სოზარ სუბარი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჭუბერში საფრთხე მოხსნილია, ლოკაციებზე ვითარება უკეთესია

ჭუბერში გრძელდება პანელური ხიდის აწყობა გრძელდება, რომლის მეშვეობით მდინარის მარცხენა სანაპიროზე მძიმე ტექნიკა უნდა გადაიყვანონ. ხიდის აწყობის პროცესის დასრულებას საგანგებო შტაბის სპიკერი სოზარ სუბარი ხვალისთვის ვარაუდობს. ის ექსპერტებთან ერთად დღეს იმ ზონებში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგად განსაკუთრებულად მძიმე ვითარება შეიქმნა.
„დილიდან შემოვიარე ყველა ცხელი წერტილი ორივე ნაპირზე და უნდა ვთქვა, რომ დამამშვიდებელი მდგომარეობაა, ვითარება გარდატეხილია. დავათვალიერეთ სახლებიც, რომელთა გადარჩენის საკითხი ჯერ კიდევ გუშინ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საფრთხე მოხსნილია. ლოკაციებზე ვითარება უკეთესია.
თუ თავიდან ხიდის აწყობისთვის ოთხ-ხუთ დღეს ვარაუდობდნენ, ვფიქრობ, ხვალ შუადღემდე ტრანსპორტი ამ ხიდზე გასვლას უკვე შეძლებს“, – განუცხადა პირველ არხს საგანგებო შტაბის სპიკერმა, სოზარ სუბარმა.
ამასთან, რაიონულ ცენტრს ჯერ კვლავ მოწყვეტილია სოფელი ტიტა და მიმდინარეობს გზების აღდგენა, მანამდე კი, სოფელს საკვები პროდუქტები ცხენების გამოყენებით მიეწოდება. სტიქიის პირველ დღეებში ადგილობრივებთან კონტაქტი ვერტმფრენით დამყარდა.
„მართალია, იქ რეალურად ორი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ უმრავი მწყემსისთვის თავშესაფრის ადგილი გახდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსნებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს პანელური ხიდი ჭუბერის ცენტრალური ხიდის ადგილზე უნდა აეწყოს. ცენტრალური და სხვა ხიდები, რამდენიმე სახლთან ერთად, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად წყალმა წაიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები