ვის უფრო სჭირდებოდა ეს შეხვედრა ამერიკას თუ რუსეთს? – რას ფიქრობს ამირან სალუქვაძე ტრამპი -პუტინის შეხვედრაზე და გამოწვეულ რეაქციებზე
ანალიტიკოსი, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ჰელსინკში გამართულ შეხვედრასა და აღნიშნული შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და მსოფლიოში გაკეთებულ შეფასებებს მიმოიხილავს. ამირან სალუქვაძე შესაბამის ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ტრამპი-პუტინის შეხვედრის და ჩვენს/მსოფლიო საზოგადოებაში გამოწვეული რეაქციების შესახებ:
სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია ჰელსინკის სამიტმა. ამერიკაში ტრამპი ლამის ჯვარს აცვან. სიტყვა სამიტს არ იყენებენ და უბრალოდ შეხვედრას ეძახიან.
რუსეთში კი ეიფორიაა და მინიმუმ ერთი კვირა იქნება თოქ-შოუების მთავარ თემად. სერიოზული აჟიოტაჟია ჩვენთანაც. ჩვენს განწყობებზე, ბლოგის ბოლოს.
ის რომ საერთაშორისო პრობლემატიკაში პუტინი გაცილებით უკეთაა მომზადებული, უდავოა. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რის გამოც კონგრესი ეწინააღმდეგებოდა პირისპირ შეხვედრას, რომელიც დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა.
მივყვეთ თანმიმდევრობით:
ვის უფრო სჭირდებოდა ეს შეხვედრა, ტრამპს თუ პუტინს, ამერიკას თუ რუსეთს? რა თქმა უნდა, რუსეთს და პუტინს. ამერიკასაც და პირადად ტრამპსაც ჰქონდათ თავისი მიზნები ამ შეხვედრიდან, მაგრამ საკითხავია ვინ მეტი სარგებელი ნახა.
შეხვედრა ტრადიციული დაგვიანებებით დაიწყო. ჯერ პუტინი ჩაფრინდა დაგეგმილზე 50 წუთის დაგვიანებით.რის გამოც ტრამპს სასტუმროში ლოდინი მოუწია და შეხვედრის ადგილზე არ გაემგზავრა პუტინის ჩამოფრენამდე. სამაგიეროდ, შემდეგ ტრამპი მივიდა 20 წუთის დაგვიანებით. შესაბამისად, შეხვედრა 70 წუთით გვიან დაიწყო. ვინ ვის ალოდინებდა საკითხავია. ერთი ცხადია, რომ ორთავემ ერთად მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი ალოდინა.
არავინ იცის როგორ წარიმართა ორსაათიანი შეხვედრა პირისპირ. ოდესმე თარჯიმნები დაწერენ მემუარებში. ჩვენ მხოლოდ პრესკონფერენციის შედეგებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ.
ტრამპი გაცილებით მომგებიან პოზიციაში იქნებოდა, როგორც მთელი მსოფლიოს, ასევე ამერიკული საზოგადოების წინაშე, საერთოდ რომ არ ჩაეტარებინათ პრესკონფერენცია.
პუტინმა მოირგო მოდერატორის როლი. კითხვების უმეტესობაც მისი მისამართით იყო და ყველაზე მეტიც მან ილაპარაკა. მ.შ. ხშირად ტრამპის მაგივრადაც პასუხობდა. ენამოსწრებულობას და ცინიზმს ვერ დავუკარგავთ. შესაბამისად, შესძლო, რომ საკუთარი თავი უფრო მომგებიანად წარმოეჩინა.
სანამ შევაჯამებთ, თუ რა მიიღო მსოფლიომ ან მხარეებმა ამ შეხვედრიდან, ჯერ მივყვეთ თემატურად. ეს ის თემებია, რომლებზეც ისაუბრეს პირისპირ შეხვედრის (2 სთ) და დელეგაციებთან ერთად (სადილის დროს, 1,5 სთ). ფაქტიურად, ყველა ის თემა განიხილეს, რომელთა შესახებ ვწერდი 11 ივლისის ბლოგში.
1. რუსეთის ჩარევა ამერიკის არჩევნებში.
ამ საკითხზე ტრამპის პოზიციამ ყველაზე დიდი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მან დაადანაშაულა საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურები კონკურენტი კანდიდატის სასარგებლოდ მოქმედებებში. მეტიც, სულელებად მოიხსენია ისინი.
ფოქს ნიუსთან მიცემულ ინტერვიუში, პუტინი კითხვაზე ერეოდა თუ არა რფ აშშ-ის არჩევნებში, კითხვით პასუხობს, როგორ შეძლებდა რუსეთი ზეგავლენა მოეხდინა არჩევნებზეო. ჟურნალისტმა დაუზუსტა კითხვა, არ გეკითხებით შესძლო თუ არა ზეგავლენის მოხდენა, მცდელობა თუ გქონდათო. რაზეც პუტინი პასუხობს, რომ მის განცხადებებს ითხოვს.
ტრამპის პოზიცია უნდა იყოს, რომ რუსეთს ჰქონდა მცდელობები. ის კი თავის საგამოძიებო სამსახურებს სთხოვს სერვერი მაჩვენეთო.
აქ ისარგებლა პუტინმა და უთხრა, მოგვწეროს მიულერის კომისიამ ოფიციალურად და გავცემთ პასუხსო. ოღონდ ორმხრივი უნდა იყოს თანამშრომლობაო. ჩვენც გვაქვს პრეტენზიები, რომ ჩვენს საქმეებში ერეოდითო და გაუხსენა ბრაუდერის საქმე, ჯორჯ სოროსის საქმიანობა. სოროსზე თქვა, რომ ყველაფერში ერევა, მაგრამ ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც კერძო პირის და არა სახელმწიფოს ჩარევასო.
რა თქმა უნდა პუტინი, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო გულახდილი, მაგრამ ეს თემა მის სასარგებლოდ დასრულდა. პრესკონფერენციაზე, თორემ ამერიკაში არაფერი შეიცვლება და ეს საკითხი შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზეც აქტუალური იქნება.
2. ორმხრივი ურთიერთობები
ორმხრივ ურთიერთობებზე გაკეთდა შეფასება, რომ ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ყოფილა და ტრამპმა ეს ტრადიციულად წინამორბედებს გადააბრალა.
შესაძლოა აშშ-ს პრეზიდენტს ჰქონდა მოლოდინები, რომ ამ დათბობით, შეხვედრით, პირისპირ მოლაპარაკებებით, რუსეთს უფრო დამყოლს გახდიდა. თუმცა, მგონი ეტყობოდა სახეზე, რომ ისე წარმატებულად არ წარიმართა, როგორც ჩრდილოეთ კორეის პირველ პირთან ან ნატოს ლიდერებთან.
ეს შეხვედრა, ზუსტად პუტინის ხისტი პოზიციის გამო, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში სერიოზულ ცვლილებებს ვერ შეიტანს. შესაძლოა იყოს მეტი კომუნიკაცია, მაგრამ კონგრესი მეტი განვითარების საშუალებას არ მისცემს.
არაა გამორიცხული კონგრესმა პრეზიდენტის ფუნქციების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვაზე იფიქროს.
3. ბირთვული პოტენციალი, შეიარაღების შემცირება.
ტრამპმა ხაზი გაუსვა ბირთვულ პოტენციალს, რომ მსოფლიოში არსებული არსენალის 95%-ს აშშ და რფ ფლობენ და აღნიშნა, ორი ბირთვული სახელმწიფოს როლზე და ბირთვული არსენალის შემცირებაზე. ფაქტიურად, ეს საუბრები არის მცდელობა რუსეთის რეგიონული ლიდერიდან, რომელი იარლიყიც მას ობამამ ჩამოჰკიდა, ისევ მსოფლიო ლიდერად წარმოჩენისა, რაც არ მგონია, რომ მსოფლიოსთვის კარგი იყოს.
4. ჩრდილოეთ კორეა
ჩრდილოეთ კორეის საკითხში პუტინმა ისაუბრა ორთავეს ნაცვლად, შეაქო ტრამპი, რომ დარეგულირება მხოლოდ მისი ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი.
