ანრი ოხანაშვილმა შსს-ს წარმომადგენლების მიერ მიღებული პასუხები შეაჯამა და საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ მიღებული პასუხები შეაჯამა.
„შევაჯამებ იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ მივიღეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და პროკურატურისგან. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში, გამოვკითხეთ პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ორი დღის განმავლობაში, გამოვკითხეთ საქმის ზედამხედველი პროკურორი და სამინისტროს წარმომადგენელი, ახლა კი, სამი დღის განმავლობაში, ჩვენ ვკითხავდით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. რაც შეეხება სიგუას, კომისიას შემოგვივიდა ცნობა, რომ ეს ადამიანი გადის მკურნალობას. ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის როდესაც კომისიის სხდომაზე მოვიდა, თავს გრძნობდა შეუძლოდ, მაგრამ რადგან ვალდებულებაა, მაინც გადაწყვიტა მოსულიყო. ეს ჩვენ გავიგეთ მეორე დღეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე არ მოვა კომისიის წინაშე, როგორც კი გამოჯანმრთელდება, ის მოვა.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ჩვენ რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი გავაჟღერეთ და ამას ვამბობდით თავიდანვე, რომ ეს საკითხები: პირველი, ეს იყო ფარდულის დემონტაჟის საკითხი, მეორე, ეს იყო დანის გაღუნვის საკითხი და მესამე- მირზა სუბელიანის საკითხი. ამ თემებზე საზოგადოებაში არსებობდა კრიტიკული შეკითხვები. გამოიკვეთა, რომ ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა ხორავას ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ და მხოლოდ ამის შემდეგ ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს არ ყოფილა რომელიმე ოფიციალური უწყების თანხმობა, ან ბრძანება, რომ ფარდულის დემონტაჟი მომხდარიყო. მოვიკითხეთ, რომ თუ ფარდულის აღდგენა მოხდებოდა, შესაძლებელი იყო თუ არა ეს, პასუხი იყო ის, რომ მაქსიმალური ზუსტი პარამეტრებით შესაძლებელია ფარდულის აღდგენა.
მეორე საკითზე- აღმოჩნდა, რომ დანა გაღუნული კი არ არის, არამედ ეს მიკროსკოპულად არის ხილული მისი დეფორმაცია. პასუხი მივიღეთ, რომ დანა ვარგისია შემდგომი ექსპერტული კვლევისთვის. ეს ექსპერტი რომ მოვა, მასთანაც უნდა გადავამოწმოთ.
მესამე საკითხი შეეხებოდა მირზა სუბელიანს, რომ შესაძლოა, ის ფლობდეს რამე მნიშვნელოვან ინფორმაციას და ამის გამო არ იყო მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული. რატომ არ განხორციელდა ეს საგამოძიებო მოქმედებები ადრე? პასუხი იყო ის, რომ მისი უახლოესი ნათესავები – სამი პირია პასუხისგებაში მიცემული. ერთი დაპატიმრებულია, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია პასუხისგებაში მიცემული. მ.კ.-სთან მიმართებაში, რომელიც მირზა სუბელიანის ნათესავია, გამოყოფილია ცალკე საქმედ ერთი კონკრეტული თემა, მიდის გამოძიება და მირზა სუბელიანის დაკავება მოხდა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. ჩვენ დავსვით კრიტიკული კითხვები, რატომ აქამდე არა? პასუხი იყო ის, რომ დამატებითი მტკიცებულებების მიღების შემდეგ მიეცა სუბელიანი პასუხისგებაში. მ.კ.-სთან მიმართებაში, არაფერი გამორიცხული არ არის, თუ რამე ახალი მტკიცებულება აღმოჩნდება, საგამოძიებო უწყებები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
ჩვენ კითხვები ამოწურული არ გვაქვს, ჩვენ ახლა ეს პასუხები უნდა გადავამოწმოთ. მოვიწვიოთ ექსპერტები, მოწმეებისგანაც უნდა მოვისმინოთ ეს ინფორმაცია და შეჯერებული სახით ჩამოვყალიბდეთ. ასევე, ჩვენი მხრიდან კრიტიკული კითხვები დაისვა არასრულწლოვანი მოწმეების საგამოძიებო უწყებებში დიდხანს გაჩერების შესახებ. ჩვენც დავეთანხმეთ ოპოზიციას, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს. გამოძიებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ორი არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობა და ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ოფიციალური სახით, მიეღოთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია. ამ არასრულწლოვანებთან ერთად, ჩვენ გადავამოწმეთ იმყოფებოდნენ თუ არა ან კანონიერი წარმომადგენლები, ან ადვოკატი. არასრულწლოვანები იქ მარტო არ ყოფილან. რაიმე პროტესტს მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია,“ – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.