დოდო გუგეშაშვილი: გავაგრძელებ ბრძოლას ოკუპანტი რუსების წინააღმდეგ, ეს იქნება ჩემი პასუხი შვილის მკვლელობისათვის

თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მისი ვაჟის მკვლელობისა და მისი მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთი იდგეს. ამის შესახებ გუგეშაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. გუგეშაშვილმა რამდენიმე წლის მომხდარი ამბები გაიხსენა, რომელიც მისი მხრიდან საზღვრის კვეთას ეხება. მისი თქმით, 2015-2017 წლებში საზღვარი გადაკვეთა უკრაინის მიმართულებით, ხოლო როდესაც საქართველოში დაბრუნდა, დოკუმენტაციაში დაფიქსირდა, რომ თითქოს რუსეთიდან დაბრუნდა.

მისივე განმარტებით, რეალურად ორივეჯერ უკრაინიდან, კერძოდ ბორისპოლის აეროპორტიდან გამოფრინდა.
„ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე,ვარ იმ სალიკვიდაციო სიის თავში, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა შექმნეს. პასპორტში მითითებული მაქვს, რომ ყველა გამოფრენა მაქვს ბორისპოლის აეროპორტიდან.

როდესაც ეს ინფორმაცია გავახმოვანე,შემდეგ მოხდა შეხვედრა საბანაძესთან , შს მინისტრის მოადგილესთან, მივიღე პასუხი, რომ ეს გადამოწმდებოდა და შესწორდებოდა. ამის შემდეგ 2 შეხვედრა იყო გენერალური ინსპექციის უფროსთან და აეროპორტის სათანადო სამსახურებთან და როგორც იქნა, ჩვენ მოგვეცა გასწორებული საზღვრის კვეთა.
არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – როდესაც 2017 წლის ოქტომბერში დავბრუნდი ჩემს სამშობლოში 4 საათ-ნახევარი თბილისის აეროპორტში შემიზღუდეს გადაადგილების უფლება და არავის აუხსნია რატომ. ამის შემდეგ ყველა შეხვედრის დროს შსს-ში მქონდა საუბარი და ვითხოვდით, დადგენილიყო ვინ მისცა თავს უფლება, რომ გამაჩერეს. ჩემი ბარგი იყო ამოყირავებული საერთოდ, ამაზეც მქონდა საუბარი. შსს-დან მივიღეთ პასუხი, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ ჯდება. ვსვამ შეკითხვას, იქნებ ბატონი მინისტრისგან მივიღოთ კომპეტენტური პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომელ სახელმწიფოს მივმართო, აშშ-ს ,თურქეთს, მოსოპოტამიას, თუ რომელს, რომ გამოიკვლიონ რატომ მოხდა ჩემი შეჩერება აეროპორტში“- განაცხადა გუგეშაშვილმა.
გუგეშაშვილი და მისი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებენ, რომ, შესაძლოა, აღნიშნული მიზანმიმართულად მოხდა და რუსეთი სპეცსამსახურებს მისი მკვლელობის შემდეგ გუგეშაშვილის სახელის დისკრედიტაცია სურდათ.
„ თუ დოდო გუგეშაშვილიც იქნებოდა მოკლული და ამის შესახებ იქნებოდა დიდი აჟიოტაჟი ატეხილი, ამის შესახებ შეეძლოთ ეთქვათ, ვისზე განიცდით ,რაზე განიცდით, ეს ადამიანი თურმე ჩუმად რუსეთში დადიოდა, მათი აგენტი იყო“- განაცხადა ადვოკატმა.
გუგეშაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მკვლელის დნმ არ არის ნაპოვნი.
„ჟურნალისტები შევიყვანე შეცდომაში და ბოდიშს ვიხდი, როცა ერთერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ მკვლელის დნმ არის ნაპოვნი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არაა. დნმ-ს კვალი იყო ჩემი ერთერთი ახლობლის, მას შემდეგ ტელევიზიით გამოცხადდა ჩემი ოჯახის უბედურება, შემდეგ ის მივიდა ჩემს სახლში.
მაქვს ეჭვი, რომ არსებობს შემკვეთი, შემსრულებელი და მაქვს ეჭვი, ხომ არ არის რომელიმე სტრუქტურაში, საქართველოში, ჩანერგილი გამტარი რგოლი, რომელიც ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ გარკვეული კვალი დაიფაროს“- განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.
ამასთან დღევანდელი პრესკონფერენციაზე ადვოკატმა განაცხადა, რომ მან ერთერთი პატიმრისგან მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ამ პატიმარს გასულ წელს, როდესაც ის თურქეთში იმყოფებოდა, დაუკავშირდა ერთი პიროვნება, რომელმაც დოდო გუგეშაშვილის ლიკვიდაცია შეუკვეთა. როგორც ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შემკვეთი იყო ემისარი, გამოგზავნილი კონკრეტულად ერთერთი რუსი გენერლისგან. ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე პატიმარი თავის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა მზადაა, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს.

„ჩემს მდგომარეობაში მყოფი, არ ვიცი, რამდენ ხანს შევძლებ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩემი შვილის მკვლელობის შემკვეთი, შემსრულებელი, ყველა ერთად ვიპოვოთ და ხელი შევუწყოთ საქართველოს შსს-ს მკვლელობის განყოფილებას.
ერთი რამ ზუსტად ვიცი, მე მაქსიმალურად მოვუფრთხილდები საკუთარ სიცოცხლეს იმისათვის, რომ თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, რაც ბატონმა გელამ მოგახსენათ, მე დოდო გუგეშაშვილი, მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ისევე გავაგრძელებ ბროლას ოკუპანტი რუსების წინააღმდეგ ბრძოლას, გნებავთ საქართველოში, გნებავთ უკრაიანში, როგორც ვიბრძოდი ადრე. ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ჩემი შვილის მკვლელობისათვის“, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.
ცნობისთვის, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, ხოლო მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები