„შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ყოველთვის გვქონდა სწორი პოზიცია, მაგრამ მაშინდელი მთავრობის პოზიციამ სწორი ზომების მიღების საშუალება არ მოგვცა“

0

„ჩვენ უნდა დავიწყოთ კონსულტაციები დღესვე მთავრობასთან იმისთვის, რომ მივიღოთ ქმედითი ზომები იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინდელის შახტაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
„დაიღუპა 4 მეშახტე, რაც არის ტრაგიკული მოვლენა თითოეული ჩვენგანისთვის, მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ტყიბულელებს, სრულიად საქართველოს. ეს ტრაგიკული შემთხვევა არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი და ასევე, მინდა, მოგახსენოთ, რომ არის კონკრეტული ზომები მისაღები იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს. მე მინდა, აღვნიშნო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა ყოველთვის სწორი პოზიცია. თქვენ გახსოვთ ჩვენი პოზიცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, თქვენ გახსოვთ ჩვენი კომისია საპარლამენტო მუშაობის პროცესში, თუმცა, მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ ჩვენ არ მოგვცა სწორი ზომების მიღების საშუალება და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება, რაც არის სამწუხარო და ეს საჭიროებს სასწრაფო ცვლილებას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შახტის დახურვის თაობაზე პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება პრინციპული და სწორი იყო.
„მე მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან სწორი პოზიცია დააფიქსირა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც მიიღო პრინციპული და ძალიან სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება შახტის დახურვის თაობაზე, ვიდრე არ იქნება გამოძიებული ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული ამ ტრაგიკულ მოვლენებთან, თუმცა, ესეც არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა დავიწყოთ კონსულტაციები დღესვე მთავრობასთან იმისთვის, რომ მიღებულ იქნას ძალიან ქმედითი ზომები იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ლიბერტარიანული მიდგომა, რომელსაც „ქართული ოცნება” 2012 წელს დაუპირისპირდა, მმართველი გუნდის მთავარი ღირებულებას ეწინააღმდეგება. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი ღირებულება უნდა იყოს ადამიანი და ლიბერტარიანული მიდგომა სწორედ ამას უპირისპირდება, განსაკუთრებით, შრომის უსაფრთხოების სფეროში.
„ჩვენ 2012 წელს დავუპირისპირდით ბევრ რამეს, რაც არ მოგვწონდა წინა ხელისუფლებაში და ერთ-ერთი ეს იყო ლიბერტარიანული მიდგომა, რომელიც ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას. ასეთი მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ მთავარ ღირებულებას, რომელზეც ჩვენ ვაფუძნებთ ჩვენს პოლიტიკას – ეს არის ადამიანი. ადამიანი უნდა იყოს მთავარი ღირებულება ჩვენს პოლიტიკაში და ამას პირდაპირ უპირისპირდება ყოველგვარი ლიბერტარიანული მიდგომა, რომელიც შეიძლება იყოს გამოვლენილი, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების სფეროში. ეს არის პირადად ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი და უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს მიდგომა რადიკალურად შეიცვალოს და განხორციელდეს კონკრეტული ცვლილებები შრომის უსაფრთხოების სათანადოდ დასაცავად ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან პრინციპული მნიშვნელობის საკითხი”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი