მაკა ასათიანმა შესაძლო, პატივისა და ღირსების შელახვისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ უჩივლოს

ტელეკომპანია “მაესტროს” 25%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას – „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში“ ეხმაურება.
განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ: „ვეხმაურები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ, სასამართლო სისტემაში კორუფციის შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნაში ჩემი ოჯახის კუთვნილი, საქართველოში მერსედესის (შპს „აკა“) წარმომადგენლობის, სასამართლოში მიმდინარე და ჯერ კიდევ დაუსრულებელი საქმის მასალების გამოქვეყნებას და შეფასებას. ის რომ, მე ბოლო პერიოდში საქართველოში ხშირად არ ვიმყოფები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვმონაწილეობ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პირიქით, კიდევ უფრო დიდი ინტერესით ვაკვირდები საქართველოში მიმდინარე პროცესებს, თუ რამდენად სამართლიანად და დემოკრატიულად მიმდინარეობს ქვეყანაში პროცესები და ყოველთვის მზად ვარ ჩემ თანამემამულეებთან ერთად, ჩემი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში, ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბებაში. მუდამ ვერიდებოდი ჩემი პირადი პრობლემების, ჩვენი მოსახლეობის სამსჯავროზე გამოტანას და ამით ადამიანების შეწუხებას, თუმცა ვფიქრობ, რომ ის რაზეც დღეს მინდა გესაუბროთ არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ან ერთი რომელიმე კონკრეტული ბიზნესის პრობლემა. ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნების და ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის, ვგულისხმობ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სრულიად უსაფუძვლოდ მოხსენიებულია ჩემი ოჯახის კუთვნილებაში არსებული “მერსედესის” წარმომადგენლობა საქართველოში.
არ არის ჩემი კომპეტენცია შევაფასო ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მთლიანი კვლევის ობიექტურობა, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ასეთი ორგანიზაციების ჯანსაღი და სამართლიანი კვლევები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბებისათვის, ხოლო “მერსედესის” საქმის ამ კვლევაში ასე ფართოდ გაშუქება და შეფასება იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ მათ კვლევაში შესწავლილი 7 ორგანიზაციის სასამართლო საქმეებიდან, მხოლოდ ერთი „მერსედესის“ საქმე არ არის დასრულებული და 10-წლიანი სასამართლო დავა სრულდება მიმდინარე თვეში, ხოლო მოსამართლეები განაჩენის გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში იმყოფებიან. ასევე ცალსახაა, რომ მათი კვლევა და შეფასება დაფუძნებულია ცალმხრივად მხოლოდ ერთი მხარის ინფორმაციაზე, ვინაიდან ჩვენთვის მათ საერთოდ არ მოუმართავთ. შესაძლოა ჩვენ გვაფიქრებინოს, რომ ეს არის მიზანმიმართულად, მცდარი ინფორმაციის გამოქვეყნება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სასამართლოზე ზეწოლის მიზნით. მივმართავ თხოვნით ორგანიზაციას, პირველ რიგში მოიხადოს ბოდიში ესეთი შინაარსის კვლევაში ჩემი ოჯახის ბიზნესის მოხსენიებისთვის. ასევე მივმართავ, რომ საჯაროდ ახსნან, თუ რა კრიტერიუმით მოხვდა ამ ანგარიშში მხოლოდ ერთადერთი მიმდინარე დაუმთავრებელი საქმე, თუ რატომ მიიღეს ინფორმაცია და დოკუმენტები ცალმხრივად, მხოლოდ ერთი მხარისგან, რატომ აფასებენ საქმის მხოლოდ დასასრულის სტადიას და არა საწყისიდან, რომელიც 22 წლის წინ დაიწყო. აფასებენ თუ არა იმ რისკებს, რომელიც შესაძლოა დადგეს ჩვენი ქვეყნისა და მისი რეპუტაციის მიმართ, მსოფლიოს ერთ-ერთი უპირველესი გიგანტი კომპანიის, „დაიმლერ ბენც“-ის მხრიდან. რამდენად გათვალისწინებულია ბიზნესის ინტერესები და განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ამ კონკრეტულ ბიზნესში ქალაქის ცენტრში, თითოეული ჩვენი მოქალაქის თვალწინ, უზარმაზარი ინვესტიცია ხორციელდება. საბოლოო ჯამში რამდენად დაცულია ამ ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული მთავარი პრინციპი – ,,ყოვლისმომცველი, სიღრმისეული და ობიექტური ანალიზების განხორციელება’’?!. მიუხედავად ჩემი აღშფოთებისა და გულისტკივილისა ამ ფაქტის მიმართ, ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების სწორი, სამართლიანი და ობიექტური მონიტორინგი, ხელისუფლებებისა და სასამართლოების მიმართ. სხვანაირად ჩვენ ვერ დავიცავთ ჩვენ ქვეყანას უსამართლობისაგან, ხოლო თქვენი და ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაცია ამ საერთო საქმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაძლოა დაშვებულია შეცდომა, ამ სიტყვებით მე მაქვს მცდელობა, როგორც ჩემს მიმართ იქნეს დაცული ობიექტურობა, ასევე არ დადგეს საფრთხე, რომ ჩრდილი მიადგეს თქვენს რეპუტაციას, რითიც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად დაზიანდება ჩვენი ქვეყანა. შეუცდომელი არავინ არ არის, მაგრამ შეცდომებს სჭირდება გამოსწორება, მაქვს დიდი თხოვნა, ორი დღის ვადაში მოუსმინოთ ჩვენს მხარესაც, საფუძვლიანად შეისწავლოთ საქმის მასალები, რითიც ვიმედოვნებ, აღდგება ობიექტურობა ჩემი ოჯახის ბიზნესის მიმართ და არ მიადგება ჩრდილი თქვენი ორგანიზაციის ავტორიტეტს. როგორც მთელი 10 წლიანი სასამართლო დავის პერიოდში, არც ერთ ეტაპზე ჩემი მხრიდან არ ჰქონია ადგილი რაიმე ფორმით სასამართლოზე მომეხდინა ზეწოლა და მოთმინებით ველოდები ამ გაუთავებელი პროცესის დასრულებას, რომელიც 27 ივლისს უნდა მოხდეს. მოვუწოდებ ყველა მხარეს და მესამე პირებსაც, კატეგორიულად შეიკავონ თავი სასამართლოზე ზეწოლისგან, ხოლო თუ მსგავს ფაქტს ჰქონდა ან ექნება ადგილი გამოასწორონ და უარყონ. იმ შემთხვევაში თუ ორი დღის ვადაში არ იქნება ნება და გადადგმული ნაბიჯები, გამოსწორებულ იქნას ,,შეცდომა’’, უფლებას ვიტოვებ, რომ არა მარტო დავიწყო სასამართლო დავა თქვენს მიმართ, არამედ იმ ქვეყნების საელჩოებს, რომელთა დაფუძნებული და დაფინანსებულია თქვენი ორგანიზაცია, დასაბუთებულად დავუდასტუროთ ფაქტი, არაობიექტურობის, მიკერძოების, კერძო ბიზნესში ჩარევის და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები