აკაკი ზოიძე: მომხრე ვარ, რომ მარიხუანას მოხმარების აკრძალვა გავრცელდეს 21 წლამდე

მე პირადად მომხრე ვარ, რომ ამ ახალი გადაწყვეტილების ფარგლებში მაქსიმალური შეზღუდვები და აკრძალვები გამოვიყენოთ მარიხუანასთან მიმართებაში – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ზოიძემ აღნიშნა, მარიხუანაზე უნდა გავრცელდეს ის შეზღუდვები, რაც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონით არსებობს.
„გარდა ამისა, ღია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც შესაძლოა, რომ იყვნენ ბავშვები, მაგალითად, სკვერებში, სტადიონებზე და ა.შ. ჩემი აზრით, უნდა გავრცელდეს ანალოგიური რეგულაცია. ასევე მომხრე ვარ, რომ შეზღუდვები დაწესდეს ასაკის მიხედვითაც. მე პირადად მომხრე ვარ, რომ მარიხუანას მოხმარების აკრძალვა გავრცელდეს 21 წლამდე,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ამასთან, ზოიძე მომხრეა, რომ შეზღუდვები შეეხოს იმ პროფესიებსაც, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან არის დაკავშირებული.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, მემანქანე, პილოტი, ექიმი, მასწავლებელი, საჯარო მოხელე და ა.შ. – აღნიშნულ პროფესიებშიც მაქსიმალური შეზღუდვები უნდა იყოს. რომ შევაჯამოთ, მე ვარ უმკაცრესი რეგულაციების მომხრე. ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანაა როგორც მარიხუანას, ასევე დანარჩენი ნარკოტიკული საშუალებების შემცირება. ამისათვის აუცილებელია დეკრიმინალიზაცია. ანუ ყველა ნარკოტიკის არალეგალურად დატოვება, აკრძალვა, ოღონდ საპატიმრო სასჯელის ჩანაცვლება მკურნალობით, ზრუნვით და დახმარებით,“ – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სანქცია გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები