ახალგაზრდა მომღერალი და ლოტბარი, რომელიც ათ ინსტრუმენტს ფლობს – ვინ არის ფოლკლორულ ანსამბლ „ჩანამღერის“ ხელმძღვანელი?

ზემო იმერეთის ულამაზეს კუთხეში დაიბადა. ამბობს, რომ სიმღერა „აკვნიდანვე“ დაიწყო, როცა დედა ძილის წინ „იავნანას“ უმღეროდა. და წყებითი მუსიკალური განათლება ობოლა ციმაკურიძის სახელობის საჩხერის კულტურის ცენტრში მიიღო. თანდათან ხალხური მუსიკისადმი ინტერესი გაუღრმავდა. ამჟამად 10 ინსტრუმენტს ფლობს. მესამე წელია ფოლკლორულ ანსამბლ  „ჩანამღერს“ ხელმძღვანელობს.
ახლახან „ჩანამღერმა“ ხელოვნების საერთაშორისო კონკურს- ფესტივალზე – ,,ნარინჯისფერი ქობულეთი“ გაიმარჯვა. ,,ჩანამღერი’’ 35 წევრისგან შედგება და მის რეპერტუარში 40-მდე სიმღერა შედის.
ისინი მღერიან  სხვადასხვა კუთხის სიმღერებს: იმერულს, რაჭულს, ლეჩხუმურს, გურულს, მეგრულს, სვანურს, აჭარულს, აფხაზურს, ხევსურულს, ქართლ-კახურსა და ინგილოურს.
ამბობს, რომ დიდი სურვილი აქვს, ბავშვებს შეაყვაროს ქართული ხალხური სიმღერა, ჩაუნერგოს მათ ეროვნული ფოლკლორის სიყვარული. – მომღერლისა და ლოტბარის, დიტო კაპანაძის პერსონა.

 

– დავიბადე საჩხერეში, ზემო იმერეთის ულამაზეს კუთხეში.  ჩემი მშობლები საჩხერის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები არიან.
დედა – ვერა ლაბაძე ქართული ენისა და ლიტერატურის მაწავლებელია,  მამა – გია კაპანაძე სპორტის. მყავს უნიჭიერესი და, დიანა კაპანაძე,  რომელმაც წითელ დიპლომზე დაამთავრა მაგისტრატურა, ისტორიის ფაკულტეტი. დაოჯახებულია და მყავს პატარა დისშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე.
სოფელ კორბოულში ცხოვრობს ბებო – თამარ მაჭარაშვილი. მასთან ბავშვობის მშვენიერი წლები გავატარე.
– სკოლა ხშირად სასიამოვნო მოგონებების სავანეა…
– სკოლის პერიოდიდან სასიამოვნოდ დამამახსოვრდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბ ,,ხარხარას’’ წარმატება, სადაც დავიმსახურე ჯილდო: ,,საუკეთესო მუსიკალური ნომრის შემსრულებელი’’.
– როდის დაიწყეთ სიმღერა?
– სიმღერა, როგორც დედა იხსენებს „აკვნიდანვე“ დავიწყე. როდესაც ძილის წინ „იავნანას“ მიმღეროდა, დაძინების ნაცვლად, თურმე მეც მის ხმას ავყვებოდი.
დაწყებითი მუსიკალური განათლება სკოლის ასაკშივე მივიღე,  ობოლა ციმაკურიძის სახელობის საჩხერის კულტურის ცენტრში, სადაც დავამთავრე ფორტეპიანოს შვიდწლედი,  ვირიცხებოდი ვაჟთა ვოკალურ ანსამბლ ,,განთიადში’’.
– უამრავ ხალხურ ინსტრუმენტს ფლობთ…
– წლების მატებასთან ერთად შეიცვალა ჩემი შეხედულებები და ხალხური მუსიკისადმი ინტერესი უფრო გაღრმავდა. ამას დაემატა ის გარემოებაც, რომ საჩხერეში ჩამოვიდნენ პროფესიონალი ლოტბარები: მამია ბაქრაძე და ემზარ ხელაძე, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ჩემს პროფესიონალურ ზრდაში და გადამაწყვეტინეს, ამ საქმეს გავყოლოდი. მათ საფუძვლიანად შემასწავლეს ქართული ხალხური სიმღერები და საკრავები. ამჯერად 10 ხალხურ ინსტრუმენტს ვფლობ.
– თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდით…
– სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განვაგრძე თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო მუსიკის ფაკულტეტზე. ამავე სპეციალობით დავამთავრე მაგისტრატურა და მომენიჭა ლოტბარ-რეგენტის კვალიფიკაცია.
– 3 წელია ფოლკლორულ ანსამბლ  „ჩანამღერს“ ხელმძღვანელობთ…
– სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე საჩხერის დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში. სადაც 2015 წელს დავაარსე ფოლკლორული ანსამბლი ,,ჩანამღერი“, ასევე ვმუშაობ საჩხერის კორბოულის N1 საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად, რომელიც 1872 წელს დაარსდა და პირველი სკოლა იყო ზემო იმერეთში.
– ვიცი, რომ უფასოდ ასწავლით  ანსამბლის წევრებს?
– ახლახან მიმიწვიეს ჭიათურის კულტურის ცენტრთან არსებულ ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში, ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მასწავლებლად. ვგალობ საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის გუნდში. ანსაბლის წევრები  მუსიკალური მონაცემების საფუძველზე შევარჩიე.
სამუსიკო სკოლის დირექტორი, ქალბატონი მანანა ვაშაკიძე მზრუნველობას არ აკლებს ჩვენს ანსამბლს. შეგვიძინა ინსტრუმენტები, ტრადიციული სამოსი, ბავშვები უფასოდ სწავლობენ ქართულ ხალხურ სიმღერას და გალობას. ზოგი მათგანი ეუფლება ხალხურ ინტრუმენტებს: სალამურს, ფანდურს, ჩონგურს, ბასფანდურს, კონტრაბასსა და დიპლიპიტოს.
– რეპერტუარი…
– ,,ჩანამღერი“ 35 წევრისგან შედგება. ჩვენი ანსამბლი სულ რაღაც სამი წლისაა და მის რეპერტუარში 40-მდე სიმღერა შედის.
მათ შევასწავლე სხვადასხვა კუთხის სიმღერები: იმერული, რაჭული, ლეჩხუმური, გურული, მეგრული, სვანური, აჭარული, ახაზური, ხევსურული, ქართლ-კახური და ინგილოური.
– „ჩანამღერი“ ხელოვნების საერთაშორისო კონკურს- ფესტივალ ,,ნარინჯისფერი ქობულეთის“ გამარჯვებულია…
– ანსამბლი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსში, ფესტივალებსა და საქველმოქმედო საღამოებში.
რესპუბლიკის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-2 და მე-3 საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსებში 2016 და 2017 წლებში ზედიზედ დავიმსახურეთ მეორე ადგილი, თუმცა ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით.
2018 წლის 3 ივლისს გამართულ ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში: ,,ნარინჯისფერი ქობულეთი’’ ,,ჩანამღერმა“ პირველი ადგილი დაიმსახურა.
კონკურსში მსოფლიოს 16 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ანსამბლმა ასეთი მასშტაბის საერთაშორისო კონკურსში პირველად მიიღო მონაწილეობა და დიდი გამოცდილება შეიძინა.
სამომავლოდ ვგეგმავთ, მონაწილეობა მივიღოთ და გავიმარჯვოთ საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონკურსებში. ჩვენ გვაქვს დიდი შესაძლებლობა და სურვილი, რომ ქართული კულტურა წარმატებით წარვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
მე, როგორც ხელმძღვანელი, ძალას და ენერგიას არ ვიშურებ, რომ ბავშვებს შევაყვარო ქართული ხალხური სიმღერა, ჩავუნერგო მათ ეროვნული ფოლკლორის სიყვარული.
ანსამბლი მიწვეული იყო სატელევიზიო გადაცემებში: TV GDS-ს  შუადღეში, TV IMEDI-ზე ,,სხვა რაკურსი“ გია ჯაჯანიძესთან ერთად.
მაქვს საავტორო სიმღერა: ,,ხელმანდილსა“, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გაჟღერდა  გია ჯაჯანიძის შოუში. ასევე ჩემს სიმღერას მოისმენთ რადიო ,,დარდიმანდში“.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია ნადირობა. მყავს ერთგული მეგობარი, ჭკვიანი და მოსიყვარულე ირლანდიური სეტერი ,,მაქსი“.

მე კი ეს ინტერვიუ ანსამბლის ერთ-ერთი წევრის  სიტყებით მინდა დავამთავრო, რომელიც მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა: ჩანამღემართლაც მეორე ოჯახია. ამ ანსამბლში მონაწილე თითოეული ბავშვი ძალიან მიყვარს. მათ გარეშე უკვე წარმოუდგენელია ყველაფერი. ჩვენ ყველა ბავშვს გვეამაყება, ასეთი მასწავლებელი გვყავს და დიტო კაპანაძეს დიდ მადლობას ვუხდით, რომ ამდენს მივაღწიეთ. სწორედ მისი დამსახურებაა ეს ამდენი წარმატება. ყველა ძალიან მიყვარხართ“…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები