მამუკა ბახტაძე – ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში ან ხელს აფარებს ამ უმსგავსო საქციელს

მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში; იჩეხება ტყეები, რომლის აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება, და გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 15 პირის დაკავებას გამოეხმაურა.
„მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ძალიან პრინციპულები ვიქნებით ამ უკანონობასთან ბრძოლაში და მინდა, მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ეს პირი, თუ იქნება ვინმე, ვინც ხელს აფარებს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა ეს ადამიანი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ამასთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით განცხადებას გააკეთებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემის გადასაჭრელად უკვე იდგმება ქმედითი ნაბიჯები, რომლის ნაწილიც არის ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი ინიციატივა, ხე-ტყის იმპორტის დღეგ-გან გათავისუფლების შესახებ.
„როდესაც ჩვენ პრობლემის მოგვარებაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ადმინისტრაციული ღონისძიებები საკმარისი არ არის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხე-ტყის იმპორტი გათავისუფლდება დღგ-ისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ მორისა და ფიცრის ექსპორტზე. რეგულაციები არის ძალიან ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ეს რეგულაცია ჩვენ მომავალში საშალებას მოგვცემს, აღვადგინოთ მწვანე საფარი და დავაჩქაროთ ე.წ რეფორესტიზაზციის, ანუ ტყის აღდგენის პროცესი. ამასთან ერთად, ჩვენ მივესალმებით ისეთ საწარმოებს, რომლებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას საქართველოში, მაგრამ თუ ვინმეს უნდა ხე-ტყის ჭრა და შემდეგ მისი მორად ან ფიცრად გაყიდვა, ასეთი ამბავი ვეღარ მოხდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები