გიორგი კახიანი: მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძეს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძეს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

როგორც “პირველ არხს” კახიანმა განუცხადა, მთავრობას ორკვირიანი ვადა აქვს, რათა პარლამენტს მთავარი პროკურორის კანდიდატურა წარუდგინოს.

„თუ მთავრობა შალვა თადუმაძეს წარმოადგენს და ეს ასეც მოხდება, მას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს, რადგან ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს”, – აცხადებს კახიანი.
გიორგი კახიანი შალვა თადუმაძეს ახასიათებს, როგორც თავის საქმის პროფესიონალს, კომპეტენტურ პირს და ამბობს, რომ მას ადვოკატად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და სისხლის სამართლის სფეროც კარგად იცის.
„საკანონმდებლო თვალსაზრისით, მთავარი პროკურორი მთლიანად დამოუკიდებელია და მას ყველანაირი სამართლებრივი გარანტია აქვს, რომ დამოუკიდებელი იყოს. შალვა თადუმაძე მისი პრინციპულობიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი პროკურორი იქნება და გადაწყვეტილებებს კანონის შესაბამისად მიიღებს”, – განაცხადა კახიანმა.

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე დღეს შეარჩია. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ კენჭისყრით მიიღეს. თადუმაძის კანდიდატურას ხმა საბჭოს 12-მა წევრმა მისცა, არც ერთის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები