ციხელაშვილი მედვედევის განცხადებას პასუხობს: საქართველო თავისი განვითარების კურსით, რეფორმებით არავის წინააღმდეგ არ იბრძვის

ციხელაშვილი მედვედევის განცხადებას პასუხობს: საქართველო თავისი განვითარების კურსით, რეფორმებით, არავის წინააღმდეგ არ იბრძვის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ საქართველო, თავისი განვითარების კურსითა და რეფორმებით, არავის წინააღმდეგ არ იბრძვის. მისი თქმით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების კურსი ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ქვეყანამ თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში განავითაროს ეკონომიკა, ხალხი ჰყავდეს დაცული.

„სამწუხაროდ, ეს ახალი არ არის, თუმცა კიდევ ერთხელ პასუხად მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას: საქართველო თავისი განვითარების კურსით, რეფორმებით, არ იბრძვის არავის წინააღმდეგ. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების კურსი ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ქვეყანამ თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში განავითაროს ეკონომიკა, ხალხი ჰყავდეს დაცული. ეს არის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის წინაპირობა, რომელიც არ არის მიმართული არც რუსეთის და არც რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატოში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება.

„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“,- განაცხადა მედვედევმა რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები