ეკა ბესელია კომისიის მუშაობაზე: კომისიის წევრების მხრიდან ვითხოვ პატივისცემას საკუთარი სტატუსისა და კომისიის წევრების მიმართ
“პირველი და აუცილებელი წესი, რომლის დაცვასაც ვითხოვ კომისიის წევრების მხრიდან, ეს არის, ერთი – პროცედურა და კანონი და მეორე – პატივისცემა საკუთარი სტატუსისა და კომისიის წევრების მიმართ”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კამათის გამო, საგამოძიებო კომისიის სხდომის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მან თითოეულ კომისიის წევრს ეთიკის სტანდარტის დაცვისკენ მოუწოდა.
“ის, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, გასცდა ყოველგვარ ფარგლებს, ყოველგვარ ზღვარს და გადადის უკვე პერსონალურ შეურაცხყოფაში. კატეგორიულად ვითხოვ, იმისთვის, რომ კომისიამ შეინარჩუნოს სახე და მართლაც ჰქონდეს რაიმე მანდატი იმისა, რომ მიუთითოს ვინმეს შესაძლო დარღვევის თაობაზე და დაადგინოს კანონდარღვევის ფაქტები, მან თავად უნდა სცეს პატივი მინიმალურ სტანდარტს. არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, რაც აქ ხდებოდა სხდომის შეწყვეტამდე. მე, როგორც ამ კომისიის წევრი, კიდევ ერთხელ მოგმართავთ და ძალიან პრინციპულად ვაყენებ საკითხს, თუკი ასე გაგრძელდება სხდომა და კიდევ ერთხელ ადგილი ექნება მსგავს ქცევას – განსაკუთრებით, ქალბატონ ხოშტარიასთან დაკავშირებით, რომელიც ვერ აკონტროლებს თავს და პერსონალურ შეურაცხყოფაზე გადადის, ამას ის აკეთებს მიკროფონის გარეშე, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, მიკროფონის გარეშე აკეთებს ადამიანი თუ მიკროფონში ასეთ რამეს, რაც ყოველგვარ ზღვარს სცილდება, საკუთარ თავს აყენებს, პირველ რიგში, შეურაცხყოფას – თუ ეს გაგრძელდება, მე უკვე გავაკეთებ სხვა ტიპის განცხადებას და საერთოდ, მიმაჩნია, რომ უკვე აზრი არ ექნება ამ ფორმატში, ამ კომისიის ფარგლებში მუშაობას. შესაბამისად, დავასაბუთებ მერე, რატომ და რა იქნება შემდეგი ჩემი გადაწყვეტილება.
ეს არის ჩემი ძალიან პრინციპული პოზიცია – შეინარჩუნოს ყველამ ელემენტარული ეთიკის სტანდარტი, იმისთვის, რომ აკმაყოფილებდეს იმ მანდატს, რისთვისაც ის აქ ზის. თუ არ იქნება შენარჩუნებული მუშაობის მინიმალური ფორმატი და წესი, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე აზრს ვეღარ ვხედავ იმ კომისიაში მუშაობისა, სადაც არც კანონს სცემენ პატივს, არც სტატუსს, არც საკუთარ თავს და არც კოლეგებს. რაღაცას უნდა დავამსგავსოთ ეს კომისია”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ზნის წინ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომა, პროცედურულ საკითხებზე დეპუტატებს შორის მომხდარი კამათის გამო, დროებით შეწყდა.