“დროებით საგამოძიებო კომისიას ოპერატიული ინფორმაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვს”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ “ევროპული საქართველოს” წევრებს პროცედურულ დარღვევებზე მიუთითა და განაცხადა, რომ კანონით, დროებით საგამოძიებო კომისიას ოპერატიული ინფორმაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვს.

“ჩვენ, კომისიამ, მაქსიმალურად ზედმიწევნით უნდა დავიცვათ კანონი, ეს არის პროცედურა. დაკითხვის პროცესში, ადგილი აქვს კანონის დარღვევის შესაძლო ფაქტს და ახლა თუ დავარღვევთ კანონს, მერე აზრი არ აქვს. ასეთი მოხდა უკვე რამდენიმე დღის წინ. პროცედურის დარღვევაა, ძალიან უხეში, თუ ჩვენ მოვითხოვთ ოპერატიული ინფორმაციის მიღებას, მაშინ როდესაც კანონში პირდაპირ წერია, რომ ასეთი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს კონკრეტულ პირებს და ჩამოთვლილია ეს პირები, პროკურატურა შეზღუდული უფლებით და არა სრულად, სასამართლო, ინსპექტორსაც შეზღუდული, მხოლოდ მის ფარგლებში. არც ნდობის ჯგუფის ფარგლებში არ არის დაშვება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით მოპოვებული ინფორმაციის გაცნობაზე, თუ ეს ეხება ბიუჯეტის საკითხებს და არის საიდუმლო ინფორმაცია. მეც ვარ იმ ნდობის ჯგუფის წევრი და ვიცი კანონი. ბატონი ირაკლი რასაც აკეთებს ახლა, ეს არის პირდაპირ მცდელობა კანონის დარღვევის.

მე ვადასტურებ, რომ დიახ, მაინტერესებს ინფორმაციები მივიღო. ასი კითხვა დაისვა, ერთი და იგივე, ასივეჯერ სიამოვნებით მოვისმენ ამ პასუხებს, მაგრამ არ ვიცი, რა აზრი აქვს ამ გამეორებას. არ შეიძლება, თუ ინფორმაციის მიღება გვინდა, ეს კანონის დარღვევის ხარჯზე გავაკეთოთ. ამიტომ მე მოგმართავთ თქვენ, როგორც თავმჯდომარეს, უზრუნველყოთ, რომ ამ კანონის მოთხოვნა იყოს დაცული. ეს არც დახურულ რეჟიმში შეიძლება, არც ღია რეჟიმში. პარლამენტის წევრმა ეს უნდა იცოდეს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ​.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები