“მესმის, რომ მინდელის შახტაში დასაქმებული 1500 ადამიანისთვის შახტის დახურვა გამოსავალი არ არის”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვანახშირის წარმოების ძალიან მაღალი რისკის მიუხედავად, გარკვეული პრევენციული ზომების მიღება შესაძლებელია.
„როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უბედურება?! თუ ეკონომიკურად მომგებიანია ეს საქმიანობა კეთილი ინებოს დამსაქმებელმა და უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო პირობები. ქვანახშირის წარმოების ძალიან მაღალი რისკის მიუხედავად, შესაძლებელია გარკვეული პრევენციული ზომების მიღება. ამას მოწმობს ის, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ქვანახშირის შახტებში უბედური შემთხვევები პრაქტიკულად არ ყოფილა. მესმის, რომ მინდელის შახტაში დასაქმებული 1500 ადამიანისთვის შახტის დახურვა გამოსავალი არ არის… მაგრამ სწორედ ამ მაღალი რისკის გამო მიიღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ქვანახშირის მოპოვების დახურვის გადაწყვეტილება. დარჩენილ ქვეყნებში ქვანახშირის წარმოების დახურვის გრძელვადიანი გეგმები და პროგრამები არსებობს, რომ ასეთი წარმოების მქონე ქვეყნებს წარმოების დახურვით გამოწვეულ სოციალურ პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმაროს. ჩვენც უნდა შევიმუშაოთ ასეთი პროგრამა და იქ დასაქმებულებს ალტერნატივა შევთავაზოთ“,- აცხადებს თამარ ხულორდავა.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა – 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს – 1981 წელს დაბადებული მ.ს., 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და 1988 წელს დაბადებული გ.ა.