5. სირია
სირიაზე ბევრი პუბლიკაცია მაქვს დაწერილი და არ გადაგღლით. აშშ-მ დათმო ასადი. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის. მიზეზი ალბათ მშვიდობის სწრაფი დამყარებაა, რადგან შეწყდეს მიგრაცია. ამ წლებში ევროპამ მილიონამდე სირიელი მიგრანტი მიიღო, რაც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ევროპის პოლიტიკაზე.
შეთანხმდნენ სირიის სამხრეთით დეესკალაციის ზონაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. იქ ასადის ძალები აგრძელებენ დასახლებულ პუნქტებზე კონტროლის ზონების გაფართოებას.
ამერიკის და ისრაელის სურვილი სირიაში ირანის აქტივობების შეწყვეტასთან დაკავშირებით, უშედეგოდ დასრულდა.
პუტინმა შესთავაზა დაუბრუნდნენ 1974 წლის შეთანხმებას, რაც ისრაელის ინტერესებშიც არისო. ეს შეთანხმება გოლანის სიმაღლეებს ეხება. მის თანახმად ისრაელის საზღვრიდან მგონიბ45 კმ-ის დაშორებით სირიის და ირანის ძალები არ უნდა განლაგდნენ (დასაზუსტებელია).
მოკლედ, ამ ეტაპისთვის, ირანის თემაზე ვერ შეთანხმდნენ.
პუტინმა განაცხადა, რომ ასადმა შეასრულა თავისი ვალდებულებები (მგონი საკონსტიტუციო მოდელთან დაკავშირებით) და ახლა ჯერი ოპოზიციაზეაო. ამ დროს ფიფას ბურთი აჩუქა ტრამპს და უთხრა, რომ ბურთი მის მოედანზეა.
ტრამპმა ხუმრობით უპასუხა, ბურთი კი მელანიას გადაუგდო ვაჟიშვილისთვის.
ტრამპის ოპონენტებმა დაიწუნეს მისი ეს ქმედება და ბურთის შემოწმებაც კი მოითხოვეს.
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სირიის თემაზე სიღრმისეული მსჯელობისთვის, განსაკუთრებით 1974 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებით, არ იყო.
6. ირანი
ირანის თემაზეც (ბირთვული პროგრამა, სანქციები) პუტინმა ისაუბრა და თქვა, რომ ვერ შეთანხმდნენ. ტრამპის პოზიცია ცნობილია, ჩვენი პოზიციაც იცითო.
7. უკრაინა, ყირიმი
უკრაინასთან დაკავშირებითაც, ორთავეს მაგივრად, პუტინმა ისაუბრა. თქვა რომ ტრამპის პოზიცია ცნობილია და ჩვეულ სტილშია აღნიშნა, რომ ყირიმთან მიმართებაში, რუსეთმა იმოქმედა გაეროს წესდების თანახმად და რუსეთისთვის ეს თემა დახურულია. რაც შეეხება დონბასს, მხარეები მოილაპარაკეს მინსკის შეთანხმებების შესრულებაზეო.
ბევრჯერ დავწერე ამ 2-3 წლის მანძილზე, რომ მინსკის შეთანხმებები წამგებიანია უკრაინისთვის. უკრაინამ ეს ცოტა გვიან გაიგო და მიიღეს ახალი კანონები.
მოკლედ, მქონდა მოლოდინი, რომ პუტინის ამ პასუხებზე ტრამპი გააკეთებდა განცხადებას, რომ აშშ შეურიგდება ყირიმის ანექსიას. გასაგებია, რომ პირისპირ შეხვედრაზე ეს ითქვა, მაგრამ პრესკონფერენციაზე განცხადების გაკეთება მნიშვნელოვანი იყო.
8. სანქციები
სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით პუტინმა თქვა, რომ არ განგვიხილავს. უბრალოდ ჩვენ შევთავაზეთ, რომ ეკონომიკური ურთიერთობები ბიზნესს მივანდოთ და მათ გადაწყვიტონო. ეს იგივე განხილვაა. მოკლედ, სანქციები ძალაში დარჩება. თუმცა, ამერიკული ფირმების აქტიურობა რუსულ ეკონომიკურ ფორუმებზე დამაფიქრებელია.
9. ჩრდილოეთ ნაკადი-2 ( უკრაინის ტრანზიტი)
“ჩრდილოეთ ნაკად-2”-ს აშშ, როგორც ჩანს, შეეგუა. თუმცა ტრამპმა აღნიშნა, რომ გერმანიის პოზიცია ამ საკითხში არაა მართებული.
ტრამპის მოთხოვნით უკრაინა შეინარჩუნებს გაზის ტრანზიტს ძველი დატვირთვით. პუტინმა აღუთქვა, რომ გაუგრძელებს ხელშეკრულებას ნაფტოგაზს. ეს უკრაინისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაა. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთი სრულად მაინც ვერ იტყოდა უარს უკრაინის სატრანზიტო დერეფანზე. ამიტომ, რაიმე დათმობენს აქ ვერ ვხედავ.
10. ნატოს გაფართოება
ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებითაც მქონდა მოლოდინი, რომ ტრამპი გააკეთებდა განმარტებას. პუტინის განცხადებები ჰელსინკიდან მოვისმინეთ. მას არ უთქვამს, რომ არ დაუშვებს, ან აღკვეთავს, თუმცა განაცხადა, რომ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ექნება.
ჩვენ უნდა გავაგებინოთ ნატოს ლიდერებს და აშშ-ს, პირადად დ. ტრამპს, რომ ბრიუსელის და ჰელსინკის სამიტებმა დიდი ნიჰილიზმი გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში და არ მგონია ეს მათთვის მომგებიანი იყოს.
არც ჩვენი ქვეყნისთვისაა მომგებიანი ნიჰილიზმის წახალისება. ეს განწყობები სხვის წისქვილზე მიმართული წყლის ნაკადია და თუ გავიაზრებთ, კარგი იქნება, უფრო მალე გავალთ ფონს.
11. კომპრომატები ტრამპის შესახებ
ჟურნალისტმა პუტინს ჰკითხა, ფლობს თუ არა კომპრომატებს ტრამპის შესახებ..პუტინის პასუხი ბუნდოვანი და არაგულახდილი იყო. ტრამპი როცა იყო მოსკოვში, არც ვიცოდიო. პეტერბურგში 500 მსხვილი ამერიკელი ბიზნესმენი ჩამოვიდა ეკონომიკურ ფორუმზე და როგორ ფიქრობთ, ხუთასივეს მიმართ ოპერატიულ ღონისძიებებს ვახორციელებთო? რა თქმა უნდა არაო. მოიშორეთ თავიდან ეს ნაგავიო.
არ ვიცი ვინ დაიჯერა და ვინ არა. ტრამპმა პუტინის ამ სიტყვებს შემდეგ საკმაოდ მწარედ მოიხსენია მისი ქვეყნის სპეცსამსახურები, რითაც დასრულდა პრესკონფერენცია.
როცა პირველი შეფასება გავაკეთე, რომ ნულოვანი შედეგები იყო, ახლაც, ღრმად შესწავლის შემდეგ, ასე ვთვლი. თუმცა რუსეთმა გარკვეული პოლიტიკური ბონუსები მიიღო ამ სამიტიდან და განსაკუთრებით მისი საჯარო ნაწილიდან.
ამიტომ ჯობდა პრესკონფერენციის ნაცვლად მოკლე განცხადებებით და ფოტოსესიით შემოფარგლულიყვნენ. პუტინი მედიასთან ურთიერთობისას თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.
სხვა მხრივ, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებში მხარეები ისევ იქ არიან, სადაც იყვნენ. კერძოდ, უკრაინაზე, ირანზე, სირიაზე, ჩრდილოეთ ნაკად-2-ზე, სანქციებზე და სხვა საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.
2-3 კვირაში მომზადებული ასეთი დონის შეხვედრიდან, რომელზეც ამდენი საკითხი უნდა განხილულიყო, სხვა მოლოდინი არც შეიძლება რომ ყოფილიყო.
ჰო, შეთანხმდნენ, რომ კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს“, -წერს ამირან სალუქვაძე.