო. არასოდეს დამავიწყდება ბატონ ოთართან შეხვედრა… დიდხანს მესაუბრა, წაიკითხა ჩემი განცხადება, უამრავი კითხვა დამისვა და წააწერა განცხადებას; „ნება დაერთოს გამონაკლისის წესით”.
აი, ასე გამიკვალეს ცხოვრების გზა სრულიად უპატრონო, ობოლ გოგონას ჩემმა მასწავლებლებმა და უკეთილშობილესმა ადამიანებმა, სრულიად უანგაროდ, მაშინ როცა მასწავლებლად მოწყობა ძალიან რთული იყო, უზარმაზარი რიგები იდგა!
მაშინდელი ლენინის რაიონის განათლების განყოფილების გამგესთან კი ისევ ჩემმა ქართულის მასწავლებელმა მერი აფხაზავამ მიშუამდგომლა და თავდებადაც დამიდგა, მე ვაგებ პასუხს, თუ ვერ შეძლებსო!
პირველი სარაიონო გაკვეთიილი რომ ჩავატარე, ყველაზე მეტად მერი მასწავლებლის მეშინოდა, მკაცრი იყო და ძალიან სამართლიანი, გაკვეთილის ბოლოს მოვიდა, გადამეხვია და მითხრა: „ერთი შვილ მაინც გაგზარდე ვეფხვებთან მეომარიაო”. ეს იყო ყველაზე დიდი შეფასება ჩემი მასწავლებლობის!
34 წლის შემდეგ თვითონ მომძებნა ფეისბუქზე ჩემმა თამაზ მასწავლებელმა, ჩემი ცხოვრების დამკვალიანებელმა ბატონმა თამაზ ტატიშვილმა.
– ასე რომ, მასწავლებლობამდე… ფიქრი, ძიება, საკუთარ თავში ჩაღრმავება იყო?
– ასე რომ, მასწავლებლობამდე ჩემი თავისა და ადგილის ძიებამ მიმიყვანა, სხვათა შორის ძალიან დამეხმარა თეატრის სიყვარული, მასწავლებელი ხომ ცოტა მსახიობიც უნდა იყოს, რეჟისორიც.
ერთფეროვნება და უფერულება ვერ მონუსხავს ბავშვს, ის მუდმივად რაღაც ახალს და საინტერესოს უნდა ელოდეს შენგან, თუ გინდა, რომ აანთო, რაიმეს სურვილი გადასდო, უნდა დაარწმუნო, რომ შენ თვითონ იწვი ამ სურვილით, სხვაგვარი დამოკიდებულება სიყალბეა, სიცრუე, ამას კი ბავშვები დიდებს ვერ გვპატიობენ.
თუ სამშობლოზე საუბრობ, ლიტონ სიტყვად არ უნდა აქციო ეს საუბარი შენი ყველა ნაბიჯით, ყველა საქმით, დამოკიდებულებით უნდა აჩვენო, რომ გიყვარს შენი ქვეყანა, რომ სულერთი არ არის, როგორები გაიზრდებიან ისინი, რადგან სწორედ მათზეა სამშობლის ბედი დამოკიდებული.
ვფიქრობ, დღევანდელ სკოლას სწორედ ეს ცეცხლი აკლია. უკაცრავად, მაგრამ კარგად „დატრენინგებული“ მასწავლებლები, რომლებიც მხოლოდ კრედიტქულების დაგროვებაზე ფიქრობენ, როგორი ერუდიციისა და განათლების მქონენიც უნდა იყვნენ, ვერ აღზრდიან თავისუფალ, ზნემაღალ და მოაზროვნე თაობას. ზედაპირული და გულგრილი დამოკიდებულება სკოლისა და ბავშვების მიმართ დანაშაულია!
– და მაინც, რას ნიშნავს მასწავლებლობა თქვენთვის?
– ყველაფერს: ცხოვრების წესს, საზრისს, ფიქრს, სიყვარულს, სუნთქვას, დარდს – ყველაფერს, რის გარეშეც ვერ იცოცხლებ, ეს არ არის პათეტიკა, მე იმ ასაკში ვარ, როცა გაბედულად არქმევ ყველაფერს თავის სახელს, არ მჭირდება კოკობზიკობა, ერთ წელში პენსიონერი ვიქნები, ასე რომ, აბსოლუტურად გულწრფელი ვარ, თუმცა თვალთმაქცობა არც ახალგაზრდას მეხერხებოდა.
დღეს ბევრი რამაა მასწავლებელზე დამოკიდებული. ბავშვს ფიქრი უნდა ასწავლო, თავისუფალი ფიქრი, რომელსაც კეთილგონიერებამდე მიჰყავს ადამიანი, პასუხისმგებლობა და საზოგადოებასთან, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, რომელიც თავმდაბლობისა და სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია.
დღევანდელ სამყაროში, დიდ ილიას დავესესხები, „მე“ ბევრია და „ჩვენ“ ცოტა, აი, ამ „ჩვენ“-ის სწორი გააზრება უნდა ვისწავლოთ, რომ მერე ჩავწვდეთ და გავაცნობიეროთ, რას ნიშნავს სამშობლო.
– ქართულის მასწავლებელს დიდი მისია აკისრია სკოლაში – არასრულყოფილი სახელმძღვანელოების გარდა, დაბინძურებულია ქართული ენაც… სწორედ მასწავლებელმა უნდა შეაყვაროს მშობლიური ლიტერატურა ბავშვს. წლებია, ამ მისიას ემსახურებით… რა საიდუმლოს იყენებთ?
– ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ქართული ენა – ლიტერატურის, ისტორიის მასწავლებლებს ყველაზე მეტის გაკეთება შეგვიძლია. მასწავლებელია სკოლაში უმთავრესი ფიგურა, რა თქმა უნდა, ბავშვის შემდეგ. ჩვენი პროფესიის საიდუმლო ფორმულა  მარტივია, ცოდნას პლუს ბავშვისა და შენი საგნის სიყვარული, გადამდები სიყვარული!
– ლიტერატურული კლუბი „ნეკერჩხალი“ დააარსეთ. მოგვიყევით კლუბის საქმიანობაზე და წევრებზე. რატომ ნეკერჩხალი?
სწორედ ლიტერატურის ასეთმა გადამდებმა სიყვარულმა შეგვაქმნევინა მე და ჩემს მოწაფეებს 1994 წელს ლიტერატურული კლუბი „ნეკერჩხალი“. რატომ „ნეკერჩხალი“? ამასაც თავისი ისტორია აქვს, გყავთ გამორჩეულად საყვარელი მწერალი, რომელიც ისე წერს და ფიქრობს, თითქოს შენს აზრებს კითხულობს, გატირებს, გაფიქრებს და გიჩნდება გრძნობა, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანია შენი, აი, ყველაზე დაფარულ გულისნადებს რომ გაუმხელ, ისეთი? მე მყავს – რევაზ ინანიშვილია ეს მწერალი, გადავდე ეს სიყვარული მოსწავლეებს, ვიკითხეთ მისი ნაწერები, მერე ქალბატონი როზაც გავიცანით, სამწუხაროდ, ბატონი რეზოს გარდაცვალების შემდეგ და მისი სახელობის ლიტერატურული კლუბიც დაიბადა.  ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი ყველას გვახსოვს, ერთგულების, სიყვარულისა და უსასრულო მოლოდინის სიმბოლო, აი ამიტომ დავარქვით „ნეკერჩხალი“.
გაკვეთილების გარდა, ჩემი დიდი საზრუნავია ნეკერჩხალი, რომელიც საინტერესო პროექტებს ახორციელებს და ცდილობს, წიგნთან დაამეგობროს მოზარდები, გააცნოს საინტერესო მწერლები, ფიქრი და ნაფიქრის გაზიარება ასწავლოს, ამას ემსახურება ტრადიციული ბაკურიანული საღამოები, აქტიური მონაწილეობა ქალაქის ლიტერატურულ ღონისსძიებებში.
პროექტის – „წიგნების სამყარო გვაერთიანებს“ ფარგლებში „ნეკერჩხლელები“ ესტუმრნენ ხულოს რაიონის  სოფელ სხალთის სკოლას, დაუვიწყარი იყო ეს შეხვედრა, რომელზეც „ნეკერჩხლელებმა“ საყვარელი წიგნები გააცნეს და საჩუქრად გადასცეს აჭარელ თანატოლებს.
წელს „ნეკერჩხალმა“ კიდევ ერთი თაობა გააცილა სკოლიდან, საინტერესო ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი, მეთორმეტეკლასელები სკოლის ბიბლიოთეკას უსახსოვრებენ საყვარელ წიგნებს.

შვილთან და შვილიშვილთან ერთად

– სკოლა რევაზ ინანიშვილის სახელს ატარებს. როგორ ეწოდა დიდი მწერლის სახელი?  ახალი სასწავლო წელს  სიახლეებით ხვდება 159-ე საჯარო სკოლა სკოლა…
– „ნეკერჩხლელების“ მრავალი თაობა დაფრთიანდა ამ ხნის განმავლობაში. პირველი რევაზ ინანიშვილობა 1996 წლის დეკემბერში გავმართეთ, სწორედ ამ შეხვედრაზე ბატონმა თამაზ ჭილაძემ გვითხრა, კარგი იქნება, სკოლას, რომელშიც ასე უყვართ ჩვენი რეზო, მის სახელს მივანიჭებთო. ავიტაცეთ ეს იდეა და დღეს უბედნიერესი ვარ, რომ ჩემი სკოლა რევაზ ინანიშვილის სახელს ატარებს.
„ნეკერჩხლელებს“ ძვირფას საჩუქარს უმზადებს სკოლის დირექტორი თამილა გვარამაძე, წელს ჩვენს წიგნის მოყვარულებს ახლად გარემონტებული, კომფორტული და ლამაზი ბიბლიოთეკა დახვდებათ, აი, ვასიკო კეჟერაძე რომ ოცნებობდა, ისეთი კარცერ-ლუქსი, მაგრამ ბატონი გურამი არ გვიწყენს ალბათ, კარცერი ცოტა უსიამო განწყობას ქმნისო და ბავშვებმა, „ფიქრ-ლიტ-ლუქსი“ დავარქვათო. ძალიან საინტერესო პროექტი ჩავიფიქრეთ, ტრადიციული საქმიანობის გარდა, სიახლეებიც გვექნება, თუმცა ეს ჯერ საიდუმლოა.
– ოჯახი, მეუღლე, შვილები...
– უკვე 31 წელია, ზურგს მიმაგრებენ ჩემი ყველაზე საიმედო ადამიანები, მეუღლე, რობერტ კოკოლაშვილი, პროფესიით მშენებელი ინჟინერი და ქალიშვილი ნატა, რომელიც გარდა ძირითადი პროფესიისა (იურისტია, ლექციებს კითხულობს ჯიპაში) გატაცებულია მხატვრული ლიტერატურითა და პოეზიით.
აი, უმთავრესი პიროვნება კი ჩემს ცხოვრებაში ელენე დათიაშვილია, მესამეკლასელი შვილიშვილი, რომელიც სულ დღეებს ითვლის, როდის გახდება იმხელა, რომ ბებოს მოსწავლეებთან ერთად იხეტიალოს მთასა და ბარში, საერთოდ, ვფიქრობ, რომ ადამიანის წარმატებულ და შედეგიან საქმიანობას დიდწილად განაპირობებს მეგობრული, შეერთხმებული ოჯახი, სადაც სიყვარული, ერთგულება და თანადგომა იციან. ამ მხრივ ნამდვილად დამაჯილდოვა უფალმა!
– ჰობი
– ჩვენი ჰობი საქართველის მთა-ჭალებში წანწალია, სამშობლო რომ გიყვარდეს, მას უნდა იცნობდე, ის უნდა შეიგრძნო, ცოცხლად, აი, გალაკტიონისეულად, ფეხშიშველა რომ გაივლი ცვრიან ბალახზე ისე. ამიტომ დავჯარდებით ხოლმე „ნეკერჩხლელები“ და დავდივართ მთა-მთა, მინდორ-მინდორ და ტყე-ტყე. თან ჩვენი ფიქრები დაგვაქვს, რომ კოცონთან ერთმანეთს გავუზიაროთ!
– ნატვრა
– ეეჰ, სანატრელზე მეტი რა გვაქვს, მაგრამ ორიგინალური არ ვიქნები და ერთს გაგიმხელთ – ბევრი კარგი, კეთილმოწყობილი სკოლა ბავშვებს და მრავალი მცოდნე და სიყვარულით სავსე მასწავლებელი სკოლას! როგორც რევაზ ინანიშვილი იტყოდა:  „ღმერთო, ულხინე ყველა ბავშვს ქვეყანაზე“!

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები