თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის” მსოფლიო სამიტის სტუმრებს ხვდება

0

„ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტის სტუმრები − მონაწილე ქვეყნების დელეგაციები, უკვე თბილისში არიან. 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია საქართველოს, როგორც OGP-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე და მსოფლიო სამიტის მასპინძელ ქვეყანას, ესტუმრა, რათა „ღია მმართველობის პარტნიორობის” უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა.
მაღალი რანგის სტუმრებს შორის არიან სახელმწიფოს მეთაურები, მთავრობის წევრები, ავტორიტეტული საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელები. სტუმრებს იუსტიციის სამინისტრო მასპინძლობს როგორც ღია მმართველობის პროცესის წარმმართველი უწყება.
OGP-ის ფორმატში გამართულ ღონისძიებებში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, მმართველ კომიტეტში კი, საქართველოს წარმომადგენელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია.
შეხვედრები მსოფლიო სამიტის მონაწილეებთან იუსტიციის მინისტრმა დღეს დაიწყო. თეა წულუკიანი ინდონეზიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი მახოდოკო ხელმძღვანელობს.
იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ინდონეზიის დელეგაციას მსოფლიო ფორუმში მონაწილეობისათვის და ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას, ითანამშრომლოს ინდონეზიელ კოლეგებთან მართლმსაჯულების რეფორმების სფეროში, მათ შორის, სასამართლო სისტემის რეფორმაზე, აგრეთვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების, ანტიკორუფციული, ელექტრონული მმართველობის, მომსახურების მიწოდების კუთხით.
მინისტრმა ინდონეზიელ სტუმრებს იუსტიციის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების სტრუქტურა გააცნო და იმ რეფორმების შესახებ ესაუბრა, რომლებიც საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ტარდება. თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს მიღწევები კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მმართველობის კუთხით უკვე დადასტურებულია ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგებით. ერთ-ერთი ასეთი აღიარებაა ისიც, რომ საქართველო არის „ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანა და ხელმძღვანელობს პლატფორმას, რომელიც 75-ზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ღია მმართველობის პროცესში ჩართულია ხელისუფლების სამივე შტო − აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო. გარდა ამისა, 11-მა მუნიციპალიტეტმა გამოხატა სურვილი, შეუერთდეს OGP-ის”, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს „ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში დასახული მიზნების განხორციელებაში.
OGP-ის მსოფლიო სამიტი თბილისში ხვალ − 17 ივლისს, დაიწყება. მისი მონაწილეები − 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები − სახელმწიფოს მეთაურები, მთავრობები, მინისტრები, საჯარო მოხელეები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ფონდები, მკვლევრები, აკადემიური წრეები და ჟურნალისტები „ღია მმართველობის პარტნიორობის” მიღწევებსა და გამოწვევებზე 2 დღის განმავლობაში იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი