10 წლის შემდეგ გერმანიის კანცლერი საქართველოს ეწვევა – რა მოლოდინი აქვს ნიკა ჩიტაძეს

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე იმედოვნებს, რომ საქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველო-გერმანიის ურთიერთობას გააღრმავებს.
როგორც ჩიტაძემ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, ეკონომიკა, უსაფრთხოება, მათ შორის ენერგოუსაფრთხოება ის საკითხებია, რომლებზეც მისი აზრით, ორმხრივი შეხვედრებისას განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს.
„ის, რომ 10 წლის შემდეგ გერმანიის კანცლერი საქართველოში ვიზიტით ჩამოვა, თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა. ქართულ მხარესთან გამართული შეხვედრებისას განსახილველ საკითხებში ერთ-ერთი მთავარი თემა, ალბათ იქნება ეკონომიკა, ვიცით თუ რა ძლიერი სახელმწიფოა და რამხელა პოტენციალი აქვს გერმანიას ამ მიმართულებით. მართალია სხვადასხვა გერმანული კომპანიების წარმომადგენლები ფუნქციონირებენ საქართველოში, თუმცა აღნიშნული ქვეყნის ხვედრითი წილი საქართველოს ეკონომიკაში მაინც შედარებით უმნიშვნელოა, ასევე სხვადასხვა გერმანული ფონდებია წარმოდგენილი საქართველოში, რომლებიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ხელს უწყობენ, მათ შორის: “ადენაუერის”, “ნაუმანის” და სხვა ფონდები. ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია უსაფრთხოება, მათ შორის ენერგოუსაფრთხოებაც, საქართველოს გააჩნია ძლიერი სატრანზიტო პოტენციალი, ვფიქრობ ამ და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე უნდა გაკეთდეს აქცენტები“, -აცხადებს ჩიტიძე.
ამასთან ექსპერტის შეფასებით, მერკელის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტი, ადასტურებს, იმას, რომ გერმანია დაინტერესებულია კავკასიის რეგიონში სტაბილურობით, კონფლიქტების მოგვარებითა და ინვესტიციების დაბანდებით.

„მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მერკელი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტამდე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე გერმანია აქტიურად იყო ჩართული და ცდილობდა შუამავლის როლი ეთამაშა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში. კერძოდ გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია ოკუპირებულ აფხაზეთს და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. დღესაც შესაძლებელია, რომ გერმანია ცდილობდეს ითამაშოს შუამავლის როლი კონფლიქტების მოგვარებაში,მათ შორის საქართველოს და რუსეთ შორის. მით უმეტეს უკვე წლებია გერმანია იბრძვის იმისთვის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრის სტატუსი მიენიჭოს.
გერმანიის კანცლერი ასევე ეწვევა სომხეთს და აზერბაიჯანს, ჩემი შეფასებით ეს მიუთითებს იმაზე, რომ გერმანია დაინტერესებულია, როგორც საქართველოში ისე მთელს კავკასიის რეგიონში სტაბილურობით, კონფლიქტების მოგვარებით, ინვესტიციების დაბანდებით სხვადასხვა ენერგეტიკული თუ სატრანპორტო პროექტების განხორციელებით“, -განაცხადა ჩიტაძემ.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ გერმანიამ უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, გერმანიის ეროვნულ ინტერესებზეც დადებითად აისახება.
„ ვიცით რომ არსებობს რიგი პრობლემები გერმანია საქართველოს ურთიერთობებში კონკრეტულად კი გერმანია ჯერჯერობით თავს იკავებს, რომ საქართველოს მიენიჭოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა – მაპი, ამასთან ვიცით, რომ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ნაწილი არღვევს უვიზო მიმოსვლის პირობებს და ეს პრობლემაც არის.ჩვენმა ხელისუფლებამ გერმანული მხარე უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველოსთვის მაპის მიღება და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია თვითონ გერმანიის ეროვნულ ინტერესებზეც დადებითად აისახება. თავად გერმანიის ინტერესებს უნდა შედიოდეს საქართველოს სტაბილურობა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობიდან გამომდინარე“, -განუცხადა „კვირას“ ჩიტაძემ .
შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა. ანგელა მერკელი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება.
სამხრეთ კავკასიურ ტურნეს კი აზერბაიჯანში ვიზიტით დაასრულებს. აღსანიშნავია, რომ 18 აგვისტოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გერმანიაში, შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები