სერგი კაპანაძე: ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ნეგატიური შეფასებისგან კომისიის მუშაობის მიმართ

“სამწუხაროა, რომ კომისიის ზოგიერთი წევრი ცდილობს, მოახდინოს სამუშაო პროცესის პოლიტიზირება, იმიტომ, რომ არ მოსწონთ კონკრეტული კითხვები და შეიძლება, არ აკმაყოფილებდეთ პასუხები მოწვეული ადამიანების მხრიდან”, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძემ ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ ნეგატიური შეფასებისგან კომისიის მუშაობის მიმართ, ვინაიდან ეს ახდენს კომისიის მუშაობის დისკრედიტაციას.

„კომისიის ყველა წევრს ჰქონდა უფლება, დაესვა ყველა შეკითხვა და მოწვეულ პირებსაც ჰქონდათ საშუალება, გაეცათ პასუხები. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ნეგატიური შეფასებისგან კომისიის მუშაობის მიმართ, ეს ახდენს კომისიის მუშაობის დისკრედიტაციას. ყველას უნდა ესმოდეს, რომ უმჯობესია, კომისიის ფორმატში დაისვას კითხვები, ვიდრე კომისიის მუშაობა იყოს შეფერხებული და ეს კითხვები დაისვას სხვაგან“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

კომისიის თავმჯდომარემ შსს-ს წარმომადგენლების გამოკითხვაც შეაფასა.

„დაკითხვების დროს გამოიკვეთა, რომ გაჩნდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა პროკურატურის ვერსიას და შსს-ს ვერსიას შორის, ეს წინა სხდომაზე მოხდა. კონკრეტულად კი, ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, მ.კ.-ს ლოკაციასთან დაკავშირებით, თუ სად იმყოფებოდა ის ჩხუბის განმავლობაში. პროკურატურის ვერსიაა, რომ ის იმყოფებოდა ჩხუბის დროს ფარდულიდან 8-9 მეტრის მანძილზე და იქედან ხედავდა, როგორ აყენებდა ჭრილობებს დავით სარალიძეს, რაც არ დაადასტურა შსს-მ. სამინისტრომ გააკეთა განმარტება, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე და გამოძიებიდან, რომელიც მათ აწარმოეს, ეს ვერსია არ დასტურდება, ჩვენ, ალბათ, გვექნება კიდევ საშუალება, პროკურატურის წარმომადგენლებთანაც უფრო მაღალ დონეზეც განვიხილოთ, რამ გამოიწვია ეს აზრთა სხვადასხვაობა. ასევე, გავაგრძელებთ შსს-ს წარმომადგენლების გამოკითხვას, ალბათ, უფრო მაღალ დონეზეც, ამაზე კომისია ძალიან მალე გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ გამოქვეყნებული გვაქვს წინასწარ სია იმ ადამიანებისა, რომლებიც შეიძლება მოვიდნენ კომისიაზე და მათ შორის არის შს მინისტრიც“, – განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისათვის, სხდომაზე კომისიის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები დაკითხეს. ამჟამად კი 51-ე სკოლის დირექტორის და მისი მოადგილის დაკითხვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები