N50 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში მშობლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

თბილისის N50 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში გაიმართა ტრენინგი თემაზე – „რთული ქცევის მართვა ბავშვებში და გაჯეტდამოკიდებულება“.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტრენინგი „თბილისის ბავშვთა და მოზარდთა მზრუნველობის სააგენტოს“ მიერ განხორციელებული მასშტაბური სოციალური პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მას სააგენტოს დირექტორი თენგიზ ფოფხაძე ესწრებოდა.

აღნიშნული პროექტი თბილისის მერიის მნიშვნელოვანი სოციალური და საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობის ხელშეწყობას, ოჯახების გაძლიერებასა და მშობლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

პროექტი მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია და პრაქტიკული რეკომენდაციები გამოწვევების ეფექტიანად მართვისთვის.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე: რთული ქცევის გამომწვევი მიზეზების ამოცნობა და ანალიზი; ქცევის მართვის ეფექტური ტექნიკები და კონსტრუქციული მიდგომები; გაჯეტდამოკიდებულების პრევენცია და ეკრანთან გატარებული დროის ჯანსაღი მართვა; ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოშობილი სირთულეების დაძლევის პრაქტიკული გზები და რეკომენდაციები.

ტრენინგს უძღვებოდნენ სააგენტოს ფსიქოლოგები, რომლებმაც მშობლებს კვალიფიციური რჩევები და პრაქტიკული ინსტრუმენტები გაუზიარეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სააგენტოს ფსიქოლოგებთან ინდივიდუალური კონსულტაციები გაევლოთ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია და მხარდაჭერა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მსგავსი შეხვედრები მათ ეხმარება, უკეთ გაიგონ შვილების საჭიროებები და ყოველდღიურ გამოწვევებს უფრო მარტივად გაუმკლავდნენ. „თბილისის ბავშვთა და მოზარდთა მზრუნველობის სააგენტო“ მომავალშიც განაგრძობს მსგავსი სოციალური პროექტების განხორციელებას, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი პატარების კეთილდღეობასა და ჯანსაღ განვითარებას“, – განაცხადა თენგიზ ფოფხაძემ.

პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება თბილისის ყველა, 190-ვე საბავშვო ბაგა-ბაღში. ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში გამართულ ტრენინგებს 3 500-ზე მეტი მშობელი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები