“ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ უპირისპირდება – ის პირდაპირ ეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას” – შალვა პაპუაშვილი

“ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ უპირისპირდება – ის პირდაპირ ეხება საქართველოს სახელმწიფოს მეორე ისტორიულ საყრდენს – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ანგარიშში ეკლესიის მოხსენიება რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში, წარმოადგენს ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე პირველ ღია თავდასხმას და შეურაცხყოფას აყენებს მილიონობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს.

“ამასთან, ეს საშიში პრეცედენტი, აჩენს განცდას, რომ ევროპარლამენტს, როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც, პირველს მოასინჯინეს ნიადაგი მსგავსი თავდასხმებისთვის.

ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე ერთდროული შეტევა, არსებითად, არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე. როდესაც ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მმართველი პოლიტიკური ძალები ასეთ დეზინფორმაციასა და პოლიტიკურ დივერსიას დუმილით ან მხარდაჭერით პასუხობენ, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ვერ შეძლებენ თავად ხელი დაიბანონ და პასუხისმგებლობა ყველასგან მოძულებულ ევროპარლამენტს გადააბრალონ. ამიტომ, ჩვენთვის პრინციპულია, რომ ევროკომისია თავშივე გაემიჯნოს ევროპარლამენტის მხრიდან ქართულ ეკლესიაზე ამგვარ უხეშ თავდასხმას.

ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიას ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად. ამისთვის აუცილებელია, შეწყდეს ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკა; დასრულდეს დეზინფორმაცია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ; სრულად იქნეს აღიარებული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი და განუხრელად იქნეს დაცული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები.

ფარისევლობაა, როდესაც, ერთი მხრივ, ევროპარლამენტი უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას გმობს, ხოლო, მეორე მხრივ, თავად ცდილობს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვიტოს. საერთაშორისო სამართლისა და ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპების ასეთი შერჩევითი გამოყენება ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი უარს ამბობს სახელმწიფოთა თანასწორობისა და ხალხთა თავისუფალი ნების პატივისცემაზე და მსოფლიოს იმ ეპოქისკენ აბრუნებს, როდესაც ხალხების ბედს მეტროპოლიები განსაზღვრავდნენ და არა თავად ამ ქვეყნების მოსახლეობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები