ნატოს სამიტი და ტრამპი-პუტინის შეხვედრა – ამირან სალუქვაძე მოლოდინებზე საუბრობს
ანალიტიკოსი, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ნატოს სამიტის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს.
როგორც ამირან სალუქვაძე წერს, კარგია, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის ოპოზიციური ლიდერები ნატოსთან მიმართებაში გააქტიურებასთან დაკავშირებით ალაპარაკდნენ.
“დაპირებისამებრ, ტრამპი-პუტინის შეხვედრის მოლოდინების შესახებ:ტრამპი უკვე 1,5 წელია პრეზიდენტია. თუ არ ჩავთვლით შეხვედრებს სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, ორმხრივი სამიტი პირველად იმართება. წინა შეხვედრების, აშშ-ში მიმდინარე რუსული საქმის გამოძიების პერიპეტიებს აღარ შევეხები. ეს თემები ბევრჯერ განვიხილეთ.
ტრამპი-პუტინის შეხვედრის განხილვამდე, ძალიან მოკლედ ნატოს ბრიუსელის სამიტის შესახებ.
უკვე გავრცელდა დონალდ ტრამპის საკმაოდ მკაცრი მიმართვა ნატოს წევრებისადმი და განსაკუთრებით გერმანიის მისამართით, რომ ამერიკა იცავს ევროპას (ჩამოთვალა წამყვანი ქვეყნები, გერმანია, საფრანგეთი…) და ამისათვის ხარჯავს მილიარდებს, ხოლო ევროპა კი მილიარდებს გაზში უხდის რუსეთსო. გერმანია რუსეთის ტყვეობაშიაო. იგულისხმა ალბათ ენერგეტიკული დამოკიდებულება.
დიდი ხანია ნატოს ლიდერებს, ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან, მსგავსი რამ, ასე ღიად და საჯაროდ, არ მოუსმენიათ. ტრამპმა მართლაც შეცვალა მსოფლიო პოლიტიკა. რასაც ადრე დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ, ახლა ტელეკამერების წინ ხდება.თუმცა, ასეთი გახსნილობის ფუფუნება ყველას არ აქვს. მეორე მხარეა, რას უნდა ველოდოთ ამ ყველაფრისგან.
აშშ და ევროპა დალაგდებიან. თუმცა რთული მოლაპარაკებები ექნებათ. რთული დასაბალანსებელია უსაფრთხოება და ენერგოდამოკიდებულება, განსაკუთრებით სავაჭრო ომის და წარმოების თვითღირებულების მხრივ კონკურენციის პირობებში. რუსეთის იაფ გაზზე კი პირდაპირაა დამოკიდებული გერმანიის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ეკონომიკა.
როგორ მოეწყობიან და რა ვადებში, რთული სათქმელია. არც პროგნოზირებას შევუდგები. დარწმუნებული ვარ უსაფრთხოება გადაწონის.
სამიტის მოლოდინები საქართველოსთან მიმართებაში.
კარგია, რომ პოლიტიკოსები, მ.შ. ოპოზიციური ლიდერები ალაპარაკდნენ ნატოსთან მიმართებაში გააქტიურებასთან დაკავშირებით. კარგად გემახსოვრებათ, რამდენიმე წელია ვწერ, რომ საგარეო ფრონტზე ყველა უნდა მოქმედებდეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ერთმანეთთან არ უნდა კინკლაობდნენ.
რაღაც მსგავსი პროცესი დაიწყო, რაც მისასალმებელია. თუმცა, ზოგიერთ პოლიტიკოსს მაინც არ შეუძლია თავდასხმების გარეშე: უვარგისი მთავრობააო, მაგრამ საქართველო იმსახურებსო.
მასე არ ხდება. ნატოში მიწა-წყალი, მინდორ-ველი ან მოსახლეობა არ შედის, სახელმწიფო წევრიანდება, რომელსაც თავში კონკრეტული პოლიტიკის გამტარებელი მთავრობა უდგას. ამიტომ, გადალახეთ ეს შიდა წინააღმდეგობა, მთავრობა შიგნით ლანძღეთ, ბრიუსელში კი მხარი დაუჭირეთ. მესმის, მოსკოვში ჩივილს ვართ მიჩვეულნი….
სკეპტიკოსებს დავამშვიდებ, – ნატო მწიფდება. წევრობის კანდიდატებიც ელევათ. სულ მალე ნატოს კარის გაღების რიგში საქართველო და უკრაინა დარჩება. ან დახურავენ ღია კარის პოლიტიკას, რაც გამორიცხულია, ან მიგვიღებენ. ვადებია უცნობი.
ზუსტად ამ ვადების დაჩქარებისთვისაა საჭირო მეტი აქტიურობა, რაზეც ასევე აქტიურად ვწერ ბოლო წლის განმავლობაში. იგივე ეხება ე.წ. მაპს ან სხვა სამოქმედო გეგმას. ისიც მაქვს ნათქვამი, რომ საქართველოსთვის მაპის მონიჭება უფრო მეტი საფრთხეა, ვიდრე მაპის გარეშე ყოფნა, რომ საქართველოს მაპი არ სჭირდება.
თუ გადავხედავთ სხვა ახალ წევრ ქვეყნებს, საქართველო დიდი ხანია მზადაა ნატოს წევრობისთვის და აქ საუბარი არაა სამხედრო კომპონენტზე. არ მოვყვები ქვეყნების განხილვას და შედარებას.
კიდევ ერთი. ნატოში გაწევრიანების ქეისში საქართველო არ უნდა იყოს მიბმული უკრაინასთან, მიუხედავად ჩვენი მეგობრული ურთიერთობებისა და საერთო ინტერესებისა. უკრაინას მინიმუმ უნგრეთი სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ჩვენთვისაც არ უნდა იქცეს დაბრკოლებად.
ასევე, ნუ ვაკეთებთ აქცენტს მხოლოდ ბუქარესტის სამიტზე. ნატოს მუდმივად უნდა შევახსენოთ რამდენი წელია ამ გზაზე ვდგავართ. მინიმუმ 20 წელია, რაც კურსია დაფიქსირებული და ამ კურსის გამო უამრავი საფრთხის და გამოწვევის წინაშე აღვმოჩნდით. რუსული საინფორმაციო ომის და ღია სამხედრო დაპირისპირების პირობებში, მოსახლეობა ინარჩუნებს ამ განწყობას, რაც საკმაოდ რთულია და უსასრულო ეს არ შეიძ;ება გაგრძელდეს.
მოკლედ, ჩვენს უსაფრთხოებაზე ნატოს უკვე აკისრია მორალური პასუხისმგებლობა და ეს კარგად უნდა ავუხსნათ.
რაც შეეხება ტრამპი-პუტინის სამიტის მოლოდინებს:
აღარ მოვყვები ბანალურად დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების ტაქტიკის განხილვას. უცხოურ პრესაში ბევრი იწერება ამ თემაზე და უკვე მომაბეზრებელია ასე გამარტივებულად ერთი და იმავეს გამეორება.
ის რომ რუსეთთან დიალოგია, ნუ გვაფიქრებინებს, რომ რაიმე სერიოზული ძვრები იქნება ან ფასეულობათა გადახედვა მოხდება.
სტოლტენბერგმა გასაგებად განაცხადა, რომ დასავლეთი არ შეეგუება ყირიმის ანექსიას, დონბასს, საქართველოს, მოლდოვას. ეს განცხადება მან ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა. ეს ნატოს პოზიციაა.
ამერიკას ეს პოზიცია საკანონმდებლო დონეზე აქვს გაწერილი, მათ შორის ბიუჯეტის შესახებ კანონში.
ჩვენი საგარეო აქტიურობის და დიპლომატიის ხელოვნება იმაში უნდა იყოს, რომ დასავლეთის მხრიდან დიალოგის პოლიტიკა ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ და მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ. ყველაფრის, ანუ მთელი სტრატეგიის ღიად გამოფენაც არაა საჭირო.
სხვათა შორის, ტრამპის საჯარო განცხადებებს ნუ აღვიქვამთ ისე, რომ ის რასაც ფიქრობს, ყველაფერს ლაპარაკობს და სტრატეგიული თუ ტაქტიკური მიზნები ლანგარზე ულაგია. მეღიმება ხოლმე, როცა მზესუმზირასავით „ფცქვნიან“ ტრამპის დიპლომატიურ ტაქტიკას.
ტრამპი-პუტინის შეხვედრისას ყველაზე საინტერესო მათი ერთი ერთზე საუბარი იქნება. ამ შეხვედრის შედეგებს მხოლოდ დროში გავიგებთ და არა მათი პრესკონფერენციიდან.
ბევრი საკითხი იქნება განხილული ამ დახურული შეხვედრისას: სანქციები, ნატოს გაფართოება, ირანის ბირთვული პროგრამა, ჩ. კორეა, რუსეთის ამბიციები და სხვა. ტრამპი არ აპირებს პირველობის დათმობას და არასდროს განიხილავს რუსეთს თანაბარ მოთამაშედ, იმის მიუხედავად, მიიწვევენ თუ არა G7-ში მე-8 წევრად.
ღიად კი ორი თემაა გაცხადებული, – უკრაინა და სირია.
უკრაინასთან მიმართებაში ტრამპის მხრიდან დათმობებს არ ველოდები. რა აქვს მას მომზადებული და რა მიმართულებით წაიყვანს მოლაპარაკებას, რთული სათქმელია. მინსკი-2-ზე კიევი აღარ დათანხმდება, რადგან წამგებიანია მათთვის (ბევრჯერ დავწერე და აღარ დავაკონკრეტებ). გაეროს სამშვიდობო მისიის ჩაყენებაზე წინააღმდეგობები მათი განთავსების ადგილებთან დაკავშირებით იქნება (ეს თემაც განხილული გვაქვს).
რუსეთს კი აწყობს, რომ დათმოს დონბასი, თუ დასავლეთი ყირიმის ანექსიას შეეგუება, მაგრამ ეს მოლოდინები მხოლოდ პროპაგანდის ზეგავლენაა. გასაგებია, რომ რუსეთი ყირიმს არ დათმობს და ზუსტად ეს იქნება რუსეთ-დასავლეთის ხანგრძლივი დაპირისპირების მიზეზი.
რაც შეეხება სირიას. ბოლო თვეებია აშშ სამხედრო თვალსაზრისით საკმაოდ პასიურობს. სულ უფრო ხშირად გაისმის, რომ ამერიკა სირიიდან ჯარების გამოყვანას აპირებს. პენტაგონი არ ერევა სირიის სამხრეთით მიმდინარე აქტივობებში, სადაც რუსეთის მხარდაჭერით ასადის ჯარები აგრძელებენ აქტიურ მოქმედებებს და დაიკავეს იორდანიის საზღვრის გადასასვლელები.
როგორც წინა კვირას ჯონ ბოლტონმა განაცხადა, ჰელსინკის სამიტი შესაძლებელს გახდის გაფართოვდეს მოლაპარაკებები სირიიდან ირანის ჯარების გაყვანის შესახებ. არ ვიცი როგორ დაიყოლიებს რუსეთი ირანს სირიიდან ჯარები გაიყვანოს, რადგან ირანს თურქეთის და რეგიონის სხვა ქვეყნების საპირწონედ, საკუთარი ინტერესები აქვს სირიაშიც და ახლო აღმოსავლეთშიც. ალბათ ირანი სერიოზული დივიდენდების მიღების გარეშე სირიას არ დაუთმობს რუსეთს და თურქეთს. სამხედრო თვალსაზრისით, გარე აქტორებიდან, სწორედ ეს ორი ქვეყანა აქტიურობს ყველაზე მეტად. სირიიდან ირანის გასვლა რა თქმა უნდა, ისრაელის დაკვეთაც არის. სირიასთან მიმართებაში აშშ-რფ გარკვეულ შეთანხმებებს შეძლებენ, რაც პროგრესად გამოცხადდება.
სხვა რაიმე განსაკუთრებულ ძვრებს არ უნდა ველოდეთ. იქნება დიალოგის გაგრძელების ტენდენციები. შესაძლოა შეიქმნას რაიმე სამუშაო ჯგუფები (შესაძლოა ფორმალურად), რათა ნულოვან ნიშნულამდე დასული ურთიერთობების განახლების ილუზია შეიქმნას. ტრამპი რა თქმა უნდა გამოაცხადებს, რომ მათ ბრწყინვალე მოლაპარაკებები ჰქონდათ. თუმცა, სამიტს შემდეგ ყველაფერი ჩვეულ რიტმში გაგრძელდება და აშშ გააგრძელებს საკუთარი ინტერესების დაცვას, რასაც აკეთებს ამჟამადაც როგორც ევროპასთან, ასევე ჩინეთთან. როგორც ვიცით, ვაშინგტონმა პეკინს გაუფართოვა სავაჭრო გადასახადები.
დაველოდოთ ბრიუსელის სამიტის მეორე დღეს და 16 ივლისს, როცა ტრამპი-პუტინის შეხვედრა შედგება. მანამდე ტრამპს აქტიური ევროპული ტურნე ექნება, მ.შ. ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, შეხვედრა ინგლისის დედოფალთან და სამთავრობო ცვლილებების ქარცეცხლში მყოფ ტერეზა მეისთან”, – წერს სალუქვაძე და ბმულებს აქვეყნებს.
ამავე თემაზე, ვისაც არ წაგიკითხავთ:
https://m.facebook.com
https://m.facebook.com/