თეა წულუკიანი: კვირიკაშვილსა და პოლიტიკურ გუნდს შორის კომუნიკაცია ბოლო თვეებში უკიდურესად შესუსტებული იყო

“გუნდურობა როდესაც იმ დონეზე სუსტდება, რა დონეზეც ბოლო პერიოდში იყო შესუსტებული, რა თქმა უნდა, სასიცოცხლო გახდა ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადა. როგორც მან პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა, მან კარგად ახსნა პოლიტიკაში თავისი დაბრუნების მიზეზი.
წულუკიანი ეთანხმება ივანიშვილის მოსაზრებას, რომ ყოფილ პრემიერსა და პოლიტიკურ გუნდს შორის კომუნიკაცია ბოლო თვეებში უკიდურესად შესუსტებული იყო.
“შემიძლია დავეთანხმო ბიძინა ივანიშვილს. პრემიერსა და ზოგადად, პოლიტიკურ გუნდს შორის კომუნიკაცია ბოლო თვეებში უკიდურესად შესუსტებული იყო. მე ამ შესუსტებული კომუნიკაციის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. გუნდურობა როდესაც იმ დონეზე სუსტდება, რა დონეზეც ბოლო პერიოდში იყო შესუსტებული, რა თქმა უნდა, სასიცოცხლო გახდა ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება. მან კარგად ახსნა, რომ უკვე გარედან დახმარების რეჟიმში ის ვეღარ შეძლებდა პროცესების სწორი მიმართულებით წარმართვას ისე, რომ გუნდი არ დაშლილიყო. შესაბამისად, ჩვენ მაშინ ყველანი მივესალმეთ, რომ პარტიის დამფუძნებელი პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდა,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილს მართვა აღარ შეეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები